გადაწყვეტილება №24905/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2025
№ დოკუმენტი 24905/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24905/2/2025

31 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 12.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24905/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26039 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №039-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2738 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 320 876.58 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 172 989

დღგ - 1 712

მოგების გადასახადი - 48 814

საშემოსავლო გადასახადი - 122 463

ჯარიმა - 86 687

საურავი - 61 200.58

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი, რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების მიხედვით და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 5.07.2024 წლის №15929 ბრძანება და №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.11.2024 წლის №23855/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და 17.10.2024 წელს დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის შესწავლა და შესაბამისად, შეფასება შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტები/მასალები წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანების გამოცემის შემდეგ.

შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26039 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 108 ლარით, მათ შორის, გადასახადი 42 076 ლარით, ჯარიმა 21 032 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.12.2024 წლის №26792 ბრძანება და №039-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2738 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები (მათ შორის, ურთიერთშედარების აქტი ფიზიკური პირის მიერ ფულის მიღების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2738 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით, ამავე მუხლის 93-ე ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, ამავე მუხლის 43-ე ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 401 მუხლის მე-6 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომლის თანახმად მომჩივანს დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ფიზიკური პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი 59 600 ლარის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის ასახვა ბუღალტერიაში გამორჩენილია და არც შემოწმებისათვის ყოფილა მიწოდებული. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იყო, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა წარმოადგენდა კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილ თანხებს.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები (მათ შორის, ურთიერთშედარების აქტი ფიზიკური პირის მიერ ფულის მიღების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტს, რომ 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ეკუთვნის 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ აღნიშნული არგუმენტი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 დეკემბრის №26039 ბრძანებით არ იქნა გაზიარებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ყოველწლიური დეკლარაციებით დასაბეგრი მოგება წარდგენილი აქვს 2661437 ლარის ოდენობით, რაზედაც დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 399211 ლარს, გასანაწილებელი მოგება წარდგენილი დეკლარაციებით შეადგენს 2622226 ლარს. აღნიშნული მოგებიდან საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორზე გაცემული აქვს 699157 ლარის დივიდენდი. შპს „----ს“ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფინანსური შედეგებით ერიცხება წლების მიხედვით დაგროვილი 586373 ლარის გაუნაწილებელი მოგება და 47035 ლარის 2020 წლის დაუფარავი ზარალი. მათ შორის 2016 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 333199 ლარს, 2016 წელს მიღებული მოგება 137690 ლარს, 2017 წლის მოგება - 21226 ლარს, 2018 წლის მოგება - 42803 ლარს და 2019 წელს მიღებული მოგება 51415 ლარს. ამავე პერიოდისათვის საწარმოს ერიცხება 708610 ლარის აქტივი, მათ შორის: 16784 ლარის ფულადი სახსრები, ძირითადი საშუალებები 609510 ლარის (ისტორიული ღირებულებით), სასაქონლო მატერიალური მარაგები 99485 ლარის, არამატერიალური აქტივები 36043 ლარის და ავანსად გადახდილი მოგების გადასახადი 289421 ლარის. 1.01.2017 წლისათვის საწარმოს ბალანსზე აქტივების სახით ერიცხება 760085 ლარის აქტივი. მათ შორის: ფულადი სახსრები 191242 ლარის და ძირითადი საშუალებები 506820 ლარის (ისტორიული ღირებულებით). ავანსად გადახდილი მოგების გადასახადი 289421 ლარის. ამავე პერიოდისათვის პასივის მხარეს ერიცხება გაუნაწილებელი მოგება 760045 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, განმარტავს, რომ შპს „----ს“ 2017 წლამდე პერიოდში საქმიანობიდან გაცილებით მეტი მოგება აქვს მიღებული, ვიდრე 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში. შესაბამისად 2021 წლის 1 იანვრისთვის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ეკუთვნის 2016 წლის ჩათვლით პერიოდს, შესაბამისად აქტივების ძირითადი ნაწილი მოდის 2017 წლამდე პერიოდიდან. შესამოწმებელ პერიოდში შპს „----ს“ მიერ გაცემულია დამფუძნებელ პარტნიორზე დივიდენდი, თუმცა საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულება დეკლარაციის წარდგენის მიზნით არ არის განხორციელებული. თვლის, რომ აღნიშნული დივიდენდი მიეკუთვნება 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან მიღებულ განაცემს, თუმცა შემმოწმებლების მიერ გათვალისწინებული იყო მხოლოდ ნაწილი თანხა 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან და აღნიშნულ თანხაზე იყო მოგების გადასახადი ჩათვლა განხორციელებული.

შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლების საბუღალტრო წლიური ბრუნვითი უწყისები 2021 წლის 1 იანვრისათვის პერიოდზე გასანაწილებელი მოგების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის, თუმცა შემმოწმებლებმა აღნიშნული პერიოდის ანალიზისას არ გაითვალისწინეს რიგი სხვა ხარჯების ოდენობები. გაურკვეველია რა მიზეზით არ არის გათვალისწინებული. გარდა აღნიშნულისა 2016 წლის შემდგომ პერიოდებში საწარმოს მიერ რიგი აქტივების შეძენა მოხდა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგებიდან. აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ძირითადი საშუალებებს წლების განმავლობაში ერიცხებოდა ამორტიზაცია და შესაბამისად ყოველწლიურად დარიცხული ცვეთა გამოიქვითებოდა შესაბამისი წლების მიხედვით მოგებიდან. ხოლო დაგროვილი ცვეთა აღირიცხებოდა ბალანსის შესაბამის მუხლში. ძირითადი საშუალებების გასვლის (რეალიზაცია, ჩამოწერა) შემთხვევაში დარიცხული ცვეთა ბუღალტრულად აღიარდება, როგორც არასაოპერაციო შემოსავალი, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას ღებულობს კომპანიის მოგების ფორმირებაში. აქედან გამომდინარე 2017 წლიდან შესამოწმებელ პერიოდის დასრულებამდე საწარმოს მიერ რეალიზებული იქნა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი რიგი აქტივების გასვლა (რეალიზაცია), რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესაბამისი პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი მოგების ფორმირებაში. გარდა ზემო აღნიშნულისა საგადასახადო შემოწმების შემდგომ გამოვლინდა ახალი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის დირექტორის -----ის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების დასრულების შემდგომ ბუღალტერიაში წარმოდგენილი იქნა გამორჩენილი დოკუმენტები საერთო თანხით 59600 ლარის (იხილეთ დანართი ფიზიკური პირთან. --------ი (პ.ნ.-------) გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და სალაროს გასავლის ორდერი), რომლებიც შემმოწმებლებზე მიწოდ ებულ საბუღალტრო დოკუმენტაციაში და საბუღალტრო ბაზებში არ იყო ასახული, რომლის ბუღალტერიაში ასახვაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა საგადასახდო მიზნებისათვის დასარიცხ დასაბეგრ ბაზას. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იქნა მის მიერ როგოც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა ახალი გარემოებების აღმოჩენის გამო 59600 ლარი შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი უნდა იყოს საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილი თანხები. აქედან გამომდინარე, ითხოვს მისი მოსაზრების გათვალისწინებას და 59600 ლარზე გაცემული დივიდენდი ჩაითვალოს, როგორც მომწოდებლების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ანაზღაურება. მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები მიეკუთვნება 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან მიღებულ განაცემს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №26039 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 108 ლარით, მათ შორის, გადასახადი 42 076 ლარით, ჯარიმა 21 032 ლარით. აღნიშნული გადაანგარიშების შედგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2738 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები (მათ შორის, ურთიერთშედარების აქტი ფიზიკური პირის მიერ ფულის მიღების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ეკუთვნის 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებულ წმინდა მოგებას, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ აღნიშნული არგუმენტი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 დეკემბრის №26039 ბრძანებით არ იქნა გაზიარებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2738 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №26039 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა №15929 ბრძანება და №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №18824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №18824 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №23855/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და 17.10.2024 წელს დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის შესწავლა და შესაბამისად, შეფასება შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტები/მასალები წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანების გამოცემის შემდეგ.

შემოსავლების სამსახურის №26039 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა . აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №26792 ბრძანება და №039-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №2738 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის №2738 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ა“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“);