გადაწყვეტილება №26210/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26210/2/2025
24 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 24.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26210/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №021-64 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24364 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 737 150,32 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 343 750
ჯარიმა - 171 875
საურავი - 221 525,32
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში, შესწავლილია კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები, სხვა ტიპის ფულადი შემოსავლები, ასევე გაწეული ხარჯი (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე გადახდილი თანხები, სახელფასო განაცემები, ძირითად საშუალებებზე გადახდილი თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და სხვა ტიპის ფულადი ხარჯები, საბანკო ამონაწერების მიხედვით). კომპანია საქმიანობას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებებით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის (ორისი) შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში სალაროში (1110 ანგარიშზე) უგროვდება ნაღდი ფული, რომელიც შემდგომში ბუღალტრული გატარებების მიხედვით, გადააქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე სულ ჯამში 848 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
2020 - 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ ხორციელდება, 1.01.2020 წლის მდგომარეობით, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი კრედიტორული დავალიანებების დაფარვა ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიას შეძენილი (მიღებული) აქვს სატრანსპორტო საშუალებები 2020 წლამდე საანგარიშო პერიოდში და დავალიანების დაფარვა ხორციელდება 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებას და არ არის გადაფორმებული კომპანიაზე. შემოწმების შედეგად, კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები ჩაითვლა სახელფასო განაცემად.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №021-106 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირებულა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №021-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24364 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში შემმოწმებლებისათვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა გარკვეული თანხების (ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროს ანგარიშიდან) გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. ეს ოპერაციები და მათი კვალიფიკაცია ნათლად ჩანდა როგორც საბუღალტრო ჩანაწერებით, ასევე აღნიშნულის შესახებ დეტალურად განემარტა შემმოწმებელს სატელეფონო კომუნიკაციითაც, რომ ეს თანხები წარმოადგენდა მოგების განაწილებას და პირველ რიგში ვანაწილებდით 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, რაზედაც გვეკუთვნის შესაბამისი პერიოდის გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.
შემოწმების აქტით კი აღნიშნული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაირიცხა სანქციაც, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მომჩივანი. შემოწმების აქტში (ისევე როგორც 25.06.2025 წლის დასკვნაში) შემმოწმებლების მიერ ელემენტარული განმარტება და არგუმენტაციაც კი არ არის მოყვანილი, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ან რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით ხდება ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, რატომ არ ქონდა კომპანიას მოგების განაწილების უფლება.
წარდგენილი საჩივრის განხილვისას გაირკვა, შემმოწმებელთა მიერ ამ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად განიხილებოდა კომპანიის ბალანსზე ძირითად საშუალებებად აღრიცხული ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც შეძენილი იყო კომპანიის მიერ 2016 წელს და არ იყო რეგისტრირებული კომპანიის სახელზე მომსახურების სააგენტოში, თუმცა, ამ ტექნიკის შეძენა და კომპანიის მიერ მისი გამოყენება დასტურდება როგორც შემოწმების, ასევე გადაანგარიშების ეტაპებზე წარდგენილი მრავალი დოკუმენტითა და არგუმენტით (მ.შ. კომპანიის მიერ წარდგენილი 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციით, სადაც ამ ტექნიკაზე სრული გამოქვითვა გვაქვს გამოყენებული იმ პერიოდში).
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ შემოწმების აქტთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას გამოთქმული სიტყვიერი მოსაზრებებისა და მითითებების, ასევე საბჭოს მიერ 30.04.2024 წლის №9988 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უკვე ჩამოყალიბებული იყო პოზიცია, რომ დადგენილიყო, თუ რამდენად შეესაბამებოდა ამ ტექნიკის საბალანსო ღირებულება საბაზრო ფასებს და იმის მიხედვით მომხდარიყო ამ საკითხის გადაანგარიშება. სწორედ ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებით ორჯერ იქნა მიმართული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ამ ტექნიკის შეძენის პერიოდში საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მოთხოვნით, მაგრამ მათგან მიღებული იქნა პასუხი, რომ ძველი მდგომარეობით საბაზრო ფასების განსაზღვრას ვერ აკეთებენ. სწორედ ამის გამო აუდიტის დეპარტამენტისათვის შეთავაზებული იქნა, რომ მათ მიერვე მომხდარიყო შერჩევა დამოუკიდებელი და კომპეტენტური საშემფასებლო/აუდიტორული კომპანიისა, ან და რაიმე კრიტერიუმები მოეცათ, რომლის საფუძველზე მომჩივანი განახორციელებდა შემფასებლის შერჩევას.
ამ ეტაპზე მოდა შემოსავლების სამსახურის 30.04.202 წლის №9988 ბრძანების აღსრულება ამ ნაწილში და სრულიად მოულოდნელად ჩაბარდა დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელად, რასაც მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება.
შპს ------- დამფუძნებელ ------- და მოქმედ დირექტორ ------- (დამფუძნებლის შვილი) პირად საკუთრებაში რეგისტრირებული ქონდათ რამდენიმე დასახელების სპეციალური და მძიმე ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკა მათ მიერ თავის დროზე შეძენილი იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ შპს ------- საქმიანობის ფარგლებში.
დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 23.12.2019 წლის მდგომარეობით მოხდა აღნიშნული ტექნიკის გადაცემა კომპანიისათვის (ერთი ერთეული ტექნიკა ------- მიერ შეძენილი იყო 23.01.2021წ. და 30.01.2021წ. მდგომარეობით ისიც გადაეცა კომპანიას).
შემოწმებისათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო აღნიშნული ტექნიკა ძირითად საშუალებებად, ასევე მათი ღირებულების ვალდებულება ------- და ------- მიმართ. ბუღალტრულად ასევე ასახულია, რომ აღნიშნული დავალიანების დაფარვა მოხდა კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით 2020 – 2021 წლებში, კომპანიაში შესაბამისი ფულადი საშუალებების არსებობის პერიოდებში.
მართალია, აღნიშნული ტექნიკა რეგისტრირებულია დამფუძნებლისა და მისი ოჯახის წევრი ფიზიკური პირების სახელზე და ვინაიდან საქმიანობის პროცესში რაიმე პრობლემას და შეფერხებას არ იწვევდა, არ მომხდარა მათი რეგისტრაცია კომპანიაზე. თუმცა, ეს ტექნიკები ეკუთვნის კომპანიას, ირიცხება მის ბალანსზე, მუდმივად დისლოცირებულია კომპანიის კუთვნილ საწარმოო ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის. შესაბამისად, მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის არ არსებობა ვერ ჩაითვლება კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად. როგორც შემოწმების მიმდინარეობის, ასევე გადაანგარიშების პროცესში არაერთხელ იქნა გამოთქმული მზადყოფნა, ამ ტექნიკური საკითხის მოგვარებისა და კომპანიის სახელზე მათი რეგისტრაციისა, მაგრამ შემმოწმებელთან კომუნიკაციით ნათელი იყო, რომ მათ მიერ არ ხდებოდა არსებული პოზიციის შეცვლა. გამომდინარე აქედან, არ მომხდარა რეგისტრაცია დავის პროცესში ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
შპს ------- საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება. ყველა ეს სადავო ტექნიკა წარმოადგენს აღნიშნული სახის სამუშაოებისათვის საჭირო მანქანებს და სხვა პირადი მიზნებისათვის მათი გამოყენება შეუძლებელია, კომპანიის არც დამფუძნებელი და არც დირექტორი (ვის სახელზედაც არის დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული ტექნიკა) არ აწარმოებენ კომპანიის გარდა სხვა საქმიანობას, რისთვისაც შეიძლება იყენებდნენ ამ ტექნიკას, კომპანიის საქმიანობის მიზნით ამ ტექნიკის გამოყენება დასტურდება თუნდაც საქმიანობის პროცესში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. ამასთან, დაბეგვრის მიზნებისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის შინაარსს და არა ფორმას და საკუთრების აღიარებაც ხდება არა მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციისას, არამედ შესაბამისი გარემოებების დადგომისას.
25.06.2025 წლის დასკვნაში კი შემმოწმებლები მიუთითებენ, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სამხარაულის დასკვნა, რომლითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულებაო, რის გამოც აქტით დარიცხული თანხების შემცირება არ განხორციელდაო.
აღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობისა და საქმიანობის პროცესში მათი გამოყენების დასტურად წარდგენილი იქნა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მრავალრიცხოვანი რეესტრი, რომლითაც დასტურდება რომ ამ ტექნიკიდან სატვირთო ავტომობილებით მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდება საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის საჭიროებებით, დანარჩენ სპეც ტექნიკებზე (ბულდოზერი, ექსკავატორი, ამწე და ა.შ.) წარდგენილი იქნა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ოფიციალური ფორმა №2-ები და სხვა დოკუმენტაცია, სადაც ფიქსირდება, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული ტექნიკის საჭიროების დამადასტურებელი სამუშაოები ნამდვილად შესრულებულია. ამასთან, არასოდეს, აღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობის პერიოდში კომპანიის მიერ ანალოგიური სახის მომსახურება არ არის მიღებული არავითარი ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან. ამასთან, კომპანიის აღრიცხვისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მონაცემებით დასტურდება ამ ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავისა თუ მათი მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯებიც.
ამ საკითხზეც სამხარაულის ბიუროს მიერ ტექნიკის შეძენის პერიოდისათვის საბაზრო ღირებულების დადგენაზე უარი გვითხრა და მხოლოდ დასკვნის შეძენის თარიღისათვის განგვისაზღვრა ღირებულება (რითაც რა თქმა უნდა ნაკლები ღირებულება დაფიქსირდა, ვიდრე შეძენის დროს იქნებოდა), მაგრამ ამ საკითხს ჩვენც შეგუებული ვიყავით და ვიცოდით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდებოდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება ამ ნაწილში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 27.05.2024 წლის დასკვნაში (იხ. დანართი №7) დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე და მხოლოდ ამ საჩივრის პირველ ნაწილში მოყვანილი საკითხის გადაწყვეტას ველოდით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. შედეგად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები არსებობდა, რომლის საფუძველზეც დავის წარმოების ეტაპზე მოხდა სპეც ტექნიკების გადაფორმება კომპანიის სახელზე. აღნიშნული კი არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია ახალი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ არის, მიიჩნევს, რომ საჩივარი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24364 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №9988 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. შედეგად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები არსებობდა, რომლის საფუძველზეც დავის წარმოების ეტაპზე მოხდა სპეც ტექნიკების გადაფორმება კომპანიის სახელზე. აღნიშნული კი არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია ახალი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ არის, მიიჩნევს, რომ საჩივარი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)