ბრძანება N 21732

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.09.2023
№ დოკუმენტი 21732
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21732

06 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“-ის (ს/ნ ------)

(მის.: ----------)

2023 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის და 17 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №71 და №85) განიხილა სს „------“-ის (ს/ნ ------) 2023 წლის 5 მაისის №80841/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №094-26 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება სმფ-ების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძლით დარიცხულ მოგების გადასახადს და აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებებით აშკარა იყო, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით თანხების დარიცხვა მოხდა არასწორად, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, თანხის შემცირება არ მომხდარა;

2. არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვას და აცხადებს, რომ წარმომადგენლობით ხარჯებში ასახული თითოეული ოპერაცია დადასტურებილია დაკუმენტურად - არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი, გადახდის ქვითარი და წარმომადგენლობითი ხარჯის ბრძანება, რომელიც არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების მიერ;

3. არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას საბაზრო ფასის გათვალისწინებით და აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან ვადების დაცვით მოხდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, თუმცა აუდიტორის მიერ არ მოხდა აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინება სრულიად გაუგებარი და არაპროფესიონალური არგუმენტების საფუძველზე. ამასთან, შემოწმების მხრიდან დაშვებულია აშკარა შეცდომა და შენობის საბაზრო ღირებულებაზე დამატებულია მიწის ღირებულება;

4. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „------“-ის (ს/ნ ------) 2019 წლის 23 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. სს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური პირისგან გამოთხოვილი მტკიცებულება/ინფორმაცია, მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულების/ინფორმაციის შესწავლა/გაანალიზება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დანაკარგის დანაკლისად მიჩნევისა და რეალიზებულად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საზოგადოების მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ეკონომიკურ საქმიანობასთან მიზნობრივად დაუკავშირებელი ხარჯის სარგებლად განხილვის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

7. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 63 828 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 611 ლარით და საურავი 36 217 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 აპრილის №094-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ცქრიალა ღვინის წარმოება. წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები გადამხდელს ჩამოწერილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამაში, რაც შემოწმების შედეგად 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განისაზღვრა მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები. გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან. შედეგად, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას;

2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება გაწეული ხარჯების კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულის შედეგად, შემცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი სარგებლის თანხა 38 595 ლარით;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „------ს“ მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში (ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კონკრეტულად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ უნდა მომხდარიყო თუ არა შეფასება, გადამხდელმა ხელშეკრულება გააფორმა კერძო შემფასებელთან, ქ. -----ში, ----ის გამზ. №---ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მეთოდს: გაყიდვების შედარების, შემოსავლების კაპიტალიზაციისა და დანახარჯების მეთოდებს. გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას. შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად, ხოლო დანახარჯების მეთოდით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით.

სტანდარტი მიუთითებს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი მეთოდით. ამასთან, იგივე სტანდარტის მიხედვით, როგორც წესი, საბაზრო ფასის დადგენისთვის არ გამოიყენება დანახარჯების მეთოდი და მისი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სხვა მეთოდების გამოყენება. წარმოდგენილ დასკვნაში არაფერია ნათქვამი სხვა მეთოდებზე, შესაბამისად, დასკვნა შედგენილია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დადგენა ან/და სხვ.), თუმცა წარმოდგენილი დასკვნა ვერ ჩაითვლება ნივთის რეალური ღირებულების ოდენობის განმსაზღვრელად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გადამხდელის წარმოდგენილ შეფასების ანგარიშში აღნიშნული საბაზრო ფასი შედარდა ანალოგიური შენობების საბაზრო ფასს (ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობას). შედარებით დგინდება, რომ წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობების საბაზრო ფასზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის თანხა კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად დაექვემდებარა შემცირებას.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სადავო საკითხების დამატებით შესწავლა 2019 წლის 8 აგვისტოს №27579 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები ჯამურად შემცირდა სულ 63 828 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 611 ლარით და საურავი 36 217 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, რითიც დასტურდება გაწეული ხარჯების კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან და აღნიშნულის შედეგად, შემცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი სარგებლის თანხა. წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის გათვალისწინება ვერ მოხერხდა, რადგან ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობა, ასევე თუ ვინ ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებებს, ასევე აღნიშნული პირები წარმოდგენდნენ თუ არა ისეთ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ხოლო რაც შეეხება მე-3 სადავო საკითხს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნა, ვინაიდან შემოწმებამ არ გაიზიარა ქონების შესაფასებლად ექსპერტის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია. ამასთან, წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) ანალოგიური მდებარეობის, ფუნქციური დანიშნულების და სიდიდის შენობების საბაზრო ფასზე.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს თავდაპირველი საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს:

1. არ ეთანხმება სმფ-ების დანაკარგის დანაკლისად მიჩნევის საფუძლით დარიცხულ მოგების გადასახადს;

2. არ ეთანხმება წარმომადგენლობითი ხარჯის სარგებლად განხილვას;

3. არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას საბაზრო ფასის გათვალისწინებით;

4. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ცქრიალა ღვინის წარმოება. წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები გადამხდელს ჩამოწერილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამაში, რაც შემოწმების შედეგად 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებით განისაზღვრა მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები. გადამხდელის მიერ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩამოწერილი დანაკარგების ოდენობა შესაბამისობაშია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობასთან. შედეგად, 2015-2017 წლებში წარმოების ეტაპზე წარმოშობილი დანაკარგები, რომელიც დაბეგრილია მოგების გადასახადით, დაექვემდებარა შემცირებას;

2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კომპანიის მიერ ჩამოწერილი სმფ-ების მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება გაწეული ხარჯების კავშირი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულის შედეგად, შემცირდა გადახდის წყაროსთან დაბეგრილი სარგებლის თანხა 38 595 ლარით;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შეფასების ანგარიში (ვინაიდან გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კონკრეტულად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ უნდა მომხდარიყო თუ არა შეფასება, გადამხდელმა ხელშეკრულება გააფორმა კერძო შემფასებელთან. წარმოდგენილი შეფასებით განსაზღვრული ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) მსგავსი შენობების საბაზრო ფასზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის თანხა კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 269(7).