ბრძანება N 568
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 568
17 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----" )
(ფაქტ. მის.:"-----")
2024 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----") 2024 წლის 9 იანვრის №2032/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №035-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის 13 აპრილს საბანკო ანგარიშიდან გატანილ/გადარიცხულ 21 000 ლარის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, რადგან აღნიშნული თანხის გაცემის დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელფასი“. გადამხდელი მიუთითებს, რომ ამ თანხის ნაწილი, 3000 ლარი, მართლაც წარმოადგენდა ხელფასს, ხოლო 18 000 ლარი იმავე წლის 13 მაისამდე ინახებოდა სალაროში, რათა სმფ-ის შეძენა მომხდარიყო ნაღდი ანგარიშსწორებით. პანდემიის გამო აღნიშნული ვერ განხორციელდა და 13 მაისს საბანკო ანგარიშზე დაბრუნდა თანხა. საჩივარზე დართულია საბანკო ამონაწერის გვერდი (პდფ ფაილი), სადაც ჩანს თანხის შეტანა. მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს სალაროში თანხის შენახვას გონივრული ვადით. ასევე, აღნიშნავს, რომ თანხის გაცემისას ტექნიკური შეცდომა მოხდა და დანიშნულებაში ნაცვლად "სახელფასო განატანი და მასალების შეძენა", დაფიქსირდა მხოლოდ " ხელფასი".
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, იმ საფუძვლით, რომ ხელფასის მიღების მომენტში 4 ფიზიკურ პირს არ გააჩნდათ გადახდის წყაროსთან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული ცნობა (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსთან დაკავშირებით). გადამხდელი აღნიშნავს, რომ ხელფასის გაცემის მომენტში აღნიშნულ პირებს არ გააჩნდათ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შეღავათით სარგებლობის შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ცნობა თავისთავად არ წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ უფლებას აძლევს დაქირავებულს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთ დამქირავებელთან მიღებული შემოსავლების მიხედვით. აცხადებს, რომ მათ იცოდნენ, აღნიშნული დასაქმებულები, სხვა დამქირავებელთან არ სარგებლობდნენ შეღავათით, აღნიშნულ პირებზე შესაბამისი ცნობების გამოთხოვა მოხდა მოგვიანებით. (წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის გაცემული ცნობები 11.12.2023 და 27.12.2023 თარიღებით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გაცემული ცნობები). გადამხდელი მიუთითებს, რომ ამ ფიზიკური პირების მიმართ შეღავათის გავრცელება კანონიერია და არ მომხდარა კანონმდებლობის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №23016 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 დეკემბრის №32713 ბრძანება და ამავე თარიღის №035-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 018 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 217 ლარი, ჯარიმა 6 609 ლარი, საურავი 4 192 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „------ -ის “ საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ 2020 წლის აპრილის თვეში საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. საწარმოს მიერ 18 000 ლარის ხელფასის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად ზემოაღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დაქირავებული ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის დაქირავებულ პირებზე განაცემების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.) შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით, რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობებით გაზრდილ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა. ამავე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 391 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) (დანართი №II-082) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.
2. ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან:
ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „------- -ის “ საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილის თვეში საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. საწარმოს მიერ ხელფასის სახით გაცემული 18 000 ლარის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა.
საწარმოს დაქირავებული ჰყავდა ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით. შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს (რობერ ავაქიანს, მკრტიჩ აქოპიანს, ჟორა არუთუნიანს და არაქელ კურღინიანს) ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში. შეღავათის დამადასტურებელი ცნობა შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ზემოაღნიშნული სახელფასო განაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად, შემოწმებამ დაბეგრა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "-----") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის 13 აპრილს საბანკო ანგარიშიდან გატანილ/გადარიცხულ თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანის საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ 2020 წლის აპრილის თვეში საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია 21 000 ლარი, ხელფასის დანიშნულებით. ამავე პერიოდში კი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული და დეკლარირებულია მხოლოდ 3 000 ლარი. საწარმოს მიერ ხელფასის დეკლარირება და დაბეგვრა არ მომხდარა. ზემოაღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2.საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დაქირავებული ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით.შემოწმებით დადგინდა, რომ 4 ფიზიკურ პირს ხელფასის მიღების დროს არ გააჩნდათ შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურში.გამოვლენილი სხვაობებით გაზრდილ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
82(2),101,154.