ბრძანება N 8884

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.04.2024
№ დოკუმენტი 8884
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8884

17 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------)

2024 წლის 8 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 8 აპრილის №88968/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მარტის №002-32 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება იჯარით აქვს აღებული სს „-------“, რომლის გადამხდელად 2013 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე (ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით) განისაზღვრა სს ,,--------“ ანუ მოიჯარე, ვინაიდან მას ჰქონდა განხორციელებული ინვესტირება და ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული ჰქონდა ეს შენობა, როგორც საინვესტიციო ქონება. ასევე, 2023 წლის 26 ივნისს სს „------მა“ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა, რაზეც 2024 წლის იანვარში მიიღო პასუხი, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის, შპს „-----ას“ საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მიმართებით, რომლითაც სარგებლობს სს „------“, საწარმოს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა, გარდა ამავე ქონებაზე გაწეული ძირითად საშუალებად აღიარებული კაპიტალიზებადი ხარჯებისა, რომელიც დაექვემდებარება სს „-----ის“ მიერ ქონების გადასახადით დაბეგვრას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. განმარტავს, რომ 2006 წლიდან დღემდე მოიჯარე იხდის ქონების გადასახადს საბაზრო ღირებულებით არასწორად. მიაჩნია, რომ არამართლზომიერია ერთსა და იმავე ქონებაზე ქონების გადასახადის ორმაგად გადახდა. დამატებით განმარტავს, რომ სს „------ის“ მიერ 2019 და 2020 წლის წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტების ხანდაზმულობის ვადა გასულია და ქონებაზე გადასახადი გადახდილია სს „------ის“ მიერ, ხოლო შპს „-------ას“ იმავე ქონებაზე მეორედ დაერიცხა 2019 და 2020 წლის ქონების გადასახადი საბაზრო ღირებულებით, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ 2012 წლიდან დღემდე შემოსავლების სამსახურში წარადგენდა ქონების გადასახადის დეკლარაციას, წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12686 ბრძანების საფუძველზე შპს „------ას“ (ს/ნ -----) 2023 წლის 6 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12686 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 29 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 177 973 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის №002-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

2024 წლის 29 თებერვალს შედგენილი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხასა და გადაანგარიშების ფარგლებში გამოვლენილ თანხას შორის სხვაობისა, ტექნიკური შეცდომით დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობასა და გადაანგარიშების ფარგლებში გამოვლენილ თანხას შორის სხვაობით მოხდა თანხების შემცირება. შესაბამისად, ტექნიკური უზუსტობის გამო ვერ მოხდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების გათვალისწინება გადაანგარიშების დროს. ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 11 მარტის დასკვნა, სადაც აღინიშნა, რომ ვინაიდან დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, გადამხდელს ნაცვლად 177 973 ლარისა, უნდა შეუმცირდეს 217 245 ლარი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 13 მარტის №5473 ბრძანება და ამავე თარიღის №002-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით შეუმცირდა 39 272 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ფარგლებში გადამხდელმა წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2024 წლის პირველი თებერვლის №000476724 დასკვნა, რომლის მიხედვით ქალაქ თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე, ნაკვ. 05/107-ზე მდებარე შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა 53 049 072 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის საანგარიშო პერიოდში - 40 786 812 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, შემოწმებამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულებით დააკორექტირა ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულებები და კორექტირების შედეგად განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შედგენილი საექსპერტო დასკვნის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, დაკორექტირდა შენობანაგებობების საბაზრო ღირებულებები და შედეგად, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველ სადავო საკითხად გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ასევე, მეორე სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სადავოდ არ გაუხდია 2023 წლის 6 თებერვლის საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.შპს „------ას“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12686 ბრძანების საფუძველზე მომჩივანის 2023 წლის 6 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. №12686 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2024 წლის 29 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304 (21)