გადაწყვეტილება №21009/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21009/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21009/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №081-41 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22979 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 167 766,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 50 215,95
დღგ - 9 738,95
იმპორტის გადასახადი - 40 477
ჯარიმა - 100 431,9
საურავი - 17 118,67
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხილ ბოსტნეულით ვაჭრობა.
საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №ა194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით განხორციელებულია საქონლის საბაჟო ღირებულების და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება შემდეგ დეკლარაციებზე: №------- (10.04.2021 წ), №----- (17.05.2021 წ), №------ (19.05.2021 წ), №------ (21.05.2021 წ), №------ (24.05.2021 წ) და №------ (4.06.2021 წ).
მომჩივანმა აღნიშნული დეკლარაციებით განახორციელა სხვადასხვა დასახელების საქონლის (ხილბოსტნეული) იმპორტი ------ს რესპუბლიკიდან, რომელთა გაფორმების დროსაც გამოიყენა საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.
ზემოხსენებული საბაჟო დეკლარაციებით საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (-------).
26.11.2021 წელს -------ს საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებული წერილით (შემ. №244575/21) გამოგზავნილი დოკუმენტების საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანს №------ (10.04.2021 წ), №------ (17.05.2021 წ), №------- (19.05.2021 წ), №------- (21.05.2021 წ), №------ (24.05.2021 წ) და №----- (6.04.2021 წ) საბაჟო დეკლარაციებში ღირებულება ჰქონდა შემცირებული, ასევე, 1.04.2022 წელს ამავე ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებულ წერილში (შემ. №57500/21) აფიქსირებენ, რომ საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაითვალა უარყოფითად (გადმოგზავნილი სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული), ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი „YGM“ ანგარიშგებები, რომლებიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად.
აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, როგორც საბაჟო ღირებულების შემცირებამ, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.
საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი - 50 215,95 ლარი, მათ შორის დღგ - 9 738,95 ლარი, იმპორტის გადასახადი - 40 477 ლარი, საურავი - 13 201,83 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 100 431,9 ლარი.
საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №081-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტში 28.02.2023 წელს წარდგენილია კომპანიის №35983/21-11 განცხადება, რომელსაც თან ერთვის ------ს საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები (№EU0316311, №EU0316318, №EU0319086, №EU0316425, №EU0311727, №EU0316422, №EU0319087, №EU0319088, №EU0313976, №EU0313973, №EU0313977, №EU0313994, №EU0313993, №EU0313972, №EU0316401, №EU0313975, №EU0316420, №EU0313974, №EU0319090, №EU0319085). ------ს საბაჟო სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ ეს დოკუმენტი არის მაკონტროლებელი ორგანოს (-------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს) შეტყობინება ------ს გადამხდელთან (ექსპორტიორ კომპანიასთან - -------), სადაც გადამხდელს განმარტებული აქვს იმ კანონმდებლობის შესაბამისი აქტები და მუხლები, რომლითაც იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობისა და წესების შესაბამისობის კონტროლი ავტორიზებული საბაჟო სამსახურის კონსულტანტის მიერ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს 23.02.2022 წლამდე. -------ს გადამხდელს ასევე ეცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმების მომთხოვნ ქვეყანას გაეცემოდა უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებს, ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხდება არგუმენტირება ნახსენები წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნა მიღებული მტკიცებულებად 25.10.2022 წლის №ა194-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, 26.10.2022 წლის №27058 ბრძანებაში და 26.10.2022 წლის №081-193 საგადასახადო მოთხოვნაში ცვლილების შესატანად.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულია 31.03.2023 წლის №6791 ბრძანება და დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №081-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22979 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 14.02.2023 წელს. შესაბამისად, დოკუმენტების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა (10 კალენდარული დღე) ამოიწურა 24.02.2023 წელს. მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტში 28.02.2023 წელს იქნა წარდგენილი განცხადება. განცხადებას ერთვის -------ს საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები.
------ს საბაჟო სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ ეს დოკუმენტი არის მაკონტროლებელი ორგანოს (-------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს) შეტყობინება ------ს გადამხდელთან, სადაც გადამხდელს განმარტებული აქვს იმ კანონმდებლობის შესაბამისი აქტები და მუხლები, რომლითაც იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობისა და წესების შესაბამისობის კონტროლი ავტორიზებული საბაჟო სამსახურის კონსულტანტის მიერ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს 23.02.2022 წლამდე. ------ს გადამხდელს ასევე ეცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმების მომთხოვნ ქვეყანას გაეცემოდა უარყოფითი პასუხი.
რაც შეეხება აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებს, ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი). ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობა. ამასთან, ღირებულებით ნაწილში მომჩივანს არ წარუდგენია მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ მოხდა დაკისრებული სანქციის შემცირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 28.03.2023 წლის №დ1-21-10 დასკვნაში, დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ 31.03.2023 წლის საბაჟო დეპარტამენტის №6791 ბრძანებაში და №081-41 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაარსების დღიდან ახორციელებდა პროდუქციის (ხილ-ბოსტნეულის) იმპორტს და კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებდა ყველა საბაჟო პროცედურას. საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციების შემოწმება, 2021 წლის აპრილის თვიდან 2021 ივნისის თვის ჩათვლით, დეკლარაციები: №------- (10/04/2021წ.): №----- (17/0512021წ ): №------ (19/05/2021 წ): №------ (21/05/2021წ): №------ (24/05/2021წ): №----- (24/05/2021 წ). შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა ზემოთ ხსენებული საბაჟო დეკლარაციებით საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერთიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე, ექსპორტიორ ქვეყანაში (-------ში). როგორც, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოგზავნილ შემოწმების აქტში ვკითხულობთ, 26.11.2021 წელს -----ს საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსგან მიღებული წერილით და მათ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტებით ირკვევა, ზემოთ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერთიფიკატების გადამოწმების შედეგად მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე ჩაითვალა უარყოფითად, ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი YGM ანგარიშგებები, რომელიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი საბაჟო დეკლარაციებით შემცირებული იმპორტის გადასახადები ჩაითვალა არასწორად და მოხდა კომპანიის არამართლზომიერი დაჯარიმება. კომპანია 2010 წლიდან კეთილსინდისიერად საქმიანობდა ქართულ ბაზარზე, 2022 წლის იანვრამდე, ამ ეტაპზე კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს.
ზემოაღნიშნული გარემოება გასაჩივრებული იქნა და შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მომჩივანს მიეცა წინადადება წარედგინა სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებები. ხოლო, საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალა ექსპორტიორ ქვეყანაში მონაცემების დამატებით გადამოწმება და ამის შემდეგ საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულების მიზნით, კომპანიის მიერ 28.02.2023 წელს საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილია ექსპორტიორი ქვეყნიდან სათანადოდ დამოწმებული EUR1-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები (20 დოკუმენტი), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს უნდა გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში მათი სისწორე, რაც 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით არ განხორციელებულა და შესაბამისად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანება.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა რამდენიმე გარემოება, კერძოდ: გადაანგარიშების დასკვნა გამოცემულია დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვეში, რაც არ არის საკმარისი ექსპორტიორ ქვეყანაში დოკუმენტაციის გადამოწმებისთვის. წარდგენილი დოკუმენტაციის არგათვალისწინების მიზეზად დასკვნაში მითითებულია აპოსტილით დამოწმებულ EUR1-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების ასლებში მე-14 გრაფაში შესაბამისი მონიშვნის არარსებობა. ამასთან, დასკვნაში მითითებული ------ს საბაჟო სამსახურის წერილით, საკონტროლო მოთხოვნის ავტორ სახელმწიფოს თხოვნით -------ს რესპუბლიკის ოფიციალური ორგანოს მხრიდან ექსპორტიორ კომპანიას (-------) 2021 წელს მიემართა ზემოხსენებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობისა და წესებთან შესაბამისობის შემდგომი კონტროლი და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დადგენილ ვადაში, რაც ექსპორტიორი კომპანიისგან არ განხორციელებულა. შესაბამისად, დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდგომ მოქმედი კანონმდებლობით (მ.შ. ევროკავშირისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის 2014/1 „საექსპორტო დოკუმენტაციის შემდგომი კონტროლი“ დებულების თანახმად) 1.04.2022 წელს -------ს საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს წერილით, სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები ჩაითვალა უარყოფითად. ამავე კანონმდებლობით უარყოფით პასუხის გაცემის შემთხვევაში წყდება საქმისწარმოება და აღნიშნული ეტაპის შემდეგ გაცემული დასკვნები და გაკეთებული საჩივრები არ განიხილება. სწორედ ზემოაღნიშნული კანონმდებლობის ნორმიდან გამომდინარე წარდგენილ აპოსტილით დამოწმებულ EUR1-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატებში არა იქნა -----ს ოფიციალური ორგანოს მიერ გაკეთებული აღნიშვნები მე-14 გრაფაში.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი გადამოწმების შედეგად, ------ს რესპუბლიკის ოფიციალურ ორგანოს შესაძლებლობა ექნებოდა საქმისწარმოების ხელახალი დაწყება და შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის და სისწორის დადასტურება, რის შედეგადაც შემცირებული იქნებოდა დამატებით დარიცხული თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოებაში უნდა იქნას მიღებული საჩივარი და არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახალი გადამოწმება ექსპორტიორ ქვეყანაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციაში მითითებულია ასეთი შეღავათებით სარგებლობის შესახებ. ამისათვის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. ამასთან, მოწმდება წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა:
ა) საბაჟო ან/და საგადასახადო კანონმდებლობის ან/და საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების ან/და საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებთან;
ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების მოთხოვნებთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შეღავათის გასავრცელებლად წარდგენილია საქართველოს მიერ რატიფიცირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე გაცემული/შედგენილი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საეჭვოა მისი ნამდვილობა, შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში გადამოწმება, რის თაობაზე უნდა ეცნობოს დეკლარანტს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბაჟო დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტში 28.02.2023 წელს წარდგენილია კომპანიის №35983/21-11 განცხადება, რომელსაც თან ერთვის ------ს საბაჟო სამსახურის წერილი და აპოსტილით დამოწმებული წარმოშობის სერტიფიკატები. ------ს საბაჟო სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ ეს დოკუმენტი არის მაკონტროლებელი ორგანოს (------ს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს) შეტყობინება ------ს გადამხდელთან (ექსპორტიორ კომპანიასთან - -------), სადაც გადამხდელს განმარტებული აქვს იმ კანონმდებლობის შესაბამისი აქტები და მუხლები, რომლითაც იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობისა და წესების შესაბამისობის კონტროლი ავტორიზებული საბაჟო სამსახურის კონსულტანტის მიერ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოს 23.02.2022 წლამდე. -----ს გადამხდელს ასევე ეცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმების მომთხოვნ ქვეყანას გაეცემოდა უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება აპოსტილით დამოწმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ასლებს, ამ დოკუმენტების მე-14 გრაფაში არ არის გაკეთებული აღნიშვნები (არც დადებითი, არც უარყოფითი). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხდება არგუმენტირება ნახსენები წარმოშობის სერტიფიკატებით გაცხადებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნა მიღებული მტკიცებულებად.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 28.02.2023 წელს საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა ექსპორტიორი ქვეყნიდან სათანადოდ დამოწმებული EUR1-საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები (20 დოკუმენტი), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს უნდა გადაემოწმებინა ექსპორტიორ ქვეყანაში მათი სისწორე, რაც 28.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით არ განხორციელებულა და შესაბამისად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანება.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22979 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 3.02.2023 წლის №1893 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა განახორციელა სხვადასხვა დასახელების საქონლის (ხილბოსტნეული) იმპორტი, რომელთა გაფორმების დროსაც გამოიყენა საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. საბაჟო დეკლარაციებით საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები და საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში. 26.11.2021 წელს საპასუხოდ მიღებული წერილით (შემ. №244575/21) გამოგზავნილი დოკუმენტების საქართველოში საქონლის გაფორმებისას წარდგენილ დოკუმენტებთან შედარების შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებში ღირებულება ჰქონდა შემცირებული, ასევე, 1.04.2022 წელს ამავე ქვეყნის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროსაგან მიღებულ წერილში (შემ. №57500/21) აფიქსირებენ, რომ საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების გადამოწმების შედეგები მათი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩაითვალა უარყოფითად (გადმოგზავნილი სერტიფიკატების უკანა გვერდებზე, მე-14 გრაფები უარყოფითად არის შევსებული), ვინაიდან ექსპორტიორის მიერ არ არის წარდგენილი „YGM“ ანგარიშგებები, რომლებიც აუცილებელია პროცესის შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, როგორც საბაჟო ღირებულების შემცირებამ, ასევე, საქონლის წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატების არასწორად გამოყენებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი - 50 215,95 ლარი, მათ შორის დღგ - 9 738,95 ლარი, იმპორტის გადასახადი - 40 477 ლარი, საურავი - 13 201,83 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა - 100 431,9 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13(2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.