ბრძანება N 7153

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7153
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7153

03.04.2023

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------" )

2022 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2022 წლის 8 ნოემბრის №76118/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №002-179 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი მოკვლევისა და შესწავლის გარეშე უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან ამოღებული ამონაწერები, სადაც დეტალურად იყო დაფიქსირებული რა რაოდენობის უცხოური ვალუტა შეიძინა ან გაყიდა ეროვნულ ვალუტაში, ასევე, დაფიქსირებული იყო კურსები, თარიღი და საათი, თუ როდის განხორციელდა ეს ოპერაცია. ამდენად, სახეზე იყო დოკუმენტი, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არც ერთ ორგანოს არ აქვს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული დოკუმენტით ვერ დაადგინა დასაბეგრი შემოსავალი და გამოიყენა "-------"-ის სავალუტო ჯიხურში არსებული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ამონაწერი და დაადგინა ვალუტის საბაზრო ფასი. აცხადებს, რომ ბანკის მიერ დადგენილი კურსი არის ყველაზე სარწმუნო და მისი შეცვლის საფუძველი საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №"------" განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის №"------" განჩინება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №"------" გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. ი/მ "-------"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 12 დეკემბრის №51938 ბრძანება და 2014 წლის 12 დეკემბრის №002- 200 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 28 იანვრის №1890 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება №9683/2/15 საჩივარზე და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №"------" განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №"------" გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 ოქტომბრის №002-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო ი/მ "-------"-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას/ინფორმაციას (მ.შ სს „------“ ამონაწერსა და სალაროს კონვერტაციის ამონაწერებს). კერძოდ, 2013 წლის 6 აგვისტოს წერილით გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი სს „------ ბანკში“ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ხოლო 2014 წლის 10 აპრილის წერილით შემოწმებამ ი/მ "-------"-სგან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდში განხორციელებულ სალაროს კონვერტაციის ოპერაციების შესახებ (სალაროს კონვერტაციის ამონაწერი ყოველ ოპერაციაზე) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, საქართველოში ლიცენზირებულ მოქმედ ყველა ბანკში (მ.შ სს "------"-ში ) და ვალუტის გადამცვლელებად დასახელებულ ფიზიკურ პირებთან (დანართის შესაბამისად). ხოლო აღნიშნულის არ არსებობის შემთხვევაში დაევალა წარმოედგინა ცნობა, რომ აღნიშნულ ბანკში/ვალუტის გადამცვლელ პუნქტში კონვერტაციის ოპერაცია არ განუხორციელებია. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა გამოთხოვილი დოკუმენტაცია და შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა მათი გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №"------" გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად:

„სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ სასამართლო განხილვისას წარმოადგინა სს „------- ის “ მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა და ინფორმაცია "-------"-ის მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის მიერ სს „----- -ში “ მოთხოვნილი ტრანზაქციების ჩამონათვალით. ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება საგადასახადო შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას წარდგენილი არ ყოფილა, თუმცაღა აქვს მნიშვნელობა არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებული გაანგარიშების მაქსიმალურად ზუსტად და გადამხდელის ინტერესების გავალისწინებით განსაზღვრისათვის სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მოპასუხეთა მხრიდან.“

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული სს „------ -ის “ მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა და ინფორმაცია "-------"-ის მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის მიერ სს „----- -ში “ მოთხოვნილი ტრანზაქციების ჩამონათვალით არ ყოფილა შესწავლილი გადაანგარიშების ეტაპზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და საქმეზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №------ გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №"------" გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №"------"გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა გამოთხოვილი დოკუმენტაცია და შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა მათი გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის №3/805-16 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგ ნორმებს:

96,97.