ბრძანება N 17002

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 13.07.2023
№ დოკუმენტი 17002
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17002

13 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2023 ლის 22 ივნისის საჩივრის თაობაზე

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს დირექტორი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადის მკურნალობის რთულ კურსს, სახლში პრაქტიკულად არ იმყოფება, რის გამოც ვერ შეძლო გაცნობოდა შეტყობინებებს. ამასთან, აცხადებს, რომ საწარმო 2019 წლიდან არის უმოქმედო და არ ელოდა დავალიანების დარიცხვას. აღნიშნავს, რომ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და სთხოვეს ჩაებარებინა წერილი საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ან გასცნობოდა გადამხდელის ვებგვერდზე გამოგზავნილ შეტყობინებას. აცხადებს, რომ შემოწმების ჩატარების პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მიიღო მასში სრულყოფილად მონაწილეობა, მისთვის არ იყო გაგზავნილი აუდიტორის მოხსენებითი ბარათი და საგადასახადო შემოწმების აქტი. არსებული მდგომარეობის გამო ითხოვს, მიეცეს საშუალება გაასაჩივროს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული გამოცემულია აუდიტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც მას არ ჩაბარებია და მისი დასაბუთებული არგუმენტაციის გაცნობის გარეშეა წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

13 ივლისი 2023 N 17002 საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს №20982 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- ის “ (ს/ნ „-------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 091 180 ლარი, მათ შორის, გადასახადი 561 989 ლარი, ჯარიმა 280 995 ლარი, საურავი 248 196 ლარი.

ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №011-2646 ბრძანებით დაედო ყადაღა, ხოლო 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 ბრძანებით გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „-------“ (ს/ნ „-------“) მის მიმართ შედგენილი 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (ქ. „-------“), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 23 მარტს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 12 აპრილს, ხოლო გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 20 ივნისს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 22 ივნისს.

შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია სათანადო პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“ ) საჩივარი 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 3 და 7 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011- 2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არსებული მდგომარეობის გამო ითხოვს, მიეცეს საშუალება გაასაჩივროს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ბრძანებას.

მომჩივანის აღნიშნავს , რომ მას არ ჩაბარებია და მისი დასაბუთებული არგუმენტაციის გაცნობის გარეშეა წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას დაედო ყადაღა,რომელზეც გამოიცა №006-629 საგადასახადო მოთხოვნა.

2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 ბრძანებით გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალება.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, გადამხდელის საჩივარი 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 243-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011- 2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301,241,243,273.