ბრძანება N 12203
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12203
01.06.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 9 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №80878/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №CB1466178 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადამოწმების დროს არ გამოვლენილა ზედნადების გარეშე საქონლის მიწოდების ფაქტი, მხოლოდ ზედნადებში შეცდომით იყო ჩაწერილი/მითითებული ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, რაც არაარსებითი დარღვევა გახლავთ, რადგანაც ავტომობილები სახელმწიფო ნომრით ---------- და ---------- ორთავე მათი კომპანიის სარგებლობაშია (რაც დასტურდება რს-ზე ზედნადებების ნაწილში არსებული მონაცემებით). შესაბამისად საქონლის მიწოდებაც მყიდველებისათვის ხორციელდება ამ ორივე ავტომობილის მეშვეობით. 2023 წლის 3 მაისს კომპანიიდან მყიდველებისათვის საქონლის მისაწოდებლად უნდა გასულიყო ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ----------, რომელსაც შეექმნა მცირედი პრობლემა. კერძოდ, საჭიროებდა უმნიშვნელო რემონტს (საბურავი იყო დაშვებული), ამის გამო ამ ავტომობილის ნაცვლად საქონლის მისაწოდებლად გაშვებული იქნა კომპანიის მეორე ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ----------. ავტომობილის ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიეწოდა კომპანიის ბუღალტერს რის გამოც დაშვებული იქნა არაარსებითი ტექნიკური შეცდომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 3 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ----------, რა დროსაც დადგინდა, რომ შპს „----------“-ის (პ/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, შპს „----------“-ის (პ/ნ ----------) მიერ გამოწერილ №---------- ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში არასწორად იყო მითითებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. კერძოდ ზედნადებში ავტომობილის სახელმწიფო ნომრის - ---------- ნაცვლად, მითითებული იყო ----------. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1466178 და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ზ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადების მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, მომჩივანის მიერ გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში არასწორად იყო მითითებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7); 291.