გადაწყვეტილება №19211/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 19211/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19211/2/2023

19.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19211/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №022-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №3891 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 113 254 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 64 903

ჯარიმა - 32 451

საურავი - 15 900

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია დაფუძნებულია 2009 წლის 27 იანვარს, შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებს. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინვოისები, რომელთა დამუშავების შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გამოსაქვითი ხარჯების შესახებ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტების დამუშავების შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, სალაროს უძრავი ნაშთი განხილული იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40756 ბრძანება და №022-70 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 99 965 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №022-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №3891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა სხვადასხვა გაუშიფრავი დოკუმენტური ხარჯი, რაც გადასახადის გადამხდელისა და შემოწმების მიერ ვერ იქნა დეტალურად გაშიფრული. მიუხედავად ამისა, შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებულ ასეთი დანახარჯები. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე (ტვირთის გადაზიდვის მომსახურება) აღნიშნული სახის ხარჯი შემოწმების მიერ ჩაითვალა ტრანსპორტირების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯად, კერძოდ, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საბურავები, ავტონაწილები, მანქანების შეკეთების მომსახურების ხარჯი, აგრეთვე ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის დარჩენილი ღირებულება.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გარდა, შემოწმების მიერ გადაანგარიშების თაობაზე დასკვნაში დაფიქსირებული სამივლინებო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯისა, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საწვავის ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება, ითხოვდა აღნიშნული კალკულაციით დადგენილი საწვავის ხარჯის 75%-ის ხარჯად აღიარებას, რის შედეგადაც უნდა გაზრდილიყო გამოსაქვითი ხარჯი და შესაბამისად, შემცირებულიყო შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საქართველოში და საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის შედეგადაც გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 303 171 ლარი, თუმცა ვინაიდან ვერ იქნა ყველა დოკუმენტის მოძიება შესაძლებელი, გადასახადის გადამხდელმა მოამზადა გავლილი კილომეტრაჟის ცხრილი თითოეული ინვოისის მიხედვით, მიუსადაგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო წვა და საქართველოში არსებული საწვავის ფასების ისტორია დღგ-ის გარეშე (გალფი). აღნიშნული კალკულაციით დადგინდა, რომ საწვავის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 418 522 ლარი. მოითხოვა რომ (418 522-303 171)*75%=86 514 ლარი ხარჯად გათვალისწინებული ყოფილიყო დამატებით, რაც დათვლილია მინიმალური, გალფის ფასებით და არა ევროპის ან თუნდაც ადგილობრივ ბაზარზე არსებული უფრო მაღალფასიანი ბენზინგასამართი სადგურების ფასებით.

აღნიშნული არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა. მომჩივანი ითხოვს საწვავის ხარჯის 86 514 ლარით გაზრდას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტის გათვალისწინებით, რომ შემოწმების პროცესში სრულად არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც წარადგენდა დავის განხილვის ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისთვის გაწეული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯები. კერძოდ, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული სამივლინებო ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გარდა, სამივლინებო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯისა, წარდგენილი ჰქონდა საწვავის ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება და ითხოვდა კალკულაციით დადგენილი საწვავის ხარჯის 75%-ის ხარჯად აღიარებას. მოამზადა გავლილი კილომეტრაჟის ცხრილი თითოეული ინვოისის მიხედვით, მიუსადაგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო წვა და საქართველოში არსებული საწვავის ფასების ისტორია დღგ-ის გარეშე (გალფი). აღნიშნული კალკულაციით დადგინდა, რომ საწვავის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 418 522 ლარი, ნაცვლად შემოწმების პერიოდში წარდგენილი, საქართველოში და საზღვარგარეთ შეძენილი საწვავების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი გამოსაქვითი ხარჯისა, რომელმაც შეადგინა 303 171 ლარი. ამდენად ითხოვს სხვაობის 86 514 ლარის საწვავის ხარჯის დამატებით გათვალისწინებას.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი 29.03.2023 წლის №----21-04 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის გაწეული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯები. კერძოდ, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული სამივლინებო ხარჯი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წლის 6 სექტემბერს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც საგადასახადო აქტით დარიცხული თანხა დაექვემდებარა გადაანგარიშებას. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი საწვავის ხარჯის 75%-ის გათვალისწინების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა სხვადასხვა გაუშიფრავი დოკუმენტური ხარჯები, რაც გადასახადის გადამხდელისა და შემოწმების მიერ ვერ იქნა დეტალურად გაშიფრული. მიუხედავად ამისა, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ასეთი დანახარჯები. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე (ტვირთის გადაზიდვის მომსახურება), აღნიშნული სახის ხარჯი შემოწმების მიერ ჩაითვალა ტრანსპორტირების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯად, კერძოდ როგორიცაა: ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საბურავები, ავტონაწილები, მანქანების შეკეთების მომსახურების ხარჯი, აგრეთვე ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის დარჩენილი ღირებულება.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინვოისები, რომელთა დამუშავების შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გამოსაქვითი ხარჯების შესახებ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტების დამუშავების შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, სალაროს უძრავი ნაშთი განხილული იქნა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40756 ბრძანება და №022-70 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4789 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 99 965 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №022-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.03.2023 წლის №3891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 24.02.2022 წლის №4789 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51(1"გ"), 263(1).