ბრძანება N 34440
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 34440
19/11/2020
შპს ------------ ს
(მის.: ქ. -------)
2020 წლის 07 და 21 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 82) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 07 და 21 აგვისტოს № 52458/1/2020, № 169279/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის №007-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ საქმიანობს საქართველოს მთავრობასა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 იანვრის №206 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 27 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 28 ივლისის №21630 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2020 წლის 30 ივლისის №007-230 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 53 240 ლარით, მათ შორის: გადასახადი 29 713 ლარი, ჯარიმა 17 489 ლარი, საურავი 6 038 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ს საქართველოს ფილიალი, საქართველოს მთავრობასა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, წარმოადგენს -------ის პროექტებზე ------ ის კონტრაქტორს. ძირითადად ეწევა საშემდუღებლო, ასევე, საინჟინრო მომსახურებას საკუთარი ნედლეულით, დაქირავებული პირებითა და ძირითადი საშულებებით. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე პირი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის საწარმო იყენებდა შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილშიც.
ქონების გადასახადით დაბეგვრა არ უკავშირდება ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას, პროექტის მონაწილის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტები არ ითვალისწინებს. შესაბამისად, შპს ----- დაექვემდებარა ქონების გადასახადით (მათ შორის მიწაზე ქონების გადასახადით) დაბეგვრას. ხოლო, რაც შეეხება 2017 წლის მიწაზე ქონების გადასახადის დაკისრებას, შემოწმებით 2017 წლის მიწის გადასახადის დარიცხვა არ მომხდარა, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცმებით 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საწარმო არ ფლობდა არანაირი სახის მიწას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- , საქართველოს მთავრობასა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, წარმოადგენს ------ ის პროექტებზე ----- ის კონტრაქტორს. ძირითადად ეწევა საშემდუღებლო, ასევე საინჟინრო მომსახურებას საკუთარი ნედლეულით, დაქირავებული პირებითა და ძირითადი საშულებებით. ------ ის პროექტზე გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების ---- პროექტზე გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, არ შეიძლება რაიმე გადასახადის დაწესება ისეთ თანხებზე ან დაკავება ისეთი თანხებიდან, რომლებიც ნებისმიერ კონტრაქტორებზე უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით. კონტრაქტორებს არ ეკისრებათ არავითარი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ასეთი საქმიანობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება იგი პროექტის საქმიანობას. ასევე, არ შეიძლება რაიმე გადასახადის (ამონაგებზე, საშემოსავლო, ან მოგების გადასახადის ჩათვლით) დაწესება ან დაკავება (ა) პროექტის მონაწილისათვის, ან რომელიმე საოპერაციო კომპანიისათვის, ან კონტრაქტორისათვის მათ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ საქონელთან, შესრულებულ სამუშაოსთან, გაწეულ მომსახურებასთან, საოფისე ფართით უზრუნველყოფასთან, კონტრაქტით გათვალისწინებულ უფლებებთან, ინფორმაციის ან ტექნოლოგიების მიწოდებასთან (ბუნებრივი გაზის და მიწაზე უფლებების ჩათვლით), ან ამგვარზე ნებისმიერი უფლებებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ან ყველა ამგვართან დაკავშირებით იმ გადახდებთან მიმართებაში, რომლებიც განხორციელდა აღნიშნული პირებისათვის, ან მათ მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით
ქონების გადასახადით დაბეგვრა არ უკავშირდება ზემოთხსენებული ხელშეკრულებების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას. ამასთან, პროექტის მონაწილის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტები არ ითვალისწინებს. შესაბამისად, შპს ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ საქმიანობს საქართველოს მთავრობასა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს საქართველოს მთავრობასა და ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში, წარმოადგენს პროექტებზე კონტრაქტორს. ძირითადად ეწევა საშემდუღებლო, ასევე, საინჟინრო მომსახურებას საკუთარი ნედლეულით, დაქირავებული პირებითა და ძირითადი საშულებებით. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე პირი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის საწარმო იყენებდა შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილშიც.
ვინაიდან ქონების გადასახადით დაბეგვრა არ უკავშირდება ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას, პროექტის მონაწილის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტები არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საწარმო დაექვემდებარა ქონების გადასახადით (მათ შორის მიწაზე) დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა.ა“); 275(2).