ბრძანება N 9258-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2020
№ დოკუმენტი 9258-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9258

26/03/2020

შპს -----

(მის.: ქ.------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის №265695/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაზრდილია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინა და ადმინისტრაციული შენობა) საცხოვრებელი მიზნებისათვის უსასყიდლოდ გამოყენების მიზეზით, თუმცა, მათ მიერ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა საწარმოს მიერ გორის რაიონულ სასამართლოში შედგენილი მორიგების აქტით გადაცემულია კერძო პირებზე (ოჯახზე) და ამ გარიგების თანახმად, უძრავი ქონების გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრა ხდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, შემმოწმებლებს არ გააჩნდათ არავითარი მტკიცებულება და არგუმენტები ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილის საცხოვრებელი მიზნებისთვის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას;

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 აგვისტოს №26847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40629 ბრძანება და 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 319 963,55 ლარი, მათ შორის, გადასახადი 196 190 ლარი, ჯარიმა 93 733 ლარი, საურავი 30 040,55 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა და ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილი, უსასყიდლოდ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. საწარმოს ასევე დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად და დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“

სადავო საკითხის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება,გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინა და ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილი) საცხოვრებელი მიზნებისათვის უსასყიდლოდ გამოყენება დასტურდება ვიზუალური დათვალიერებით ადგილზე.

საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით: შპს ----- ს დებიტორს ----- ს სანოტარო წესით იპოთეკით ჰქონდა დატვირთული აღნიშნული ბინა შპს ----- ს სასარგებლოდ და მუშაობდა კონსიგნაციით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას წარმოეშვა დავალიანება შპს ----- ს მიმართ და კომპანიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა (მდებარე ქ. ------) აღირიცხა შპს ----- ს საკუთრებად.

ამავე ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 05 ივნისს შპს ----- მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული ბინიდან ფ.პ ----- ას და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება. 2018 წლის 26 სექტემბერს მხარეებს შორის შედგა მორიგება და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა. მორიგების აქტის მიხედვით, ------ გრაფიკით იხდის დაკისრებულ თანხებს.

„მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეზე №2/841-17 მოსარჩელე შპს ----- ს სარჩელის გამო, მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1. მოპასუხეები კისრულობენ ვალდებულებას, გადაუხადონ მოსარჩელეს 66 400 ლარი, საიდანაც 53 700 ლარი არის ბინის საფასური, 9 665 ლარი არის დღგ-ის საფასური, 2 866 ლარი არის შალვა სართანიას დებიტორული დავალიანება და 169 ლარი არის ნოტარიუსის ხარჯები.

1.2. მოპასუხეები კისრულობენ ვალდებულებას, წინამდებარე აქტის №1 პუნქტში მოხსენიებული 66 400 ლარის დავალიანებიდან 17 000 ლარი გადაუხადონ მოსარჩლეს წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერიდან მეორე დღესვე;

1.3. მოპასუხეები კისრულობენ ვალდებულებას, დარჩენილი 49 400 ლარი გადაუხადონ მოსარჩლეს შემდეგი განრიგით: ა) 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე მოპასუხეები მოსარჩლეს გადაუხდიან ყოველთვიურად 700-700 ლარს; ბ) 2019 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მოპასუხეები მოსარჩელეს გადაუხდიან ყოველთვე 1080-1080 ლარს, ხოლო 2022 წლის დეკემბრის თვეში გადაიხდიან 1040 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეზე არსებული მასალებისა და ზეპირი მოსამენისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გამოყენება არ დგინდება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტით და სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხეები აღნიშნული ბინით სარგებლობისთვის იხდიან გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეამციროს საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. -----) უსასყიდლოდ გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები.

რაც შეეხება საწარმოს საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილის უსასყიდლოდ გამოყენებას საცხოვრებელი მიზნებისათვის, აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით: „ადმინისტრაციული კორპუსი (საერთო ფართით 1587,77 კვ.მ. - ს.კ. -----) შედგება სამი სართულისგან: 1) პირველი სართული არის უფუნქციო, გარემონტებულია მხოლოდ ორი ოთახი, რომელიც იჯარით არის გაცემული და ფუნქციონირებს სასადილო. 2) მეორე სართული გამოყენებულია საოფისედ, სადაც განლაგებულია თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, სამზარეული, სველი წერტილები და საარქივო 2 ოთახი; 3) მესამე სართულზე განლაგებული ოთახებიდან გარემონტებულია 3 ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილები, ასევე, მაგიდის ჩოგბურთის დარბაზი, აღნიშნული ოთახები განკუთვნილია შპს ----- ს სტუმრებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის ირგვლივ არსებული მასალებით, ასევე ვიზუალური დათვალიერებით დასტურდება კომპანიის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილის საცხოვრებელი მიზნებისთვის უსასყიდლოდ გამოყენების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გამოყენების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

5.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება მოგების და დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდას უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნებისთვის უსასყიდლოდ გამოყენების მიზეზით და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას;

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბინიდან ფ.პ-ების გამოსახლება. სასამართლოს განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა. მორიგების აქტის მიხედვით, მოპასუხეები გრაფიკით იხდიან დაკისრებულ თანხებს. ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმებით შენობის ნაწილზე დასტურდება უსასყიდლოდ მიწოდება, შედეგად გადამხდელს დამატებით განესაზღვრა ძირითდი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გამოყენება არ დგინდება, ვინაიდან მოპასუხეები აღნიშნული ბინით სარგებლობისთვის იხდიან გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეამციროს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები.

ამასთან ვინაიდან დასტურდება კომპანიის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის გარკვეული ნაწილის საცხოვრებელი მიზნებისთვის უსასყიდლოდ გამოყენების ფაქტი ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,გ“); 97(7); 983(3,,ბ“); 100; 275

01.01.2021 წლამდე მოქმედი 161