გადაწყვეტილება №26973/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2026
№ დოკუმენტი 26973/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26973/2/2026

07 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“- ის 23.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26973/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25580/2/2025 (რეგ. - -; №-) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 66 320.66 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 32 409.48

ჯარიმა - 16 103.40

საურავი - 17 807.78

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5236 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 14 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და წარდგენილი ინფორმაციით. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ანალიზი, შესწავლილ იქნა საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე და დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული აქვს არასრულყოფილად. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №9906 ბრძანება და №005-54 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 62 057.98 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 15 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 ივლისის №15965 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 4.08.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 4.09.2025 წლის №25580/2/2025 (რეგ.-- --; №--) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25580/2/2025 (რეგ. ---; №--7) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის დასკვნა, 11.02.2026 წლის №2989 ბრძანება და 12.02.2026 წლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბჭომ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი და დაავალა შემოსავლების სამსახურს სწორად გადაეანგარიშებინა დავალიანება, რაც არ იქნა შესრულებული და გადასახადის გადამხდელს არ გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, უხეშად დაარღვია კანონი და დააზარალა გადასახადის გადამხდელი, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიზანია კანონის ფარგლებში მოახდინოს სწორად შესაძლო დარიცხული დავალიანების გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ითხოვს დავის განხილვა მოხდეს მომჩივნის მონაწილეობით, რათა წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები და პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 4.09.2025 წლის №25580/2/2025 (რეგ. --; №--) გადაწყვეტილებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, არ განხორციელდა გადაანგარიშება.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარს არ ერთვის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აგრეთვე, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №25580/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5236 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და წარდგენილი ინფორმაციით. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ანალიზი, შესწავლილ იქნა საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე და დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული აქვს არასრულყოფილად. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9906 ბრძანება და №005-54 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 62 057.98 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №15965 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №25580/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ:გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.ხოლო ა აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დავების განხილვის საბჭოს №25580/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №2989 ბრძანება და №005-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1)