გადაწყვეტილება №20382/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.12.2023
№ დოკუმენტი 20382/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20382/2/2023

05 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20382/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №007-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15828 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 985 547ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 825 677

დღგ - 367 703

მოგების გადასახადი - 180 648

საშემოსავლო გადასახადი - 277 326

ჯარიმა - 595 097

საურავი - 564 773

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, საცხოვრებელი შენობანაგებობების მშენებლობა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული მიწოდება, რომლის ღირებულებებიც განსხვავდება საბაზრო ფასისაგან. საგადასახადო კოდექსის მე-19 და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- შემოწმებით გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და მისაღები-მიღებული საკომპენსაციო თანხები. მიღებულ ბრუნვასა და დეკლარირებულ და აღრიცხულ ბრუნვას შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული თანხა დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39661 ბრძანება და 22 დეკემბრის №007-512 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №007-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15828 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სადავო საკითხის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა, თუმცა ვინაიდან ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე, ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების აქტით ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა, თუმცა ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ მიუწოდებია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, მ.შ. აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ ინფორმაციაც, შემოწმების მიერ ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული აქტები არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი. შემოწმების აქტში მოყვანილი მსჯელობები ერთის მხრივ სუსტია და მეორეს მხრივ დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი გაუქმება/გადასინჯვა შემდეგი გარემოებების გამო:

საკითხი 5. აუდიტორი ამბობს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელდა მიწოდება, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ იგულისხმა ურთიერთდამოკიდებულ პირებში. კომპანიას აქვს ბინების რეალიზაცია განხორციელებული მის ბუღალტერზე და დირექტორის მეუღლეზე. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით ბუღალტერი არ განეკუთვნება ურთიერთდამოკიდებულ პირს და ამდენად, თუ ამ თანამშრომელზე გაყიდული ბინებიცაა გათვალისწინებული, ფიქრობს არასწორია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი ბინა ბუღალტერს დაბრუნებული აქვს (საკადასტრო კოდი -------) ამდენად, ამ ბინის ფასის გაანგარიშება არასწორია. გარდა ამისა, ბუნდოვანია რით იხელმძღვანელა აუდიტორმა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ბინის ღირებულების განსაზღვრის ეტაპზე. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპს, რაც გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტის გაფორმებისას მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ფასი. თუმცა მიაჩნია, რომ მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, არასწორია მეუღლეზე გაყიდული ბინის ფასის განსაზღვრის დროს საბაზრო ფასით ხელმძღვანელობა;

საკითხი 8. დასკვნის გაცნობისას ბუნდოვანია რამდენია დაუდეკლარირებელი თანხა. გარდა ამისა, სალაროში თანხის მოძრაობა არაპირდაპირი მეთოდითაა დათვლილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დასკვნის მე-5 გვერდთან. თუ ვამბობთ, რომ პირდაპირი მეთოდი იქნა გამოყენებულიო, ესე იგი არის საბუთი და თუ ვამბობთ, რომ რაღაც დოკუმენტი არ არსებობსო, ესე იგი გადავდივართ არაპირდაპირ მეთოდზე. თუ აუდიტორმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, ბუნდოვანია რამ განაპირობა ეჭვის გაჩენა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე, გაანგარიშებაში ბუნდოვანია ხარჯები, მათ შორის გათვალისწინებული არის თუ არა შესაძლო ხარჯები.

მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ თითოეულ საკითხზე გაანგარიშება უნდა მომხდარიყო მათი მონაწილეობით. გარდა ამისა, აუდიტორის მტკიცებით ეს თანხები მიჩნეულია დირექტორის ხელფასად, რაც არასწორია და წინააღმდეგობაში მოდის მეთოდური მითითებით დამტკიცებულ დანართი №9-სთან, სადაც განმარტებულია, რომ ყოველ ასეთ თანხაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადასახადის გადამხდელის განმარტებას. განსახილველ შემთხვევაში არ არის არავითარი განმარტება და ბუნდოვანია საერთოდ რატომ იქნა მიჩნეული ეს თანხები ხელფასად. განმარტავს, რომ ეს თანხა არის დირექტორის მიერ გატანილი სესხი, მეთოდური მითითების მე-6 მუხლი ამბობს, რომ თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. მე-8 მუხლის მიხედვით კი დაბეგვრის მიზნებისათვის, არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ამ მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. მე-11 მუხლის მიხედვით, ნაშთი, გადასახადის გადამხდელთან შეთანხმებით, მისი განმარტების შესაბამისად, შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც გაცემული: პროცენტიანი ან უპროცენტო სესხად.

ხელმიუწვდომელია გაანგარიშების ფორმა, რომლითაც იხელმძღვანელა აუდიტორმა დასკვნის შედგენის ეტაპზე. აუცილებელია ამ დოკუმენტის მათი მონაწილეობით განხილვა, ან დასკვნის პროექტი მაინც უნდა მიეცათ რომ განმარტება წარედგინათ. აუდიტორს ყველა პოზიციაზე მითითებული აქვს, რომ მათგან განმარტება მოითხოვა და არ მიეცა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ამ საკითხებზე თავდაპირველად დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურმა მათი მოთხოვნა და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს მოეხდინა მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა, თუმცა აუდიტმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალში. სწორედ ამის გამო მიმართეს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ამჯერად მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნა, საიდანაც დგინდება შემდეგი:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი. ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი საჩივარში აცხადებდა, რომ ბინა დაბრუნებული იყო კომპანიისთვის. აღნიშნულ საკითხზე კომპანიის დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე. ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

- კომპანიის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება არ მომხდარა. გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის წარდგენილი განმარტებით, კომპანიას სალარო არ გააჩნდა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული არ ყოფილა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. გადაანგარიშების ეტაპზე, ასევე არ ყოფილა აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

ამგვარად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შესწავლა, თუმცა ვინაიდან ბუღალტერზე რეალიზებულ ბინასთან დაკავშირებით, დირექტორმა და ფიზიკურმა პირმა წერილობით განმარტეს, რომ ეს ბინა მიწოდებული იყო ფიზიკურ პირზე, ამავე ბინაზე კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მეორე მხარეს ჰქონდა ჩათვლილი და დადასტურებული, საგადასახადო შემოწმების აქტით ურთიერთდამოკიდებულების საფუძვლით განხორციელებული მიწოდების მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლის ნაწილში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ მიუწოდებია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, მ.შ. აღნიშნული თანხის სესხად გაცემის შესახებ. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ორი საკითხი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა მათი მონაწილეობით. მნიშვნელოვანია საკითხი, რომ განხილვაში არ იყო ჩართული, ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ განახორციელა გადასახადის გადამხდელმა ქონების რეალიზაცია, მაგრამ ერთი ბინა რომელიც ბუღალტერზე იქნა რეალიზებული დაბრუნებულია და ამდენად, ამ ბინის ღირებულება უნდა გამოკლებოდა გაანგარიშებისას, რაც არ მომხდარა. რაც შეეხება თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, მეთოდური მითითებით განსაზღვრული მოცემულობა არ იყო, მისთვის არ მიუწოდებიათ, არ განუმარტიათ რა დოკუმენტის საფუძველზე იქნა მიჩნეული თანხები დირექტორის ხელფასად, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ არის არავითარი განმარტება. ამდენად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არგუმენტაციას მოკლებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან დასაბუთებული არ არის როგორ მივიდა ადმინისტრაციული ორგანო მიღებულ გადაწყვეტილებამდე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბინა რომლის დაბრუნებაზეც საუბრობს წარმომადგენელი, გამოკვლეულია შემოწმების მიერ და არსებობს ახსნა-განმარტება, რომლითაც ორივე მხარე (ბუღალტერი და დირექტორი) ადასტურებს, რომ ბინა გაიყიდა ბუღალტერზე (რომელიც ასევე იქნა შემოწმებული (რომელზეც 4 ბინაზე მეტია გაყიდული) და არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაც), საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია კომპანიის მიერ და მეორე მხარემ ჩაითვალა. რაც შეეხება მეთოდური მითითების გამოყენებას, თანხა არაპირდაპირი მეთოდით არ გაანგარიშებულა, დათვლილი იქნა ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, გათვალისწინებული იქნა გაწეული ხარჯები და დარჩენილ თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად, რასაც დაეთანხმა დირექტორი, პირველი ბუღალტერი გაეცნო და წერილობით დაუდასტურეს, რომ ეთანხმებოდნენ ხელფასად განხილვას. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, სალაროს ნაშთი, ამდენად, მეთოდური მითითების გამოყენება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა, საცხოვრებელი შენობანაგებობების მშენებლობა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №15828 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16694 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)