ბრძანება N 12655

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.06.2023
№ დოკუმენტი 12655
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12655

07.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.:-----------------)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 5 აპრილის №19327/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №006-78 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ოქროს დანაკლისთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში თავიდანვე არასწორად მოხდა დასაკუთრებული ნივთების წონის დაფიქსირება და ნაცვლად 30 353 გრამი მეტალის წონისა დაფიქსირდა 40 422 გრამი ნივთის (ნაკეთობის) წონა, რამაც შემდგომში საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვის კუთხით გამოიწვია უზუსტობები, ვინაიდან ძვირფასი ლითონების შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა მეტალის წონის და არა ნივთის/ნაკეთობის გრამაჟის მიხედვით. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ბუღალტრულ ჩანაწერებში 806 303 ლარის ნაშთის არსებობა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2020 წლის 31 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს კომპანიის ყოფილი დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის შპს „----------“ შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 69 266 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 720 ლარი და ჯარიმა 21 546 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 თებერვლის №006-78 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №31080 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ჩანაწერები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, არ დასტურდება გადამხდელის არგუმენტაცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში დასაკუთრებული ოქროს საწყისი ნაშთი განსაზღვრული იყო არასწორად, კერძოდ, საწყის ნაშთად ასახული იყო ნივთის (ნაკეთობის) წონა ნაცვლად ძვირფასი ლითონის რეალური წონისა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი;

დირექტორის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის შპს „----------“ შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად დარიცხული თანხები დაუქვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 69 266 ლარით, მათ შორის, გადასახადი 47 720 ლარით და ჯარიმა 21 546 ლარით.

გადასახადის გადამხდელის პოზიციით, წინა შემოწმებამ ინვენტარიზაციით დათვალა ნივთის წონა და არა ოქროს რეალური წონა, შესაბამისად, კომპანიამ ბუღალტერიაში ასახა საწყის ნაშთად ინვენტარიზაციის შედეგი, ანუ ნივთის მთლიანი წონა და შემდგომ ანგარიშგებას (დასაკუთრება და რეალიზაცია) ახორციელებდა ოქროს რეალური წონის მიხედვით, ხოლო გამოვლენილი დანაკლისი, არის სხვაობა საწყის ნაშთად დასმულ ნივთის გრამაჟობასა და ამ ნივთში ოქროს რეალურ გრამაჟობას შორის.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელმა აღნიშნული პოზიციის დასაბუთების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამიდან ექსელის ფაილი, სადაც გამიჯნულია ნივთის მთლიანი წონა და ამ ნივთში ძვირფასი ლითონის წონა. წარმოდგენილი ექსელის ფაილით ნივთის მთლიანი წონა არის 40 422 გრამი (რაც ასევე ემთხვევა ინვენტარიზაციის მონაცემებით დათვლილ ჯამურ მონაცემებს), ხოლო უშუალოდ ძვირფასი მეტალის წონა მითითებულია 30 353 გრამი, სხვაობა შეადგენს 10 071 გრამს. წარმოდგენილი მტკიცებულების გადამოწმების მიზნით გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა პირველადი დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულებები და ლითონის შეფასების აქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ა.შ), საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა გადამხდელის პოზიციის დასაბუთება, თუმცა უფლებამოსილი პირის ზეპირი განმარტებით აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის მასალები (წინა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში სხვა ჯარიმების ნაწილში მოცემულია, რომ ბუღალტრულად ოქროს ნაშთი შეადგენს სულ 40 422 გრამს და ფაქტობრივად დათვლილი ოქროს წონიდან გამოვლინდა დანაკლისი 500 სინჯში - 498,99 გრამი და 958 სინჯში - 117,4 გრამი. ვინაიდან სახეობის მიხედვით დანაკლისი არ აღემატება 2%-ს ჯარიმა არ განისაზღვრა), კერძოდ, ფაქტობრივად აღწერის შედეგებში (დანართი №16) ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია სესხის ნომერი, ნივთის მთლიანი წონა და ძვირფასი ლითონის წონა. ასეთი იდენტიფიცირებადი შემთხვევები შერჩევით შედარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ექსელის ფაილთან და დადგინდა, რომ ნივთის მთლიან წონაში ასახულია ინვენტარიზაციის შედეგებში აღრიცხული ძვირფასი ლითონის წონა, შესაბამისად, გადამხდელის პოზიცია შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გაზიარებული არ ყოფილა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელმა აღნიშნული პოზიციის დასაბუთების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარმოადგინა კომპანიის შიდა აღრიცხვის პროგრამიდან ექსელის ფაილი, სადაც გამიჯნულია ნივთის მთლიანი წონა და ამ ნივთში ძვირფასი ლითონის წონა. (რაც ასევე ემთხვევა ინვენტარიზაციის მონაცემებით დათვლილ ჯამურ მონაცემებს), ხოლო უშუალოდ ძვირფასი მეტალის წონა მითითებულია სხვაობით.გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა ინვენტარიზაციის მასალები.ნივთის მთლიან წონაში ასახულია ინვენტარიზაციის შედეგებში აღრიცხული ძვირფასი ლითონის წონა, შესაბამისად, გადამხდელის პოზიცია შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გაზიარებული არ ყოფილა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);304(21);