ბრძანება N 13626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2023
№ დოკუმენტი 13626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13626

16.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2022 წლის 1 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №80683/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №007-84 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ ბუღალტრული პროგრამა შემოწმების მიმდინარეობისას მცირე დროში იქნა შედგენილი და შემოწმებისთვის წარდგენილი, შედეგად იქნა დაშვებული ხარვეზები, თუმცა შემმოწმებელს შეეძლო გადამხდელის არგუმენტების დადგენა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების აქტის მიხედვით, მთლიან შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი შემოსავალი დღგ-ის გარეშე არის 4 469 125 ლარი, საიდანაც ბარტერული ოპერაციების შედეგად დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე შეადგენს 800 822 ლარს, ხოლო დამფუძნებელზე და დირექტორზე ვალის სანაცვლოდ გადაფორმებული ბინებით დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე შეადგენს 400 318 ლარს. აქედან გამომდინარე, მთლიანი მიწოდებიდან მისაღებმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 3 267 985 ლარი. ასევე, ამ პერიოდში კომპანიის მიერ გაწეულმა ხარჯმა დღგ-ის გარეშე და ხელფასების ჩათვლით შეადგინა 2 550 442 ლარი, შემოწმების ბოლოს საწარმოს არ გააჩნდა კრედიტორული დავალინება და არც ვალის პატიება ფიქსირდება, დასტურდება, რომ ხარჯი სრულადაა გადახდილი. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს შეეძლო დარჩენოდა ფულადი სახსრების სახით 717 743 ლარი (3 267 985 - 2 550 442). გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული 1 664 691 ლარის ნაცვლად 717 743 ლარის ოდენობის ნაშთის სესხად განხილვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7095 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №007-329 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 24 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7095 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 183 604 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 403 ლარი და ჯარიმა 61 201 ლარი. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 აპრილის №007-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით, ბანკში შეტანილი გარკვეული თანხები არ არის განხილული შემოწმების მიერ დამფუძნებლის შენატანად, შემოწმების მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული თანხები რეალურად წარმოადგენს სალაროდან გატანილი თანხების საბანკო ანგარიშზე განთავსებას. საბანკო ამონაწერში აღნიშნულ შენატანებს დანიშნულებაში მითითებული აქვს დამფუძნებლის შენატანი, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ პროგრამაში ჩანს, რომ ეს თანხები არის სალაროს ნაშთის შემცირებით საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები. შემოწმების მიერ მხედველობაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაცვლად დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით. შედეგად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებულ იქნა სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ბანკში შეტანილი გარკვეული თანხები რეალურად წარმოადგენს სალაროდან გატანილი თანხების საბანკო ანგარიშზე განთავსებას, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამით. ასევე, გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რის საფუძველზეც განხორციელდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ბანკში შეტანილი გარკვეული თანხები რეალურად წარმოადგენს სალაროდან გატანილი თანხების საბანკო ანგარიშზე განთავსებას, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამით. ასევე, გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რის საფუძველზეც განხორციელდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 275;