გადაწყვეტილება №22076/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22076/2/2024
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ ------------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ ------------ის 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22076/2/2024).
დავის საგანი:
უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32977 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 843 219 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 497 103.5
დღგ - 305 100
მიწა - არასასოფლო - (-144)
საშემოსავლო გადასახადი - 187 384.5
ქონების გადასახადი - 4 763
ჯარიმა - 233 297
საურავი - 112 818.5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12314 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გასხვისებული აქვს უძრავი ქონება შენობა-ნაგებობებით (ს/კ ------). ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 400 ლარი, მაგრამ უძრავი ქონება მიწოდებულია იპოთეკის ვალდებულებასთან ერთად. უძრავი ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, დასაბეგრ ღირებულებად (დღგ-ის ჩათვლით) აღებულია შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასი 26 086.50 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №25401 ბრძანება და 13.10.2023 წლის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.12.2023 წლის №32977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება შემდეგი:
შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების შეფასებისას. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ გადამხდელს გასხვისებული ჰქონდა ორი უძრავი ქონება (ს/კ ------ და ს/კ -------). ნასყიდობის ხელშეკრულებებში ნასყიდობის ღირებულებებად მითითებული იყო 400 და 300 ლარი, მაგრამ მიწოდება განხორციელდა იპოთეკის ვალდებულებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში/დასაბეგრ ღირებულებად აღებულია შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ სხვა თემებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: არადეკლარირებული შემოსავლები/ბრუნვები გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბანკო ანგარიშის ამონაწერების, აგრეთვე, შემოწმების მიერ სახელმწიფო ტენდერების ელექტრონული ბაზებიდან მოძიებული ამავე პირის მონაწილეობით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ არ მომხდარა ბუღალტრული ჩანაწერების და სხვა პირველადი დოკუმენტების ნახვა შესაბამისად, დავის პროცესში წარმოადგენს საბუღალტრო ჩანაწერებს და სხვა პირველად დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად დაკორექტირდება დარიცხული თანხა.
არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. შემმოწმებლების მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები. მიაჩნია, რომ წარდგენილი მონაცემებით მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, შესაძლებელია კონტროლის გავრცელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასასრულზე. ამასთან, შემმოწმებლების მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე მითითებით, აცხადებს, რომ შემმოწმებლების მიერ დასახელებული და წარდგენილი არ არის შესადარი კომპანია, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია (ოქმი ან სხვა დოკუმენტი), რომელიც დაადგენდა რეალურ სურათს. განმარტავს, რომ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდები არ არის შესადარისი კონკრეტულ კომპანიასთან და შესაბამისად გამოყენებული მეთოდები არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ.“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 11.03.2024 წლის №22433-21-14 წერილით წარმოდგენილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც: შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების შეფასებისას. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ გადამხდელს გასხვისებული ჰქონდა ორი უძრავი ქონება (ს/კ ----- და ს/კ -------). ნასყიდობის ხელშეკრულებებში ნასყიდობის ღირებულებებად მითითებული იყო 400 და 300 ლარი, მაგრამ მიწოდება განხორციელდა იპოთეკის ვალდებულებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში/დასაბეგრ ღირებულებად აღებულ იქნა შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ ძირითად თემებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: არადეკლარირებული შემოსავლები/ბრუნვები გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბანკო ანგარიშის ამონაწერების, აგრეთვე, სახელმწიფო ტენდერების ელექტრონული ბაზებიდან მოძიებული ამავე პირის მონაწილეობით გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე. ასევე, აღსანიშნია რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა. მან არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც მის მიმართ ორჯერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საჩივარში მითითებულ საბუღალტრო ჩანაწერებს და სხვა პირველად დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც მისი განმარტებით მნიშვნელოვნად დაკორექტირდებოდა დარიცხული თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უძრავი ქონების მიწოდების ღირებულების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის №12314 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გასხვისებული აქვს უძრავი ქონება შენობა-ნაგებობებით . ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მითითებულია 400 ლარი, მაგრამ უძრავი ქონება მიწოდებულია იპოთეკის ვალდებულებასთან ერთად. უძრავი ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, დასაბეგრ ღირებულებად (დღგ-ის ჩათვლით) აღებულია შემდგომში აღნიშნული ქონების აუქციონზე გაყიდვისას დაფიქსირებული ფასი 26 086.50 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №25401 ბრძანება და №023-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს საჩივარში მითითებულ საბუღალტრო ჩანაწერებს და სხვა პირველად დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც მისი განმარტებით მნიშვნელოვნად დაკორექტირდებოდა დარიცხული თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1, 2 ,6 „ბ“); 164(1);
(2021 წლამდე მოქმედი); 160(1. „ა“); 161(1 „ა.ა“ და „ა.ბ.დ.“ .8);