ბრძანება N 7139
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7139
30 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ---) 2026 წლის 13 მარტის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) №26904/2/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის №CB1874289 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს და განმარტავს, რომ არის უმუშევარი. მხოლოდ აღნიშნული მაღაზია იყო მისი შემოსავლის წყარო. არის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი). იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა, არ იცოდა, რომ ჩადიოდა დანაშაულს. აცნობიერებს მის შეცდომას და სამომავლოდ იქნება მეტი სიფრთხილით და შეასრულებს ყველა ფინანსურ ვალდებულებას. განმარტავს, რომ თუ არ შემცირდება ჯარიმის თანხა, ვერ შეძლებს მის გადახდას და საქმიანობის გაგრძელებას. ამდენად, ის და მისი ოჯახი დარჩებიან შემოსავლის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №ბ-14816/2026 ბრძანების საფუძველზე, ი/მ --- ის (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა (კერძოდ: რძის ნაწარმი, თევზ-პროდუქტები, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, დაკონსერვებული ხორც-პროდუქტები, ყავა, საღეჭი რეზინი და ლუდი) შერჩევითი ინვენტარიზაცია. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკვები პროდუქტებით ვაჭრობა. ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთების აღწერა) დაიწყო 2026 წლის 16 თებერვალს და დამთავრდა იმავე დღეს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2026 წლის 20 თებერვალს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 311 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 18 თებერვალს უნდა წარმოედგინა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ (დანართი №224 ), რომელიც მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების თანდასწრებით მოხდა ზემოთ ჩამოთვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების ინვენტარიზაცია. აღწერის მონაცემები შეტანილ იქნა შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი №221 ). ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ---ის (ს/ნ ----) ობიექტში ფაქტობრივი აღწერის შედეგად, 2026 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით დაფიქსირდა 100261.6 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა 100261.6 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 20 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1874289 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 50130.8 ლარის ოდენობით. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ი/მ ---ს (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან (2025 წლის 9 ივნისი) სმფ-ების შერჩევითი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2026 წლის 16 თებერვალი) არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა, არც სასაქონლო ზედნადებით და არც საბაჟო დოკუმენტაციით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს და განმარტავს, რომ არის უმუშევარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა (კერძოდ: რძის ნაწარმი, თევზ-პროდუქტები, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, დაკონსერვებული ხორც-პროდუქტები, ყავა, საღეჭი რეზინი და ლუდი) შერჩევითი ინვენტარიზაცია. გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკვები პროდუქტებით ვაჭრობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 311 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 18 თებერვალს უნდა წარმოედგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ (დანართი №224 ), რომელიც მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა 100261.6 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 50130.8 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ მუხლებს: 286 (4).