გადაწყვეტილება №21479/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21479/2/2023
05 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ს“ 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21479/2/2023).
დავის საგანი:
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27492 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 136 004,19 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 77 368
დღგ - 3 969
საშემოსავლო გადასახადი - 73 399
ჯარიმა - 38 933
საურავი - 19 703,19
პროცედურული გარემოებები
24.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურს შპს „------ს“ საჩივარი წარედგინა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით დავის განახლების და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27492 ბრძანებით საჩივარი დავის ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურში 24.10.2023 წელს წარდგენილი საჩივრით მომჩივანი დავის განახლებისთვის ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ საფუძვლად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მას შემოწმების პერიოდში არ გააჩნდა შედარების აქტების კონტრაქტორი კომპანიებიდან წარდგენის შესაძლებლობა იმის თაობაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა მიღებული საკომპენსაციო თანხები, რის შესაძლებლობაც გააჩნდათ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის დროისთვის.
შემოსავლების სამსახურის მიერ 7.11.2023 წლის №27492 ბრძანებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული და წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი.
ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხული თანხების ოდენობას და დასაბეგრი პერიოდის ცვლილებას, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მომსახურების საკომპენსაციო თანხები არ ჰქონდა მიღებული, რაზედაც წარმოდგენს შესაბამის შედარების აქტებს კონტრაქტორი კომპანიებიდან.
საზოგადოების მიერ შემოწმების პროცესში სრულად ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი შედარების აქტები რისი შესაძლებლობაც შემდგომი პერიოდიდან გააჩნიათ და აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას.
მომჩივანი ითხოვს განხილვაში მონაწილეობას და აუდიტის დეპარტამენტისთვის დარიცხული თანხების კორექტირების დავალებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ იცოდა ან შეუძლებელი იყო სცოდნოდა მომსახურების მიმღებთაგან საკომპენსაციო თანხების მიუღებლობის თაობაზე ან შემოწმების პროცესში რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემმოწმებელთათვის წარდგენა.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ არის იმ სახის, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა
ფაქტების აღწერა
24.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „------ს“ საჩივარი 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27492 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 9.07.2021 წლის №22374 ბრძანებას და 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.07.2021 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 24.10.2023 წელს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრების ვადის დარღვევის ფაქტს არ უარყოფს მომჩივანი, თუმცა ითხოვს იმ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას, რომელთა თაობაზეც გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №124401-21-14 წერილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სადავო აქტებს ელექტრონულად გაეცნო 15.07.2021 წელს. მათი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 14.08.2021 წელი. შემოსავლების სამსახურს საჩივარი წარედგინა 24.10.2023 წელს.
აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს მომჩივანიც, თუმცა ითხოვს იმ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას, რომელთა თაობაზეც გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.
ამგვარად, ვინაიდან გასულია სადავო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურში 24.10.2023 წელს წარდგენილი საჩივრით მომჩივანი დავის განახლებისთვის ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ საფუძვლად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მას შემოწმების პერიოდში არ გააჩნდა შედარების აქტების კონტრაქტორი კომპანიებიდან წარდგენის შესაძლებლობა იმის თაობაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა მიღებული საკომპენსაციო თანხები, რის შესაძლებლობაც გააჩნდათ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის დროისთვის. შემოსავლების სამსახურის მიერ 7.11.2023 წლის №27492 ბრძანებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. 24.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურს წარედგინა მომჩივნის საჩივარი 12.07.2021 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27492 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4)(6)(7)(10), 301"ე".