გადაწყვეტილება №26163/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26163/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26163/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 12.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26163/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №024-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23742 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 175 720,76 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 105 825,34

ჯარიმა - 52 912,70

საურავი - 16 982,72

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.02.2021 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.02.2021 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.10.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საბაჟო დეკლარაციებისა და საკონტროლო სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა 5.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 10.09.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №19871 ბრძანება და №024-63 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.10.2025 წლის №23742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში წარადგენდა დღგ-ის ნულოვან დეკლარაციებს. შემოწმების შედეგად განსაზღვრულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 3 314 425 ლარი დღგ-ის გარეშე.

შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდში მიღებული ელექტრონული ანგარიშფაქტურების შესაბამისად პირს გააჩნდა ჩათვლის მიღების უფლება, რაც გათვალისწინებულ იქნა შემმოწმებელთა მიერ.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარადგენს დღგ-ის ნულოვან დეკლარაციებს. შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადების დამატებით დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადში. გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ბიუჯეტში გადასახდელი მოსალოდნელი გადასახადების უმეტესი ნაწილი გადახდილი ჰქონდა შემოწმების დაწყების მომენტში, რაზეც მეტყველებს მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ფინანსური მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შემმოწმებლების მიერ არ იქნა გამოყენებული გადასახადის განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი ვინაიდან საწარმოს გააჩნდა სრული, ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, მისი ბუღალტრული აღრიცხვა არ იწვევს რაიმე დამატებით კითხვებს და შენიშვნებს.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და საზოგადოება გათავისუფლდეს შემოწმებით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვან დეკლარაციები. შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დაერიცხა დღგ.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში განსაზღვრული გადასახადები შემოწმების დროისთვის დიდწილად უკვე იყო გადახდილი და აგრეთვე საჭირო არ გამხდარა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, რაც შეიძლებოდა მხედველობაში ყოფილიყო მიღებული.

აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით თემატური შემოწმების ფარგლებში შემოწმებულ პერიოდზე გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, რამაც განაპირობა დარიცხვა.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები იყო შესრულებული.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ვალდებულებების შემცირებისთვის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ასევე დაერიცხა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადგილი არ ჰქონია განზრახ გადასახადების დამალვის მცდელობას, ამასთან შემოწმებისას არ იქნა გამოყენებული საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გააჩნდა აღრიცხვის და ანგარიშგების გამართული სისტემა და შესაძლებელ იქნა დაბეგვრის ობიექტის სწორედ განსაზღვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით 5 გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის წარმომადგენელს ეცნობა განხილვის დროის, თარიღის და განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე (მათ შორის საკითხის განხილვის პროცესში სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც), რაზეც განაცხადა უარი.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.10.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საბაჟო დეკლარაციებისა და საკონტროლო სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2025 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №19871 ბრძანება და №024-63 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №23742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1); 269(7); 272(1); 275(2);