ბრძანება N 19891
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 19891
17/07/2020
შპს -----
(მის.: ქ. -------)
2020 წლის 27 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 24 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 მაისის №51069/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 01 მაისის №005-77 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 20 თებერვლის №4392 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს კამერალური საგადასახადო შემოწმება 201 6 წლის 26 დეკემბრის №38110 ბრძანებით ჩატარებული ს .მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 15 აპრილს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 30 აპრილს გამოსცა №11976 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2020 წლის 01 მაისის №005-77 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 25404 ლარით, მათ შორის გადასახადი 13786 ლარი, ჯარიმა 6893 ლარი, საურავი 4725 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 26 დეკემბრის №38110 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 76183 ლარის ოდენობით, რაზეც 2017 წლის 07 აპრილს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №742982. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი ასახული/დაბეგრილი არ აქვს მოგების გადასახადით და დღგ-ით. შესაბამისი პერიოდის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრა მოგების გადასახადი. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მარაგების 97,05% დღგ-სგან განთავისუფლებული მედიკამენტებია. აღნიშნული პროპორციით გაიმიჯნა ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისი და დადგინდა, რომ გამოვლენილი დანაკლისიდან 1901 ლარის ღირებულების მარაგები იყო მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისი განხილულ იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგრვას. მომჩივანის მიერ დანაკლისის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა გამორჩენილია 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში, რაც მიუთითებს გარემოებაზე, რომ მომჩივანი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად შპს ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ----- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
მოკლე აღწერილობა
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოწმების მიხედვით გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისი ასახული/დაბეგრილი არ აქვს მოგების გადასახადით და დღგ-ით. სსკ-ს 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრა მოგების გადასახადი. ამასთან, სმფ-ების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მარაგების 97,05% დღგ-სგან განთავისუფლებული მედიკამენტებია. აღნიშნული პროპორციით გაიმიჯნა ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისი და დადგინდა, რომ გამოვლენილი დანაკლისიდან 1901 ლარის ღირებულების მარაგები იყო დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. გამოვლენილი დანაკლისი განხილულ იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხა ადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275 მუხლით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტის განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,გ“); 97(7); 983(2); 269(7); 275
01.01.2021 წლამდე მომქედი 161;