ბრძანება N 10477

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10477
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10477

10.05.2023

შპს „--“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

მომჩივნის პოზიციას: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე. მიუთითებს, რომ გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლითაც განესაზღვრათ საგადასახდო ვალდებულებები. აცხადებს, რომ შემოწმების შემდეგ საწარმოს დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადი არ ჰქონდა დარიცხული გაცემული თანხების შესაბამისად. გადამხდელის განმარტებით 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვთ რეალიზაციიდან თანხები და აღებული აქვთ სესხები. აღნიშნული თანხები სრულად გამოყენებულია კრედიტორული დავალიანებების, სესხების, საპროცენტო ხარჯების და ხელფასების გასაცემად. შემოწმების პერიოდში დასაბეგრი განაცემები არ იყო დეკლარირებული და ამიტომ შემოწმების შემდეგ მოხდა დეკლარირება, ვინაიდან შემოწმების შედეგებით არასწორად მოხდა საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაანგარიშება და დარიცხვა. აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში დასაბეგრი განაცემები შემდეგია: გაცემული ხელფასი არის 194 194,49 ლარი, გადახდილი მომსახურება 338 772,88 ლარი, საპროცენტო სარგებელი 170 914,8 ლარი. აქედან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახაადი არის 113 597 ლარი, ნაცვლად აქტში აღრიცხული 201 519 ლარისა, ე.ი ზედმეტად დარიცხულია 87 922 ლარი. ხოლო შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხები არასწორია, რამაც გამოიწვია არასწორი დარიცხვა, 97 315 ლარის ოდენობით, მოგების გადასახადში, რომელიც სრულად გასაუქმებელია. ე.ი გადასახადი შესამცირებელია 185 237 ლარით და შესაბამისი ჯარიმები 93 677,5 ლარით. მიუთითებს, რომ მშენებლობა დასრულებულია და ექსპლუატაციაშია მიღებული, ხოლო ბინები გაყიდულია. გაცემულია ხელფასები და სრულად გადახდილია მომსახურების საფასური. ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოწმება მოხდა შესაბამის პერიოდში არ წარმოადგენს უარის თქმის საფუძველს. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა უარი თქვა დაზუსტებულ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ასახვაზე, მაგრამ ასახა დაზუსტებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და დაზუსტებული დეკლარაციების ბარათზე ასახვას, კუთვნილი გადასახადის განსაზღვრის მიზნით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31491 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი.

კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31491 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნა და 2023 წლის 17 იანვრის №516 ბრძანება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური (პირველი და დაზუსტებული) დეკლარაციების (დეკ. ---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. აღნიშნულთან მიმართებით 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ, 2022 წლის 13 აპრილს გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი იქნა 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური (პირველი და დაზუსტებული) დეკლარაციები (დეკ---). აღნიშნული დეკლარაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ზრდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას, კერძოდ, შემოწმებამდე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იყო ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულია დასაბეგრი ხელფასები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვა განაცემები. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გათვალისწინებულია 2021 წლის 31 მაისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში, კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გაანგარიშებულ სალაროს ნაშთში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. ამასთან, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა დეკლარაციებში მითითებული მონაცემების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საკითხი, დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. კერძოდ, ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის გპაბ-ზე ასახვაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №31491 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 დეკემბრის დასკვნა და 2023 წლის 17 იანვრის №516 ბრძანება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური (პირველი და დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302 (6); 304 (21);