გადაწყვეტილება №22993/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22993/2/2024
17 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------------ლი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 30.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22993/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №8004 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №002-60 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 17 749,41 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 258
ჯარიმა - 2 064
საურავი - 7 427,41
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი.
2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი (საკ. კოდი --------- და საკ. კოდი ---------) და 1 დამხმარე ფართი (საკ. კოდი ---------). დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი (საკ. კოდი ---------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 95 163 ლარით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი და დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9 085 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2022 წლის №32496 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 244 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/------) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, სადავო საკითხებიდან მე-2 ეპიზოდის (მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა)), შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/-----7) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 19.03.2024 წლის დასკვნა სადაც მითითებულია, რომ: შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 15 069 ლარით, მათ შორის დღგ 8 871 ლარი და ჯარიმა 6 198 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №8004 ბრძანება და ამავე თარიღის №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული მისი პოზიციის გაზიარება, ასევე გაიზიარეს 2019 წლის ნოემბრის თვეში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირების საკითხიც, არ იქნა გათვალისწინებული პოზიცია დამხმარე ფართისა და ავტოსადგომის რეალიზაციასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურმა კვლავ უგულებელყო მისი პოზიცია დღგ-ის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება -------ის არა როგორც ინდ. მეწარმის საქმიანობას, არამედ მისი როგორც ფიზიკური პირის სახელით განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონებები შეძენილია ფიზიკური პირის მიერ იმ შენობაში, სადაც ის ადრე ახორციელებდა საქმიანობას როგორც ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენს შემთხვევითობას. ქონება შეიძლება შეძენილი ყოფილიყო ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რაც არ გამოიწვევდა საგადასახადო ორგანოს შეცდომაში შეყვანას, თითქოს ----------მა შეძენა განახორციელა როგორც ინდ. მეწარმემ.
უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ---------- (მდებარე ქ. თბილისში, -----ის ქუჩა №----, დამხმარე ფართი №--) – 21.05.2014 წლამდე ირიცხებოდა ფიზიკური პირის -------ის (პ/ნ ---------) საკუთრებაში, რომლისგანაც 21.05.2014 წლის გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება გადაიფორმა ---------მა, როგორც ფიზიკურმა პირმა. აღნიშნული უძრავი ქონება ----------მა, როგორც ფიზიკურმა პირმა 11.11.2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა და საკუთრებაში გადაუფორმა ფიზიკურ პირ --------ძეს (პ/ნ ---------), ქონების ღირებულებად განისაზღვრა 46 196 ლარი.
უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: --------- მდებარე ქ. თბილისში, ------ის ქუჩა №------ა, ავტოსადგომი №--) – 5.11.2018 წლამდე ირიცხებოდა ფიზიკური პირის --------ძის (პ/ნ --------) საკუთრებაში, რომლისგანაც ის ---------მა, როგორც ფიზიკურმა პირმა 5.11.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა. 16.06.2021 წელს აღნიშნული უძრავი ქონება, --------მა როგორც ფიზიკურმა პირმა ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა შპს -------ას (ს/ნ -------), რომლის ღირებულებად განისაზღვრა 2 500 აშშ დოლარი (იმ დროს არსებული კურსით 7 937.75 ლარი).
ჯამურად ორივე ქონების ღირებულება ლარში შეადგენს 54 133.75 ლარს, რომლის დღგ შეადგენს 8 257,56 ლარს ანუ იმ თანხას, რაც სადავო საგადასახადო მოთხოვნაში იქნა დატოვებული დღგ-ის სახით.
ინდ. მეწარმის მიერ -----ის ქუჩაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა არ წარმოადგენდა სტანდარტულად მიწის შეძენას, მასზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას და შემდგომ ბინების რეალიზაციას, არამედ საქმიანობის მიზანი იყო კორპუსების აშენება და აშენებისთვის ანაზღაურების სახით (ანუ ფულის სანაცვლოდ) განშლით რეგისტრირებული ბინა ერთეულების თუ სხვადასხვა დანიშნულების ფართების ინდ. მეწარმისთვის საკუთრებაში გადაცემას და შემდგომ მათ რეალიზაციას. აღნიშნულს ადასტურებს როგორც ამხანაგობა „------“-სა და -------ლს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი. ასევე რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უფლებისდამდგენ დოკუმენტებად მითითებულია „ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“. მხოლოდდამხოლოდ ის უძრავი ქონებები იქნა გაყიდული --------ის მიერ ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მას გადაეცა როგორც მშენებლობისთვის გადაცემული ანაზღაურება და სწორედ ამგვარად მიღებული უძრავი ქონებების რეალიზაცია უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით.
---------ის, როგორც ფიზიკური პირის საკუთრებაში არასდროს თავის ცხოვრებაში არ ერიცხებოდა არანაირი უძრავი ქონება გარდა აღნიშნული ორი უძრავი ქონებისა. --------ლი არის სამმაგი (საქართველო, -----ი და ------ი) მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში, 2014 წელს მან ერთ საცხოვრებელ კორპუსში მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებიდან გამომდინარე შეიძინა საცხოვრებელი ფართი და მოგვიანებით ავტოსადგომი, რომლებსაც გამოიყენებდა საცხოვრებლად, თუმცა ვინაიდან მისი გეგმები საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირებით გადაიდო მან აღნიშნული უძრავი ქონებები გაასხვისა როგორც ფიზიკურმა პირმა, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციები დაბეგვრას არ საჭიროებდა. ამიტომ, აღნიშნული გაყიდვები არ უნდა შეფასდეს ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობად.
----------ის საქმიანობის შინაარსი და მიზანი იყო არა უძრავი ქონებით ვაჭრობა (ანუ უძრავი ქონების ყიდვა და შემდეგი გაყიდვა უფრო მაღალ ფასად - მას ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საერთოდ არ აქვს ნაყიდი უძრავი ქონების არცერთი ერთეული), არამედ მშენებლობის შედეგად ეკონომიკური სარგებლის მიღება, რომელიც (ეკონომიკური სარგებელი) მხოლოდ დამთხვევით გამოიხატებოდა იმაში, რომ მან კომპენსაციის სახით კი არ იყიდა, არამედ ანაზღაურების სანაცვლოდ მიიღო ამხანაგობისგან (არა ფული ან სხვა ნივთი), არამედ უძრავი ქონება, რომელიც (ეს ნივთობრივი კომპენსაცია) იძულებული იყო გაეყიდა, რომ თავისი ჩადებული ინვესტიციების ფულადი კომპენსაცია მიეღო. ამასთან, შეძენილი უძრავი ქონებებიდან ერთ-ერთი წარმოადგენდა საცხოვრებელი მიზნებისთვის განკუთვნილ დამხმარე ფართს, ხოლო მეორე ავტოფარეხს. აღნიშნული დამხმარე ფართი მთელ სართულზე გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის და წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, რა მიზნითაც იყო ის შეძენილი.
ფაქტია ის გარემოება, რომ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია არ ნიშნავს ფიზიკური პირისთვის ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მსჯელობა არ არის მართებული. ამასთან, სახეზეა ბინა და ავტოფარეხი, საუბარი არ არის კომერციულ ფართზე ან თუნდაც ორ ავტოფარეხსა და ორ საცხოვრებელ ფართზე, რაც ობიექტურ პირს უნდა უღრმავებდეს იმის რწმენას, რომ ავტოფარეხი და ბინა სწორედ პირადი გამოყენებისთვის შეიძინა საჩივრის ავტორმა და გაასხვისა იმავე წესით, რა წესითაც იქნა შეძენილი, როგორც ფიზიკურმა პირმა. ბუნდოვანია შემოსაველების სამსახურის შემდეგი მსჯელობაც: „ამასთან, მის მიერ ავტოფარეხი რეალიზებულია სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე“ - გაურკვეველია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური მითითებულში?! სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე ავტოფარეხის რეალიზებას რა ნიშნით გამოარჩევს დამხმარე ფართის რეალიზებისგან?! თუ კი შემოსავლების სამსახური თავად გამოარჩევს ავტოფარეხის რეალიზაციას დამხმარე ფართის რეალიზაციისგან, მაშინ საინტერესოა, ორივე შემთხვევაში რატომ ავალდებულებს საჩივრის ავტორს დღგ-ის გადახდას?! გამოდის, რომ შემოსავლების სამსახური დისკრიმინაციულად უდგება გადასახადის გადამხდელს რამდენიმე დონეზე:
1. ფიზიკური პირის მიერ ქონების განკარგვის ნაწილში, რომელიც იმდენად მცირე რაოდენობით არის, რომ არანაირად არ უნდა იქნეს მიჩნეული ეკონომიკურ საქმიანობად;
2. უძრავი ქონების მდებარეობის ნაწილში (ერთი მხრივ - ეს მხოლოდ უძრავი ქონებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ თავისი ადგილმდებარეობის გამო - ეკონომიკური საქმიანობა) და
3. ბოლო და ყველაზე პარადოქსული ნაწილი დისკრიმინაციის ეს არის - მყიდველიდან გამომდინარე დისკრიმინაცია. მოცემულ შემთხვევაში მთავარია, არა ვინ იყიდა ქონება, არამედ ის, რომ --------მა როგორც ფიზიკურმა პირმა გაყიდა მისი ერთადერი პარკინგი, ხოლო დანარჩენი პარკინგები, რომელიც მან გაყიდა როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, მიღებული იყო მშენებლობის საკომპენსაციოდ ამხანაგობისგან, რომელიც არის მისთვის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების კომპენსაციის შემცვლელი/ანალოგი.
აღნიშნული არის მხოლოდ და მხოლოდ შეთხვევითობა, რადგან ფულის ნაცვლად ამხანაგობას გააჩნდა მხოლოდ უძრავი ქონება. მსგავსად უძრავი ქონებისა მათ ასანაზრაურებლად შეიძლება გადმოეცათ, მაგალითად, ჭურჭლის დიდი ოდენობა ან ძვირადღირებული საკოლექციო მარკები (წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი საკოლექციო მარკა გაყიდა საჩივრის ავტორმა იმ პირზე, რომელმაც ასევე იყიდა იმავე პირისგან მისი ერთადერთი პარკინგი) და სწორედ ამიტომ არ შეიძლება ერთ კონტექსტში განიხილებოდეს სადავო ორი ქონება და ამხანაგობისგან მიღებული სხვა ქონებები). გამოდის, რომ ---------ის წინააღმდეგ დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული რამდენიმე სრულიად შემთხვევითი დამთხვევა, რომელთაგანაც ვერცერთით ვერ დასტურდება ----------ის, როგორც ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობა სადავო კონტექსტში:
1. ამხანაგობას მშენებლობის ხარჯების ასანაზღაურებლად არ გააჩნდა სხვა საშუალება გარდა იმისა, რომ გადაეცა ------ის ქუჩაზე აშენებული ფართები;
2. ფიზიკურმა პირმა ---------მა თავისი პირადი მიზნებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა სხვა კერძო პირებისგან (და არა ამხანაგობისგან) ძალიან მცირე რაოდენობის უძრავი ქონება იმავე ადგილზე, სადაც ამხანაგობას გააჩნდა მშენებლობის ასანაზღაურებლად მიმართული უძრავი ქონება;
3. ფიზიკურმა პირმა ----------მა მიყიდა თავისი პირადი მიზერული ქონებების კიდევ უფრო მიზერული ნაწილი იმავე პირს, რომელმაც შეიძინა ამხანაგობის მიერ მშენებლობის (ანუ სულ სხვა მიზნებისთვის) ხარჯების ასანაზღაურებლად გადაცემული უძრავი ქონება.
ეს არის ხარისხობრივად, იურიდიულად (მესაკუთრის თვალსაზრისით) და შესაბამისად, ეკონომიკურად (საგადასახადო მიზნებისთვის) სრულიად განსხვავებული ობიექტები. ის ფაქტი, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ ----------მა მაგ. ათი კილოგრამი ოქროს ან ------ს ქალაქ --------ში მიწის ნაკვეთის ნაცვლად მიიღო უძრავი ქონებები -------ის ქუჩაზე მდებარე მისივე აშენებულ კორპუსში, სრული შემთხვევითობაა, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ამხანაგობას გარდა აღნიშნული უძრავი ქონებებისა სხვა აქტივი არ გააჩნდა და ამიტომაც გადაწყდა ფულის, ოქროს ან სხვა ტერიტორიაზე ქონების გადაცემის ნაცვლად, გადაცემული ყოფილიყო უძრავი ქონებები -------ის ქუჩაზე. მითითებულიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ქონება და მშენებლობაზე გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ გათვლილი ქონება არ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და ერთ კონტექსტში განიხილებოდეს?!
ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალურ მეწარმეს, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ პირს არ ესპობა უფლება, გარკვეული ტრანზაქციები განახორციელოს როგორც ფიზიკურმა პირმა. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაისვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზე გაცემულმა პასუხებმაც ნებისმიერი ობიექტურ მსმენელს უნდა დააჯეროს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფიზიკური პირის მიერ ქონების გასხვისებასთან, კერძოდ:
1. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას, რომ --------სთვის მშენებლობის განხორციელების სანაცვლოდ მაინცდამაინც ------ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების გადაცემა იყო არა სავალდებულო მოვლენა, არამედ ანაზღაურების უამრავი ვარიანტიდან (ფული, რემბრანტის ნახატი, მიწა მაიამიში, ოქროს ზოდი ან სხვ.) ერთ-ერთი?
2. ეთანხმებით თუ არა იმას, რომ --------ის მიერ ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქონებების შესაძლო გაყიდვის მიზანი, რაც ამხანაგობიდან რეალურად მიღებული უძრავი ქონებების შემთხვევაში მართლაც მოხდა, მშენებლობის პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურებაა და შესაბამისად, ამგვარი რეალიზაცია უპირობოდ უნდა ჩათვლილიყო ეკონომიკურ საქმიანობად?
3. თუ კი ----------ლი მიიღებდა ამხანაგობისგან მხოლოდ ფულს და არა უძრავ ქონებას, გადაიხდიდა ყველა შესაბამის გადასახადს და შემდეგ იყიდდა რომელიმე გამყიდველისგან თავისივე აშენებულ კორპუსში ბინას და პარკინგს (რომელიც ამ შემთხვევაში ფორმალურადაც კი გახდებოდა მისი ერთადერთი უძრავი ქონება - ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ დაბეგვრის თვალსაზრისით, ამ ტერმინის საყოველთაოდ მიღებული გაგებით და რეალურადაც ერთადერთი უძრავი ქონება მხოლოდ მითითებული პარკინგი და დამატებითი ფართი იყო - ამხანაგობიდან მიღებულ სხვა დანარჩენ ქონებას კი სულ სხვა მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა, რადგან ის იყო მხოლოდ ამორფული ობიექტი (რომელიც შემთხვევით უძრავ ქონებაში გამოიხატებოდა და მას ფულის ან ნებისმიერი სხვა ნივთის ტოლი ღირებულება ჰქონდა), რომლის გადაცემის და გაყიდვის მიზანი იყო ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება და რომლის გაყიდვის უფლება ინდივიდუალურ მეწარმე --------ლს, ანუ, ეკონომიკურად სრულიად განსხვავებულ სუბიექტს, ჰქონდა, ვიდრე ფიზიკური პირი -------ლია), მაშინ განიხილავდით თუ არა მათ (ავტოფარეხი და დამხმარე ფართი) შემდგომ გაყიდვას ეკონომიკურ საქმიანობად?
4. ეთანხმებით თუ არა იმას, რომ თუ კი -------ლი თავისი ეკონომიკური საქმიაობის განმავლობაში პირადი მიზნებისთვის იყიდდა ტელეფონს ან ავტომობილს და შემდეგ გაყიდდა მათ, ეს არ უნდა ჩათვლილიყო მის ეკონომიკურ საქმიანობად, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა -------ის ქუჩაზე არსებულ მშენებლობასთან?
5. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, მაგალითად, -------ში, ერთადერთი დამხმარე ფართის და ავტოფარეხის გაყიდვა, რომელიც შეძენილია პირადი მიზნებისთვის, არაფრით განსხვავდება ერთადერთი ავტომობილისა და ტელეფონისგან?
6. საგადასახადო მიზნებისთვის რით განსხვავდება ერთადერთი ბინა და პარკინგი ქალაქ ------ში (თუ კი მათ --------ლი შეიძენდა) -------ის ქუჩაზე შეძენილ ერთადერთი ბინისა და პარკინგისგან?
7. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას, რომ ფიზიკური პირებისგან რეალური ფულით პირადი მიზნებისთვის ნაყიდი ერთადერთი პარკინგი და ბინა და მათი რამდენიმე წლის შემდეგ გაყიდვა -------ის მიერ ეკონომიკურად ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა მის მიერ მშენებლობისთვის გაღებულ ხარჯებს და მათ ანაზღაურებას?
8. რაც შეეხება იმ არგუმენტთს, რომელიც შეეხება ---------ის საკუთრებაში არსებული ერთადერთი პარკინგის იმ მყიდველისთვის მიყიდვას, რომელმაც ინდივიდუალური მეწარმისგან იყიდა სხვა ბევრი პარკინგი:
ა. თუ კი იგივე არგუმენტი არ გამოდგება დამხმარე ფართთან დაკავშირებით, მაშინ რატომ არ გათავისუფლდა აღნიშნულ ნაწილში --------ლი დღგ-ის გადახდისგან?
ბ. თუ კი პარკინგთან დაკავშირებული არგუმენტი გამოყენებულია შერჩევით და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილი აქვს უბრალო დამთხვევას მყიდველის დასახელებაში, მაშინ საერთოდ რატომ იქნა ეს არგუმენტი გამოყენებული?! ეს კიდევ ერთი მტკიცებულება ხომ არ არის შემოსავლების სამსახურის აუხსნელი სუბიექტურობის?! გ. თუ კი ---------ლი ამხანაგობიდან -------ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების ნაცვლად მიიღებდა ძვირადღირებულ კოლექციურ მარკას (და რა თქმა უნდა, შესაბამისად დაბეგრავდა ამ მარკის გაყიდვას) და გაყიდდა მას პარკინგთან და დამხმარე ფართთან ერთად იმავე მყიდველზე, რა იქნებოდა უცნაური ამაში, რომ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე არა მარტო მდებარე დამხმარე ფართი, არამედ, პარკინგიც კი იყიდა ერთი და იგივე პირმა, და გახდებოდა თუ არა აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი?
9. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას, რომ გაწეული მშენებლობისთვის ამხანაგობის მხრიდან საზღაურად მაინცდამაინც ------ის ქუჩაზე ფართების გადაცემა (და არა საბანკო ანგარიშზე თანხის გადაცემა, მიწა მაიამიში ან რემბრანტის ნახატის მიღება და სხვ.) იყო არა სავალდელბულო მოვლენა, არამედ სხვადასხვა დამთხვევების შედეგი, რის გამოც ---------ის, როგორც ფიზიკური პირის უფლებები ფლობდეს და განკარგავდეს პირადი მიზნებისთვის მიზერული რაოდენობის უძრავ ქონებას არ უნდა იყოს დისკრიმინირებულად შეზღუდული?
10. თუ ---------ლი თავის სამეწარმეო საქმიანობას დაიწყებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით და საქმიანობის პერიოდში პირადი საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე მოახდენდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებების შეძენას და გასხვისებას ფიზიკური პირის სახელით (ცხადია, რომ --------ლს ეკონომიკური საქმიანობა რომ შპს-ს სახელით ეწარმოებინა, ის თავისი პირადი მიზნებისთვის სხვა ფიზიკური პირისგან არ შეიძენდა ბინას და პარკინგს შპს-ს სახელზე, ვინაიდან:
1. აღნიშნულის არავითარი საჭიროება არ ექნებოდა და
2. ეს იქნებოდა ეკონომიკურად სრული აბსურდი, რადგან ასეთ შემთხვევაში ქონების გაყიდვისას სრულიად უსაფუძვლოდ მოუხდებოდა ისეთი ქონების დღგ-თი დაბეგვრა, რომელიც აშკარად პირადი მიზნებისთვის იყო შეძენილი და რომლის შეძენისას ვერანაირ ჩათვლას ვერ მიიღებდა).
საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა იქნებოდა შემოსავლების სამსახურის არგუმენტი? რეალურად მის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიხატება მხოლო და მხოლოდ იმ ფაქტში, რომ მან საქმიანობა დაიწყო როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ და მხოლოდ ამ ფაქტის გამო მას, როგორც ფიზიკურ პირს შემოსავლების სამსახურის ცრუ წარმოდგენით აეკრძალა თავისი პირადი მიზნებისთვის უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების უფლება. საინტერესოა შემოსავლების სამსახურის წარმოდგენით სად გადის ზღვარი ფიზიკური პირის და ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობას შორის?! გულისხმობს კი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია იმავე ფიზიკური პირისთვის პირადი საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე ქონების შეძენისა და გასხვისების უფლების მოსპობას?!
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახდო ორგანომ ვერ გამიჯნა მოცემულ შემთხვევაში ინდ. მეწარმე ---------ის მიერ რეალიზებული და ფიზიკური პირი ----------ის მიერ რეალიზებული უძრავი ქონებები.
ვინაიდან სახეზეა კანონით დაშვებული ყველა კანონიერი მოქმედება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსის გათვალისწინებით შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. (მეწარმეთა შესახებ კანონი, სს კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი) გადამხდელის პოზიციაა, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხული გადასახადები წარმოადგენს არაობიექტურად დარიცხულ გადასახადებს და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
მომჩივანი აზუსტებს რომ არცერთ აქტს არ ასაჩივრებს იმ ნაწილში რა ნაწილიც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი, ყველა აქტი გასაჩივრებულია დარჩენილი დავალიანების ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/------) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, სადავო საკითხებიდან მე-2 ეპიზოდის (მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა)), შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/--------) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის დასკვნით გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 15 069 ლარით, მათ შორის დღგ 8 871 ლარი და ჯარიმა 6 198 ლარით.
მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/-----) გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. არგუმენტებს მიუთითებს მხოლოდ დავის საგნის იმ ნაწილში დარიცხვის არამართლზომიერებაზე, რაზეც საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ნამსჯელი აქვს და ამ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 (რეგ. 18.12.2023წ. №03/-----) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20363/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი. კერძოდ :
2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი და 1 დამხმარე ფართი . დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 95 163 ლარით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი და დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9 085 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №32496 ბრძანება და №002- 244 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №13943 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №20363/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №13943 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, სადავო საკითხების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს №20363/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა დასკვნა სადაც მითითებულია, რომ: შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შედეგად დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 15 069 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №8004 ბრძანება და №002-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №20363/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“); 80(1); 100 (3 „ბ“); 102(1 „ბ“); 105(1); 159(1 „ა“); 163(1.2 .6); 164(1);