ბრძანება N 4663
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4663
13.03.2023
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“ )
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------"-ის (ს/ნ „-------“) №18913/2/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №CB1437756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის საგანია სამრეწველო სარეცხი საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები, ლაქ-საღებავები და საღებავებით ვაჭრობა. შესაბამისად ხდება ამ საქონლის იმპორტი, მათი დასაწყობება და შემდგომი რეალიზაცია. 2023 წლის 31 იანვარს საქონლის ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, მისი ჩამოწერის მიზნით კომპანიის ბუღალტრის მიერ შევსებული და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილი იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი, რომლის შევსების დროს ბუღალტრის მიერ არასწორად იქნა გაგებული ხელმძღვანელების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაშვებული იქნა შეცდომა. კეძოდ, რაოდენობის გრაფაში (მაგალითად poliuretan varnish Filler), ბუღალტერმა არასწორად, 360 კილოს ნაცვლად, მიუთითა ამ საქონლის ერთი ცალის წონა 12 კილო, ხოლო ერთეულის ფასში შეიტანა ამ საქონლის რაოდენობა 30 ცალი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით სულ გრაფაში შეტანილია საქონელი -poliuretan varnish Filler -ის რაოდენობა სულ 360 კილო, აღნიშნული საქონლის ღირებულების ნაცვლად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. მათ მოტივს არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს გადასახადების დამალვა ან შემცირება. ბიუჯეტს არ მიდგომია ზიანი. კომპანიას არ დაურღვევია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და ამდენად, შპს „------“-ის მიმართ ჯარიმის გამოყენება არამართლზომიერია. შეცდომა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ბუღალტერს მიეწოდა ინფორმაცია ინგლისურ ენაზე და ბურალტერმა ქართული შინაარსი სწორად ვერ გაიგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებასა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 30 იანვარს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:„-------“ ელექტრონული განაცხადით (9333.53 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე) მიმართა შპს „--------“-მა ( ს/ნ „-------“ ), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 30 იანვარს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ-4728/1 რომლის საფუძველზე დაინიშნა შპს „--------“-ის ( ს/ნ „-------“) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
2023 წლის 31 იანვარს, მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ შპს „----------“-ში სადაც კომპანიის დირექტორს („-------“ პ/ნ „-------“) ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.
გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი. კერძოდ, დანაკლისი გამოვლინდა დანართ №24-ის 2-ე ,4-ე, 5-ე ,8-ე, 9-ე, 10-ე, 11-ე, 12-ე, 13-ე, 14-ე, 15-ე, 16-ე, 17-ე, 18-ე, 19-ე, 20-ე, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24- ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, 40-ე, 41-ე, 42-ე, 43-ე, 44- ე, 45-ე, 46-ე, 47-ე, 48-ე, 49-ე, 50-ე, 54-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე, 79-ე, 80-ე, 82-ე, 83-ე, 85-ე, 86-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე, 90- ე, და 91-ე პოზიციებში. სულ დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 5492 ლარი.
აღნიშნულზე 2023 წლის 31 იანვარს შედგენილი იქნა №CB1437756 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 5492 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებასა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მომჩივანმა. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. ამავე თარიღში გამოცემული იქნა ბრძანება, რომლის საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ღონისძიება. კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულზე 31.01.2023 წელს შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6) (7); 269 (7); 270 (2); 279 (3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 33 (1).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 601 .