ბრძანება N 209-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.01.2021
№ დოკუმენტი 209-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 209

18/01/2021

შპს -----

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს ----- ს 04 დეკემბრის №55134/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 ნოემბრის №002-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

დღგ-ს ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვის კორექტირებასთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტიდან ვერ დგინდება აღნიშნული თემის მიხედვით განხორციელდა თუ არა ბიუჯეტის წინაშე დამატებითი ვალდებულებების განსაზღვრა. განმარტავს, რომ თუ აღნიშნული თემა არ ახდენს ბიუჯეტის წინაშე გადასახადების დაკისრების ვალდებულებას, თანახმაა აღნიშნულ საკითხზე შეწყვიტოს დავა.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 თებერვლის № 5305 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 16 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 09 ნოემბრის №33190 ბრძანება და ამავე თარიღის №002-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 27 278 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 163 ლარი, ჯარიმა 8 115 ლარი, საურავი 0,64 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს სამედიცინო აპარატურის და ნაწილების იმპორტს და მიწოდებას ადგილობრივ ბაზარზე, საწარმო აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს დამკვეთისათვის შეცვლილი (ძველი) ნაწილების მიწოდებას, რომლის ინვოისშიც ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ღირებულებას განიხილავს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა, სულ 50 191 ლარით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ.

დადგენილი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ახორციელებს შეცვლილი ნაწილების უკან დაბრუნებას მომწოდებლისთვის და აღნიშნული განხორციელებული აქვს როგორც საქონლის ექსპორტი. შემოწმების შედეგად, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან განხორციელებულია საქონლის უკან დაბრუნების ოპერაცია შემცირებას დაექვემდებარა ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ განსახილველ საკითხს დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა არ გამოუწვევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველი საკითხის მიხედვით დღგ-ს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის კორექტირება მარლზომიერია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.