ბრძანება N 2034

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2025
№ დოკუმენტი 2034
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2034

07 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №94007/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №001-241 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისათვის შპს „-------“-ს ნაქირავები აქვს სასაწყობე ფართი სხვა მოიჯარეებთან ერთად. მეიჯარესთან 2023 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სასამართლო დავები. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებულია არსებული სასაწყობე ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მეიჯარისათვის გადაცემა. გადამხდელი მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის მომენტისთვის შპს „-------"-ს ნაწილობრივ უკვე დაცლილი ჰქონდა სასაწყობე ფართი და სმფ-ების ნაწილი გადატანილი ჰქონდა ახლად ნაქირავებ ფართში, ხოლო გარკვეული ნაწილი კომპანიის დირექტორის საცხოვრებელ სახლში. მომჩივანი განმარტავს, რომ მეიჯარემ თვითნებურად დაკეტა ნაქირავები საწყობი (ტრაქტორის მეშვეობით შესასვლელ კარებს მიაწყო ბეტონის ლოდები), რის გამოც ფაქტობრივად ვეღარ მოხერხდა საწყობში შესვლა. მომჩივანი მიუთითებს, რომ მან აცნობა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომ ზემოაღნიშნული მიზეზით შეუძლებელი იყო ამ პერიოდში სმფ-ების ინვენტარიზაცია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისათვის ინვენტარიზაციაში დახმარება, მათ მიერ მთლიანი სმფ ჩაითვალა რეალიზაციად. ჩატარდა შემოწმება და შედეგად შედგა შემოწმების აქტი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანია ფუნქციონირებს ახალ საწყობში და მასთან შესაძლებელია ინვენტარიზაციის ჩატარება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სადავო დარიცხვის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის №15297 და 20 დეკემბრის №26764 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 12 ივლისის №16871 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27188 ბრძანება და ამავე თარიღის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 143 713 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 731 ლარი, ჯარიმა 43 366 ლარი, საურავი 13 616 ლარი.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის N16871 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 287 101.97 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი (შედგენილ იქნა 2024 წლის 12 იანვარს CB1574974 სამართალდარღვევის ოქმი). შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული დანაკლისის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ვალდებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №16871 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 287 101.97 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით, 2024 წლის 12 იანვარს შედგა №CB1574974 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შედეგად, დანაკლისი შემოწმების მიერ დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის ოდენობას და აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული დანაკლისის გამოვლენის შემდეგ შესაბამისი ვალდებულებები. შედეგად, შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983(2); 159