ბრძანება N 30919

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2023
№ დოკუმენტი 30919
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30919

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------- -ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.:"------")

2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 2 ნოემბრის №84609/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №079-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ს დარიცხვას. აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციაში სინამდვილეში გამორჩენილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-"------"), რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 97 647,12 ლარს. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული შეცდომის გამოვლენისთანავე 2023 წლის 16 ივლისს დაკორექტირებული იქნა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაცია, რომელშიც ასახული იქნა 97 647,12 ლარი დღგ-ს ჩათვლით. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს დაწყებულმა საგადასახადო შემოწმებამ არ გაითვალისწინა წარდგენილი კორექტირებული დეკლარაციის არსებობა და თავად მოახდინეს აღიარებული კორექტირებული დეკლარაციით დარიცხული გადასახადის ხელმეორედ დარიცხვა. მიიჩნევს, რომ ეს კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენა მოხდა 2023 წლის 16 ივლისს, ესეიგი 1 თვით ადრე, ვიდრე გამოიცემოდა საგადასახადო შემოწმების ბრძანება შემოსავლების სამსახურის მიერ. ითხოვს ივნისის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციით გათვალისწინებული ცვლილებების ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 აგვისტოს №20202 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2023 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ოქტომბრის №24356 ბრძანება და ამავე თარიღის №079-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 22 823 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 894 ლარი, ჯარიმა 7 447 ლარი, საურავი 482 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ (ს/ნ "------") გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 1 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 15 აპრილს. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მოასფალტების მომსახურების გაწევა, ქვიშა-ღორღის ყიდვა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქონლის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. 2023 წლის ივნისის თვეში საწარმოს შპს N2-ზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-"------"), რომელიც არ არის დაბეგრილი და მისი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 97 647.12 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხულ იქნა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, 2023 წლის ივნისის თვეში საწარმოს შპს N2-ზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-"-------"), რომელიც არ არის დაბეგრილი და მისი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 97 647.12 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი საჩივარში არასწორად აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისის დაზუსტებული დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა 2023 წლის 16 ივლისს. ირკვევა, რომ აღნიშნული დეკლარაცია წარდგენილი იყო 16 აგვისტოს, ხოლო საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 2023 წლის 15 აგვისტოს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ს დარიცხვას.ითხოვს ივნისის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციით გათვალისწინებული ცვლილებების ასახვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 1 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 15 აპრილს. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მოასფალტების მომსახურების გაწევა, ქვიშა-ღორღის ყიდვა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.2023 წლის ივნისის თვეში საწარმოს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ არის დაბეგრილი.აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხულ იქნა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

159,163,164.