გადაწყვეტილება №18983/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
გადაწყვეტილება №18983/2/2023
23.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---------- 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18983/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №052-3 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 29 883 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 985
დღგ - 8 366
საშემოსავლო გადასახადი - 6 619
ჯარიმა - 8 665
საურავი - 6 233
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №12571 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 17 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე მეწარმეს ნაწარმოები აქვს საწვავის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალები. აღნიშნულ ჟურნალებში დაფიქსირებული საქონლის (საწვავის) მოძრაობა შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული შეძენები და რეალიზაციები). შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავლები/დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდება (ნაკლებია) ჟურნალში დაფიქსირებული შემოსავლებისგან/ბრუნვისგან. შემოწმებით ერთობლივი შემოსავალი/დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საწვავის აღრიცხვის ჟურნალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწვავის შეძენისა და რეალიზაციის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 12 ივლისის №22627 ბრძანება და 13 ივლისის №052-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 27 034 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 13 დეკემბრის №38407 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №38407 ბრძანება 27.12.2021 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.03.2022 წლის №15344/2/2021 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნა, 2.02.2023 წლის №1685 ბრძანება და №052-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ უგულებელყო ნავთობ-პროდუქტების ჟურნალებში დაფიქსირებული ციფრები და არასწორად გაიანგარიშა საწვავის მოძრაობა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო შემოწმების აქტში და დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოწება ხელმძღვანელობდა აღნიშნული მონაცემებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი სხვაობების დაფიქსირება, რადგან ეს ყველაფერი წარმოადგენს ელემენტარულ არითმეტიკას. გადაანგარიშების პროცესში, სამწუხაროდ, არ მომხდარა საგადასახადო შემმოწმებლებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტორთან ერთად გაიაროს ჟურნალებში დაფიქსირებული თითოეული ციფრი, რათა დაარწმუნოს, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი სხვაობები შეუძლებელია რომ დაფიქსირდეს დეკლარირებულ და ჟურნალებში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 25.03.2022 წლის №15344/2/2021 გადაწყვეტილებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საწვავის აღრიცხვის ჟურნალები. შემოწმების ეტაპზე, ვინაიდან მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხვის ჟურნალების ელექტრონული ვერსია, განხორციელდა ჟურნალებში დაფიქსირებული ინფორმაციის ექსელის ფორმატში გადატანა, ჩატარდა საწვავის რაოდენობრივი ანალიზი, რაც გამორიცხავს მონაცემების გაორებას. შემოწმებით შემოსავალი დადგინდა არა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემების დაჯამებით, არამედ საწვავის ჟურნალების მიხედვით გაანგარიშებული საქონლის მოძრაობით, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. შესაბამისად, შემოსავლის გაორებას ადგილი არ ჰქონია. გადაანგარიშებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანს არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.