გადაწყვეტილება № 25725/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25725/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25725/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25725/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2959 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №021-70 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17569 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 111 987.13 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 50 880.39

ჯარიმა - 25 438.50

საურავი - 35 668.24

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი მომსახურებას უწევს შპს „------“. კერძოდ, ქ. ------- მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2021 წელს მეწარმეს მომსახურების ფარგლებში მიღებული აქვს 487 140 ლარი დღგ-ის ჩათვლით. გადასახადის გადამხდელს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი.

აღსანიშნავია ასევე, რომ გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის განაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №27236 ბრძანება და №021-96 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 107 122.89 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანება 5.03.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.03.2025 წლის №24872/2/2025 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

2025 წლის 24 აპრილს გადასახადის გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს 19.02.2025 წლის №2959 ბრძანების აღსრულების მოთხოვნით, რომელმაც 19.05.2025 წლის №10061 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ი/მ ------ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანების აღსრულება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2959 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნა, 9.07.2025 წლის №15531 ბრძანება და №021-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 14 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 5 აგვისტოს №17569 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივრები, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა, არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საჩივრების დანართად წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მოცემული დოკუმენტები მათთვის ცნობილი იყო შემოწმების პროცესშიც და ზეგავლენას არ ახდენს დარიცხულ თანხებზე და არ წარმოადგენს კორექტირების საფუძველს. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმება ჩატარდა 1 დღეში. არც კი მიეცა საშუალება, დაეცვა თავისი, როგორც გადასახადის გადამხდელის, კანონიერი უფლებები. ადმინისტრაციული აქტი გამოცემულ იქნა არსებითი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, საგადასახადო ორგანოს არ მოუთხოვია არანაირი ინფორმაცია. შემოწმების აქტის მიხედვით, 2021 წელს გადასახადის გადამხდელს (მცირე მეწარმის სტატუსის მქონეს), სამშენებლო მომსახურების გაწევის მოტივით, მიღებული აქვს 487 180 ლარის შემოსავალი. აუდიტის დეპარტამენტის შეფასებით, მეწარმის მიერ „გაცემული ხელფასის ოდენობა მცირეა“. მხოლოდ აღნიშნულის საფუძვეზე, ყოველგვარი მსჯელობისა და მტკიცებულებების არსებობის გარეშე, აუდიტორმა დაასკვნა, რომ მცირე მეწარმეს არ აქვს უფლება გასცეს „მცირე“ ხელფასი. ასევე, ყოველგვარი საკანონმდებლო ნომრის მითითების გარეშე, აუდიტორი შეფასებაში წერს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს ხელფასის სახით გაცემული აქვთ მიღებული შემოსავლის 80% (საიდან, რა კომპანიებს, როგორ შეირჩა). ამიტომ, აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, ინდ. მეწარმესაც მის მიერ მიღებული შემოსავლის 80% უნდა გაეცა ხელფასად. შემოწმების აქტის მიხედვით, მიღებული შემოსავლის 80% განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახურმა საქმე ხელახლად განსახილველად დააბრუნა აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო მეწარმეს დაავალა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა (რომელიც მანამდე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი არ იყო, რადგან შემოწმება 1 დღეში ჩაატარეს), რაც მომჩივნის მიერ განხორციელდა დაუყოვნებლივ. საგადასახადო ორგანოს მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რაც მოთხოვნილი იყო გადაწყვეტილებით (მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები).

მრავალი კომუნიკაციის შემდეგ, 10 ივლისს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც არის ცინიკური შინაარსის და რომელშიც წერია, რომ მომჩივანს არაფერი წარუდგენია ისეთი, რაც შემოწმების დროს მათ ხელთ არ ქონდათ, მაშინ როდესაც აუდიტის დეპარატამენტს წარუდგინეს საბანკო ამონაწერები (რომელშიც ჩანს გაცემული ხელფასი, რაც ასევე დეკლარირებულია კანონმდებლობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულებები). ასევე, მრავალგზის თხოვა, რომ თუ კიდევ დამატებით რაიმე ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა იყო საჭირო, ამისთვისაც მზად იყო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც მომჩივნის გასაკვირად, პირველ რიგში, არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის პროცესს, ასევე გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და უბრალოდ გადაწერა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია - ისეთი არაფერი წარუდგენია, რაც შემოწმების პროცესში არ ქონდათო. აღნიშნული არის ტყუილი. საინტერესოა საიდან ქონდათ მეწარმის საბანკო ამონაწერი აუდიტის დეპარტამენტს?! ასევე, აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური იმაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას, რა უნდა წარედგინა და არ წარადგინა, არამედ უბრალოდ არ ესაუბრება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეწარმის საწინააღმდეგო კანონიერი არგუმენტი არ არსებობს.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის პირდაპირ გაუქმებას, რადგან შიშობს, რომ განსახილველად კიდევ ერთხელ აუდიტის დეპარტამენტში დაბრუნება იგივე წრეზე წაიყვანს და ისინი ასეთ გადაწყვეტილებას ისევ არასწორად აღასრულებენ. გადასახადის გადამხდელი მზად არის, დავების განხილვის საბჭოს მიერ დავალების შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები გაწეული მომსახურების შესახებ, მ.შ. დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსის, ვადის და თანხის შესახებ, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა, არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2959 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2959 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2021 წელს მეწარმეს მომსახურების ფარგლებში მიღებული აქვს 487 140 ლარი დღგ-ის ჩათვლით. გადასახადის გადამხდელს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და მიღებული შემოსავალი დაბეგრილი აქვს 1%-იანი განაკვეთით. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან მიმართებით ჰყავს ცოტა დაქირავებული პირი. აღსანიშნავია ასევე, რომ გაცემული ხელფასის ოდენობაც მცირეა. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის აუდირებული კომპანიის განაცემები და მიღებული შემოსავლიდან 80% დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შემოწმების დროს აუდიტის ხელთ არსებული იდენტური ინფორმაცია. დამატებით, სხვა სახის დოკუმენტები, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა შესრულებული სამუშაოების/გაწეული მომსახურების შინაარსი, ვადა და მოცულობა, არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275;302;304