ბრძანება N 24364

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24364
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24364

05 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 და 30 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №83 და №90) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 6 აგვისტოს №97407/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №021-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, შემმოწმებლებისათვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროს ანგარიშიდან გარკვეული თანხის გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. აცხადებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად განემარტა შემმოწმებელს, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა მოგების განაწილებას და პირველ რიგში ანაწილებდა 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, რაზეც ეკუთვნის შესაბამისი პერიოდის გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის პირად საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის კომპანიისთვის გადაცემა. აღნიშნული დავალიანების დაფარვა კომპანიის მიერ განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით 2020-2021 წლებში, კომპანიის შესაბამისი ფულადი საშუალებების არსებობის პერიოდში. გადაანგარიშების ეტაპზე ზემოაღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობისა და საქმიანობის პროცესში მათი გამოყენების დასტურად წარდგენილ იქნა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ტექნიკით მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდება საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის საჭიროებებით, დანარჩენ სპეც ტექნიკებზე (ბულდოზერი, ექსკავატორი, ამწე და ა.შ.) წარდგენილ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ოფიციალური ფორმა №2-ები და სხვა დოკუმენტაცია.ამასთან, აღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობის პერიოდში კომპანიის მიერ ანალოგიური სახის მომსახურება არ არის მიღებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან. ასევე, კომპანიის აღრიცხვისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მონაცემებით დასტურდება ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავისა თუ მათი მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯებიც. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტთან სიტყვიერი შეთანხმებით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული ტექნიკის საბაზრო ფასების დადგენის მიზნით, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დარიცხული თანხის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9988 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №021-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად.

გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია შპს „-------“-ის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შემოწმებას მიაჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ სამხარაულის დასკვანა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულების შესახებ. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. ვინაიდან, არ არსებობს სატრანსპორტო საშუალებების კომპანიის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება (მათ შორის განსახილველი ქონება შესამოწმებელ პერიოდში და გადაანგარიშების ეტაპზეც რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრებაში), გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც მიეცა შესაძლებლობა დამატებით წარმოედგინა ინფორმაცია/მტკიცებულებები მისი პოზიციის დასადასტურებლად, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

2. კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად.

გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია მომჩივანის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შემოწმებას მიაჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ სამხარაულის დასკვანა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)