გადაწყვეტილება №27415/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27415/2/2026
05 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 25.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27415/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20894 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის №094-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10766 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 0 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ქ. ----ი ნავმისადგომის ოპერირება და საზღვაო ტრანსპორტით მოძრავი მშრალი ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული საექსპედიტორო მომსახურება.
აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2015 წლის №094-625 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის №11209 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღოს ტვირთის შენახვის გონივრული ვადები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის №11209 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.06.2019 წლის №2297/2/2016 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.04.2016 წლის №11209 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 12.06.2019 წლის №2297/2/2016 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და შემოსავლების სამსახურის 9.08.2019 წლის №27801 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივარში დასმული სადავო საკითხები საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების მიხედვით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.08.2019 წლის №27801 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის დასკვნის თანახმად, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით, ვერ დგინდება შპს ------ი წარმოდგენდა თუ არა ლიზინგის მიმღებს/ჩამნაცვლებელს შესამოწმებელ პერიოდში და ეკუთვნოდა თუ არა 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულის ფარგლებში დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ქონების ცვეთის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრდა, ვერ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დაკორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3676 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილის აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ 15 დღის ვადაში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტების (გაანგარიშების ცხრილები) სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული მასალების შესწავლა, თუმცა ხელთარსებული დოკუმენტაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ზუსტად განისაზღვროს 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი და აქტიც არის ხანდაზმული, დღეის მდგომარეობით საჭიროა ძველი ბუღალტრული პროგრამის ანალიზი, მათ შორის კურსთაშორის სხვაობების. შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი თავისი გაანგარიშებები შემოწმებისთვის არ არის სრულყოფილი, რადგან შემმოწმებელი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №094-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20894 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები და ბუღალტრული პროგრამა სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ფარგლებში დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართვის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.03.2026 წლის №094-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10766 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის 38-ე ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებზე, 309-ე მუხლის 35-ე ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ საგადასახადო ცვეთის გრაფაში გამორჩენილია ლიზინგით მიღებული ქონების საგადასახადო ცვეთა 2011 წელს 330 059 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წელს 277 286 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქონების ანგარიშში კუთვნილი ქონების გადასახადი სრულადაა გადახდილი 2011 წლიდან დღემდე. აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარედგინა კორპორაცია „----ის საზღვაო ნავსადგურის“ 2016 წლის 12 იანვრის წერილობითი დასტური მასზედ, რომ 2005 წლის პირველი იანვრიდან №5 ნავმისადგომზე არსებული ქონება ამოღებულია შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან და მათზე არც საგადასახადო და არც ფინანსური ცვეთის დარიცხვა არ წარმოებს. ასევე, არ ხდება აღნიშნული ქონების ნარჩენი ღირებულებიდან ქონების გადასახადის დარიცხვა და დეკლარირება. საგადასახადო ორგანოს ასევე წარედგინა 2011-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია კორპორაცია „---ის საზღვაო ნავსადგურიდან“ ლიზინგით მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება, ასევე ჩანს, რომ ამ ქონებაზე შესაბამისი ცვეთის დარიცხვა განხორციელებულია შპს -------თან და ასევე, ამ ქონების ღირებულება სრულად არის ჩართული შემოწმებით მოცული პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ უნდა მოხდეს ლიზინგით მიღებული ქონების ანგარიშში დარიცხული საგადასახადო ცვეთის ხარჯებში გათვალისწინება, მაშინ, როდესაც ქონების ღირებულება, წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ არის ასახული არც კორპორაცია ---ის საზღვაო ნავსადგურის და არც შპს ------ზე, შესაბამისად, მას არ ერიცხება მითითებულ კომპანიებში ცვეთა და არ ხდება მასზე ქონების გადასახადის დათვლა, ხოლო ბალანსზე აღრიცხულია შპს -------თან, მასზე ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება 2011 წლიდან დღემდე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი ითხოვს მის ბალანსზე აღრიცხულ ქონებაზე დარიცხული ცვეთის ხარჯებში გათვალისწინებას. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, შემმოწმებელს წარედგინა 2011-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია კორპორაცია ----ის საზღვაო ნავსადგურიდან ლიზინგით მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება, ასევე ჩანს, რომ აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ცვეთის დარიცხვა განხორციელებულია შპს ------თან და ასევე, ამ ქონების ღირებულება სრულად არის ჩართული შემოწმებით მოცული პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოებისგან განსხვავებული არგუმენტი/პოზიცია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას საწარმოს მიერ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დაზუსტებას.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ სხვა არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ, მათ შორის საგადასახადო დავის ეტაპზე, არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთა და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა 22.04.2016 წლის №11209 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა ლიზინგის ნაწილში მოთხოვნილი ხარჯების გათვალისწინების საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის გამოც შესაბამისი საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლის 12.06.2019 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლიზინგის ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება და შემოსავლების სამსახურს თავიდან დაევალა აღნიშნული საკითხის განხილვა. შემოსავლების სამსახურის 9.08.2019 წლის №27801 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა და ამჟამად უკვე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ნაწილში თანხების გადაანგარიშება.
სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტს დასჭირდა 4 წელი და 5 თვე იმისათვის, რომ ეს საკითხი შეესწავლა და მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაეგზავნათ არაერთი მტკიცებულება ამ ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ 4 წლის და 5 თვის ვადის გასვლის შემდეგ შეადგინა 21.12.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც თანხები არ იქნა შემცირებული, შესაბამისად, დიდი დაგვიანებით და არასწორად აღსრულდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 9 აგვისტოს №27801 ბრძანება, რის გამოც კვლავ შესაბამისი საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2024 წლის იანვრის თვეში, რომლის საფუძველზეც კვლავ იქნა დაშვებული შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3676 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე და აუდიტის დეპარტამენტს კვლავ დაევალა საკითხის შესწავლა და თანხების კორექტირება. სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ კვლავ გაგრძელდა წარდგენილი მტკიცებულებების უგულვებელყოფა და შედგენილი იქნა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა და გამოცემული იქნა 2024 წლის 10 ივლისის №094-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაანგარიშება არ მოხდა იმ საბაბით, რომ პერიოდი არის ხანდაზმული.
კვლავ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ზემოთაღნიშნული ბრძანებები კვლავ არ აღსრულდა ერთი და იგივე აბსურდული არგუმენტით, რის გამოც კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს შესაბამისი საჩივრით. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20894 ბრძანებით კვლავ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს კვლავ დაევალა ამ ნაწილში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომელთა დიდი ნაწილი მათთან ისედაც იყო გადაგზავნილი (ლიზინგით ქონების გამცემი კორპორაცია ----ის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადმოგზავნილი მასალები, მ/შორის წერილობითი დასტურები ლიზინგის აღრიცხვის ნაწილში, შპს -------ში ამავე აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც დეტალურად არის მიმოხილული ლიზინგის ნაწილში წარმოშობილი ურთიერთობები და ციფრობრივი მაჩვენებლები), ასევე დამატებით კვლავ გადაგზავნილი იქნა ლიზინგის საპროცენტო ხარჯების ამსახველი გაანგარიშების ფაილი და 2010-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის სრული ბაზა. გარდა ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით საგადასახადო ორგანოში რამდენჯერმე გამოცხადდა მათთვის შესაბამისი ფაილების და მტკიცებულებების შეჯერებისათვის და გაცნობისათვის.
აუდიტის დეპარტამენტს კვლავ 18 თვე დასჭირდა იმისათვის, რომ შეედგინა თავისი 2026 წლის 13 მარტის დასკვნა და გამოეგზავნა 2026 წლის 19 მარტის №094-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებითაც ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე უარი ეთქვა ზედმეტად დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირებაზე.
ამის შემდეგ კვლავ შესაბამისი საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც თავისი 2026 წლის 14 მაისის №10766 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ლიზინგის ნაწილში არსებული ქონების საგადასახადო ამორტიზაციის თანხების ხარჯებში გათვალისწინება, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ამჟამად წარმოადგენს საჩივარს.
ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული აქტის შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები: საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.
შემმოწმებელი წინა 21.12.2023 წლის დასკვნის მე-4 გვერდზე დიდი დაგვიანების შემდეგ გადაანგარიშების არ გაკეთების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ თურმე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ შპს -------ი თუ წარმოადგენდა ლიზინგის ჩამნაცვლებელს, იმის მერე შედგენილ 28.06.2024 წლის დასკვნაში საუბრობს მასზედ, რომ აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული და არ არის წარმოდგენილი ამ პერიოდის საბუღალტრო პროგრამა, რაც არის ტყუილი, იმ მარტივი გარემოების გამო, რომ: 1. აღნიშნული პერიოდის საბუღალტრო პროგრამა თავის დროზე, 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდის შემოწმებისას იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტში, ხოლო 2024 წლის თებერვლიდან მოყოლებული დასკვნის შედგენის მომენტამდე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს არასოდეს არ უთქვამთ, რომ მათ ეს ბაზა დაკარგული აქვთ და არასოდეს არ მოუთხოვიათ მისი ხელახლა წარდგენა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20894 ბრძანების მიღების შემდეგაც ელექტრონული წესით კვლავ გააგზავნეს აუდიტის დეპარტამენტში 2010-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის სრული ბაზა, ასევე ის მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს მოთხოვნების კანონიერებას.
დასკვნაში ასახული უარის თქმა ყველანაირ საფუძველს არის მოკლებული. უფრო მეტიც, საბუღალტრო პროგრამის ჩათვლით აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი აქვს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებები, მ/შორის კომპანიის 2015 წლის შემოწმების აქტი, შპს -------ში ამავე პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტი, კორპორაცია ----ის საზღვაო ნავსადგურის წერილი ლიზინგთან დაკავშირებით და ამის ფონზე, დასკვნის შემდგენი საუბრობს, რომ ლიზინგის საპროცენტო ხარჯი, ლიზინგის ნაწილში წარმოშობილი უარყოფითი საკურსო სხვაობის და ასევე, ლიზინგის ქონების საგადასახადო ამორტიზაციის გამოქვითვის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ არის სასაცილო და უსაფუძვლო არგუმენტი და რომელსაც მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, არ მოხდეს ზედმეტად დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირება და ეს ფაქტი დასტურდება თავად საგადასახადო ორგანოს მიერ 2015 წელში ჩატარებული 3 საგადასახადო შემოწმების აქტით:
1. კერძოდ, კომპანიის 2015 წლის შემოწმების აქტში შემმოწმებელი პირდაპირ საუბრობს მასზედ, რომ 2011 წლის 17 მარტს მომჩივანი ჩაენაცვლა №5 ნავმისადგომის გრძელვადიანი იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულებაში გადამხდელად შპს -----ს და ამ ნავმისადგომზე ოპერირების უფლება და ყველა მოვალეობა შპს ------დან გადმოეცა მომჩივანს. ანუ თავად, კომპანიის 2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი არის იმის დასტური, რომ ლიზინგის ხელშეკრულებაში შპს -----ს ჩაენაცვლა შპს ------ი;
2. დასკვნის შემდგენელს ასევე წარუდგინა 2011 წლის მარტში გაფორმებული დამატება საიჯარო (ლიზინგის) ხელშეკრულებაზე, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ საიჯარო (ლიზინგის) ხელშეკრულებაში ხდება მოიჯარის ჩანაცვლება. აღნიშნული დოკუმენტი რეგისტრირებულია, როგორც ნოტარიულად, ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
3. დასკვნის შემდგენელს ასევე წარუდგინა შპს ------ის 2015 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია იმავე ორგანოს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ და რომლის მე9 გვერდზე ნათლად ჩანს, თუ რა თანხა, კონკრეტულად კი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი და საკურსო სხვაობა იქნა აღებული ამ კომპანიის მიერ ერთობლივ შემოსავალში ლიზინგის ხელშეკრულებაში სხვა კომპანიით ჩანაცვლების გამო. 4. დასკვნის შემდგენელს ასევე დამატებით წარუდგინა კორპორაცია ----ის საზღვაო ნავსადგურის 2016 წლის 12 იანვრის წერილობითი დასტური მასზედ, რომ ----ის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული №5 ნავმისადგომზე არსებული ქონება ამოღებულია შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსებიდან და რომ მათზე არც საგადასახადო და არც ფინანსური ცვეთის დარიცხვა არ წარმოებს. ასევე არ ხდება ამ ქონების ნარჩენი ღირებულებიდან ქონების გადასახადის დარიცხვა და დეკლარირება. ამავე წერილობითი დასტურის მიხედვით №5 ნავმისადგომის ლიზინგით გაცემის ანგარიშში საიჯარო ქირის დარიცხული თანხის ზემოთ დისკონტირებული და ნავსადგურის მიერ წლიურ შემოსავლებზე დამატებული თანხა შეადგენს 2011 წლის შედეგებით 181 924 ლარს, ხოლო 2012 წელს 106 899 ლარს. ასევე წერილობით დადასტურებულია, რომ დისკონტირების შედეგად დარიცხულ საიჯარო ქირის ზემოთ დარიცხული საპროცენტო შემოსავლები ასახულია ლიზინგის ანგარიშში წარმოშობილი გრძელვადიანი მოთხოვნების ანგარიშში და რომ ყოველი წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით ხდება ამ მოთხოვნების გადაფასება და ამის შედეგად მიღებული დადებითი საკურსო სხვაობები სრულადაა ასახული კომპანიის დასაბეგრ შემოსავლებში და რომ ეს ფაქტობრივი გარემოება აღიარებულია ამ კომპანიაში 2011-2012 წლების შედეგებზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალებითაც, რომლებიც ისევ და ისევ ასევე ამავე აუდიტის დეპარტამენტის მიერაა ჩატარებული.
5. საგადასახადო ორგანოს ისევ თავიდან წარუდგინა 2011-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის ასლი (ისედაც ჰქონდათ შემოწმებისას გადაცემული), სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია კორპორაცია ---ის საზღვაო ნავსადგურიდან ლიზინგით მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება, ასევე ჩანს, რომ ამ ქონებაზე შესაბამისი ცვეთის დარიცხვა განხორციელებულია კომპანიაში და ასევე ამ ქონების ღირებულება სრულად არის ჩართული შემოწმებით მოცული პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, ასევე ამავე საბუღალტრო პროგრამაში ჩანს ნავსადგურის წინაშე არსებული სალიზინგო ვალდებულებები, ამ ვალდებულების ანგარიშში დარიცხული დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი და ამ სალიზინგო ვალდებულებების გადაფასების შედეგად წარმოშობილი უარყოფითი და დადებითი საკურსო სხვაობები სხვადასხვა წლების ჭრილში.
ყოველივე ამის ფონზე, კი აუდიტის დეპარტამენტმა აბსოლუტურ იგნორირება გაუკეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის 2015 წელში შედგენილ 2 შემოწმების აქტში მათ მიერვე დაფიქსირებულ ფაქტობრივ მტკიცებულებებს და გარემოებებს, ფაქტობრივ ციფრობრივ მაჩვენებლებს და საუბრობს მასზედ, რომ თურმე საგადასახადო ამორტიზაციის, დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და სალიზინგო ვალდებულებების გადაფასების ანგარიშში საკურსო სხვაობის გამოქვითვა უსაფუძვლოა და თუ რატომ ამაზე საერთოდ არ საუბრობს.
შემოსავლების სამსახური თავის 2026 წლის 14 მაისის №10766 ბრძანებაში საუბრობს, რომ ის ეთანხმება 2011-2012 წლების შედეგებით შპს ----დან შპს ---------ში გადმოსული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსების ანგარიშში საგადასახადო ამორტიზაციის ცვეთაში გატარებას, კერძოდ ბრძანების მე-4 გვერდზე საუბარია, რომ:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის, ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების თანახმად:
12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.
13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას აწ ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე მუხლის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური თავის 2026 წლის 14 მაისის №10766 ბრძანებაში აღნიშნავს, რომ ლიზინგის ნაწილში შპს ------ში გადმოსული ჯგუფების ღირებულებითი ბალანსებიდან გამომდინარე 2011 წელს გამოსაქვით ხარჯებში უნდა აისახოს საგადასახადო ცვეთა 330 059 ლარი, ხოლო 2012 წლის გამოქვითვებში ამ წლის საგადასახადო ცვეთა 277 286 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში, ანუ ლიზინგის საპროცენტო ხარჯების და ლიზინგის ვალდებულებების ნაწილში არსებული უარყოფითი საკურსო სხვაობის ნაწილში თურმე ჩვენს მიერ მტკიცებულებები არ წარდგენილა, რაც გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და რის გამოც თურმე ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მადლობას მოახსენებს შემოსავლების სამსახურს თუნდაც იმისთვის, რომ 2011-2013 წლების საგადასახადო ცვეთების გამოქვითვების უფლება როგორც იქნა მიეცა 10 წლიანი დავის შემდეგ, მაგრამ ამავე ბრძანების მიხედვით თურმე მტკიცებულებები საპროცენტო ხარჯების და საკურსო სხვაობის ნაწილში არ წარუდგენია, რაც არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ერთი მარტივი მიზეზის გამო: ---ის საზღვაო ნავსადგურის მიერ 2005 წლის 1 იანვრიდან ლიზინგით გადაცემული მე5 ნავმისადგომის ქონების ანგარიშში ყოველწლიურად დღგ-ის გარეშე გადასახდელი იჯარის (ლიზინგის) თანხა არ არის ფიქსირებული და ის ყოველწლიურად განიცდის 3%-იან ესკალაციას, ანუ მატებას. მაგალითისათვის, თუ პირველ 2005 წელს დღგ-ის გარეშე გადასახდელი იჯარის თანხა არის 571 587 აშშ დოლარის ექვივალენტი, მეორე 2006 წელს ის არის უკვე 577 831 აშშ დოლარი, მესამე 2007 წელს უკვე 611 492 აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო ბოლო 2028 წელს 1 137 555 აშშ დოლარის ექვივალენტი, რის გამოც დისკონტირებული საპროცენტო შემოსავლები პირველი 18 წლის განმავლობაში სჭარბობს ფიზიკურად გადახდილ საიჯარო ქირის თანხას, კონკრეტულად, ნავსადგურისათვის პირველ წელს ფიზიკურად გადახდილი 571 587 აშშ დოლარის ნაცვლად საპროცენტო შემოსავალი არის 652 807 აშშ დოლარის ექვივალენტი, მეორე 2006 წელს 577 831 აშშ დოლარის ნაცვლად 670 645 აშშ დოლარის ექვივალენტი, 2011 წლის მაგალითზე ფიზიკურად დღგ-ის გარეშე გადახდილი იჯარის (ლიზინგის) თანხა არის 688 240 აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო შემოსავალი კი 759 059 დოლარის ექვივალენტი, ანუ 70 819 აშშ დოლარის ექვივალენტით მეტი, ხოლო 2012 წლის შედეგებით ფიზიკურად დღგ-ის გარეშე გადახდილი იჯარის თანხა არის 708 887 აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო დისკონტირებული საპროცენტო შემოსავალი კი 774 613 აშშ დოლარის ექვივალენტი, ანუ 65 726 აშშ დოლარის ექვივალენტით მეტი და ამ სალიზინგო შემოსავლების, ხარჯების გათვლის ცხრილი აუდიტის დეპარტამენტს არაერთხელ წარუდგინა და ეს ციფრობრივი მაჩვენებლები ასახულია საბუღალტრო პროგრამაშიც.
შემოსავლების სამსახურს თავის ბრძანებაში საგადასახადო ცვეთის ხარჯებში გატარების არგუმენტად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილთან ერთად მოჰყავს საჩივარზე დართული ---ის საზღვაო ნავსადგურის წერილობითი დასტური, სადაც დაკონკრეტებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან ლიზინგით გადაცემული ქონება ამოღებულია ნავსადგურის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან და რომ მასზე არც საგადასახადო და არც ფინანსური მიზნებისათვის ცვეთის დარიცხვა არ წარმოებს, ასევე არ ხდება ამ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდა, მაგრამ იქვე იმავე წერილში მითითებულია და ასევე დაკონკრეტებულია, რომ ლიზინგის სპეციფიკურობის გამო ლიზინგის ნაწილში ყოველწლიურად საპროცენტო შემოსავლად აღიარებული თანხა სჭარბობს დღგ-ის გარეშე გადახდილ იჯარის (ლიზინგის) თანხას და რომ დისკონტირების გზით 2011 წლის შედეგებით საპროცენტო შემოსავლად დამატებით აღიარებულია 181 924 ლარით მეტი, ხოლო 2012 წლის შედეგებით 106 899 ლარით მეტი.
შესაბამისად, ---ის საზღვაო ნავსადგურში რადგანაც დისკონტირების გზით 2011 წლის საპროცენტო შემოსავლად აღიარებულია გადახდილ იჯარის თანხაზე 181 924 ლარით მეტი, ხოლო 2012 წლის შედეგებით 106 899 ლარით მეტი, იგივე თანხა არის გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი და ეს ფაქტობრივი გარემოება ამავე წერილობით დასტურში ნათლად იკვეთება და მტკიცდება და ის ასევე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად არის კომპანიის გამოსაქვითი ხარჯი.
ასევე ამავე წერილით დადასტურებულია, რომ ლიზინგით გადაცემული ქონების ღირებულება ყოველწლიურად დამატებით დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებთან ერთად ასახულია საიჯარო (სალიზინგო) ხელშეკრულებების ანგარიშში წარმოშობილი გრძელვადიანი მოთხოვნების ნაწილში, რომლის გადაფასებაც წარმოებს ყოველი წლის ბოლოს არსებული აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მიხედვით და ამ გადაფასების შედეგად წარმოშობილი დადებითი საკურსო სხვაობები ასახულია ნავსადგურის დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალში.
კიდევ ერთი მტკიცებულებაა, შპს -----ის 2015 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია იმავე ორგანოს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ და რომლის მე-9 გვერდზე ნათლად ჩანს, თუ რა თანხა, კონკრეტულად კი რა ოდენობის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი და საკურსო სხვაობა იქნა აღებული ამ კომპანიის მიერ ერთობლივ შემოსავალში ლიზინგის ხელშეკრულებაში სხვა კომპანიით ჩანაცვლების გამო. კონკრეტულად არის მითითებული შემოსავლის სახეები: ლიზინგის შეწყვეტის გამო შემოსავალში ასაღები დისკონტირების თანხა 884 371 ლარი, ასევე ლიზინგის შეწყვეტის გამო შემოსავალში ასაღები დადებითი საკურსო სხვაობა 1 621 313 ლარი. ასევე ამავე აქტის 27-ე გვერდზე ნათლად ჩანს, რომ შემმოწმებლები საუბრობენ მასზედ, რომ შპს -----ის საიჯარო (სალიზინგო) ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და რომ შპს ----- ჩაენაცვლა ლიზინგის ხელშეკრულებაში შპს ----ს და რომ, სალიზინგო ურთიერთობა გრძელდება შპს ----სა და ---- პორტს შორის. ასევე მიმოხილულია ამავე ჩანაცვლების შედეგად, 2011 წლის შედეგებით ამავე კომპანიის მიერ დამატებით აღიარებული შემოსავლების შესახებ, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა საწარმოს მიერ დაფიქსირებულ ციფრობრივ მონაცემებს. კერძოდ, ამ გვერდზე საუბარია მასზედ, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან შპს ----ს აღებული აქვს ----ის ნავსადგურიდან 24 წლიანი იჯარით, ანუ ლიზინგით 5 418 512 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები. აქვე საუბარია მასზედ, რომ ლიზინგის სპეციფიკურობიდან გამომდინარე 2005-03.2011 წლამდე პერიოდში ლიზინგის ანგარიშში დღგ-ის გარეშე რეალურად გადახდილმა პროცენტმა შეადგინა 6 696 812 ლარი, ხოლო ხარჯში გატარებულმა ლიზინგის პროცენტმა შეადგინა 7 541 183 ლარი, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო შპს -----მ შემოსავალში აიღო წინა წლებში ხარჯში გატარებულ და გადახდილ საპროცენტო ხარჯებს შორის სხვაობა 7 541 183 - 6 696 812 = 844 371 ლარი და ის დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო ამ საპროცენტო ხარჯის გადახდის ვალდებულება გადმოვიდა კომპანიაზე.
იბადება ერთი მარტივი კითხვა, როცა შემოსავლების სამსახური საუბრობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილზე, ის გულისხმობს მოგების გადასახადის მიზნებისათვის შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის პრინციპსაც, ანუ ----ის ნავსადგურში საპროცენტო შემოსავლად, ანუ დასაბეგრ შემოსავლად თუ აღიარებულია ფიზიკურად გადახდილ იჯარის (ლიზინგის) თანხასთან შედარებით მეტი თანხა და ეს ნავსადგურის წერილობითი დასტურით და შპს -----ის შემოწმების აქტითაც თუ დასტურდება, მაშინ იგივე საპროცენტო ხარჯი რატომ არ უნდა იყოს კომპანიის 2011-2012 წლების შედეგებით გამოსაქვითი ხარჯი.
შპს ------ის საგადასახადო შემოწმების აქტში დეტალურად არის მითითებული იმ დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგის ნაწილში არსებული საკურსო სხვაობის ოდენობა, რომელიც 2011 წელს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო კომპანიაზე გადმოვიდა და შესაბამისად, რისი გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა, ხოლო ამ კომპანიამ კი (შპს ----მ) მოახდინა 2011 წლამდე ამ დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგის ნაწილში არსებული ვალდებულებების გასვლის ნაწილში წარმოშობილი საკურსო სხვაობის შემოსავლად აღიარება და დაბეგვრა, ხოლო ამავე ვალდებულების გადახდის კომპანიაზე გადმოსვლის შედეგად წარმოშობილი საპროცენტო ხარჯი და ლიზინგის ანგარიშში გადმოსული ვალდებულების ნაწილში წარმოშობილი იგივე უარყოფითი საკურსო სხვაობა თურმე კომპანიაში ხარჯად არ უნდა აღიარდეს ანდა რა მოტივაციით არ უნდა მოხდეს კომპანიის საპროცენტო ხარჯად თუნდაც 2011 წლის შედეგებით 181 924 ლარის საპროცენტო ხარჯის, ხოლო 2012 წლის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის 106 899 ლარის 2012 წლის გამოსაქვით ხარჯად აღიარება, როცა ---ის საზღვაო ნავსადგური თავისი წერილით ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს, რომ მას ეს თანხა სრულად აქვს ჩართული 2011-2012 წლების დასაბეგრ შემოსავალში, როგორც დისკონტირებული საპროცენტო შემოსავალი.
შპს -----ის 2015 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, რომელიც შედგენილია იმავე ორგანოს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიაზე სალიზინგო ვალდებულების გადასვლის გამო შპს -----ის მიერ ამ ჩანაცვლების ანგარიშში 2011 წლის შედეგებით ერთობლივ შემოსავალზე დამატებული და მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში აღიარებული ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის თანხა შეადგენს 884 371 ლარს, ხოლო ამავე ლიზინგში ჩანაცვლებით და მთლიანი ვალდებულების ასევე შპს-----ს ტრანსზე გადასვლით 17.03.2011 წლის მდგომარეობით წარმოშობილი დადებითი საკურსო სხვაობა 1 621 313 ლარია, ანუ ჯამში ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლებით შპს -----ის მიერ 2011 წლის შემოსავლად აღიარებული და მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა შეადგენს 2 505 684 ლარს, საიდანაც ამ კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი შესაბამისი მოგების გადასახადი (შპს ----ის 5.08.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მე-9 და 27-ე გვერდები).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით კვლავ უპირობო მოთხოვნაა, რომ სალიზინგო ხელშეკრულებაში ჩანაცვლების საფუძველზე კომპანიაზე გადმოსული ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი 884 371 ლარი აღიარდეს 2011 წლის შედეგებით კომპანიის გამოსაქვით ხარჯად (აღნიშნული ხარჯის გადახდა განხორციელდა საწარმოს მიერ მომავალი წლების საიჯარო გადასახდელებიდან სალიზინგო ვალდებულებების შემცირებით და ამავე წლების საანგარიშო პერიოდის ხარჯებში გატარების (ჩართვის) გარეშე), ასევე, უნდა მოხდეს მინიმუმ 2011 წლის შედეგებით დისკონტირებულ საპროცენტო ხარჯად მხოლოდ 2011 წლის საპროცენტო ხარჯის 181 924 ლარის აღიარება, ხოლო 2012 წლის შედეგებით 106 899 ლარის გამოქვითვა.
გარდა ამისა, ამავე შემოწმების აქტით ხარჯში ასახული უნდა იქნეს სალიზინგო ვალდებულების კომპანიაზე გადმოსვლის ანგარიშში წარმოშობილი უარყოფითი საკურსო სხვაობა, რომელმაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1 245 733 ლარი შეადგინა, რაც შპს ------ის მიერ 2011 წლის 17 მარტის კურსით შემოსავლად აღიარებულ და მოგების გადასახადით დაბეგრილ დადებით საკურსო სხვაობასთან 1 621 313 ლართან შედარებით ნაკლები თანხაა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 2011 წლის 31 დეკემბერს არსებული გაცვლითი კურსი ამავე წლის 17 მარტის კურსთან შედარებით ნაკლებია.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურს წინა დავებისას განუცხადა, რომ სურვილი იყო, რომ თავის დროზე ამ ხარჯების გამოქვითვაზე აეღო წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღება ვერ მოხერხდა იმ მარტივი მიზეზის გამო, საწარმოში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში, ხოლო დავა კიდევ უფრო მეტი, რამაც შეუძლებელი გახადა ამ საკითხზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის შესაძლებლობა.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, 2011 წლის გამოსაქვითი ხარჯები დამატებით უნდა დაკორექტირდეს და გაიზარდოს მაქსიმუმ 2 130 104 + 92 592 = 2 222 696 ლარით, მინიმუმ 1 245 733 + 181 924 = 1 427 657 ლარით, ხოლო 2012 წლის გამოსაქვითი ხარჯები ასევე გაიზარდოს ამ წლის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯით 106 899 ლარით. ამასთან, აღნიშნული ხარჯები კომპანიის მიერ და საგადასახადო ორგანოს მხრიდან სრულადაა გათვალისწინებული 2011-2012 წლების ფინანსური მოგების გაანგარიშებისას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2011 წლის მოგების გადასახადი ექვემდებარება შემცირებას ძირითად გადასახადში მაქსიმუმ 333 404 ლარით, მინიმუმ 214 149 ლარით, ხოლო 2012 წლის მოგების გადასახადი – 16 034 ლარით.
აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ საკითხზე საგადასახადო დავა მიმდინარეობს უკვე 10 წელზე მეტი ხნის პერიოდში და ყოველ ჯერზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიცემული დავალების და წარდგენილი უტყუარი ფაქტობრივი მტკიცებულებების იგნორირება ხდება სხვადასხვა არგუმენტაციით, მხოლოდ ერთადერთი მარტივი მიზეზით, აუდიტის დეპარტამენტს არანაირად არ სურს, რომ მოახდინოს ზედმეტად დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირება, რაც მათ პირად საუბარში არაერთგზის განაცხადეს. ამასთან, ბოლოს მოგების გადასახადის არ შემცირების საფუძვლად მოჰყავდათ ის არგუმენტი, რომ მოგების გადასახადის შემცირება გამოიწვევდა 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წმინდა მოგების 2017 წლის შემდგომ პერიოდში განაწილებისას ჩასათვლელი მოგების გადასახადის კალკულაციის შეცვლას, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით მათ დაუმტკიცეს, რომ მოგების გადასახადის ჩათვლაზე ეს არანაირ გავლენას არ იქონიებდა და უფრო მეტიც 2017 წლამდე არსებული წმინდა მოგების განაწილებისას ჩათვლის ფორმულა თითქმის არ გამოუყენებია, ეს არგუმენტი გვერდზე გადადეს და დაწერეს ასეთი აბსურდული არგუმენტაცია, რომ ერთი და იგივე ქონებაზე ცვეთის დარიცხვა და ხარჯებში გამოქვითვა არსად არ უნდა მოხდეს, ხოლო ამ ქონებაზე ქონების გადასახადი მაინც უნდა იხადოს, ერთმა კომპანიამ ანუ მეიჯარემ, დისკონტირებული საპროცენტო შემოსავალი და სალიზინგო მოთხოვნების გადაფასების ნაწილში არსებული დადებითი საკურსო სხვაობა შემოსავალში უნდა აიღოს და დაბეგროს მოგების გადასახადით, ხოლო მეორე მხარემ, ანუ მოიჯარემ იგივე ოდენობის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი და იგივე სალიზინგო ვალდებულებების გადაფასების ნაწილში არსებული საკურსო სხვაობა ხარჯებში არ უნდა გამოქვითოს და ისე გადაიხადოს მოგების გადასახადი, რაც ალბათ სრული ნონსენსია.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების თანახმად:
12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.
13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20894 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები და ბუღალტრული პროგრამა სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ფარგლებში დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართვის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებისთვის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის, შესაბამისი მასალების შესწავლით დგინდება, რომ დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების და უარყოფითი საკურსო სხვაობის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ ექვემდებარება კორექტირებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20894 ბრძანების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10766 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთა და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10766 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №20894 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2015 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია ნავმისადგომის ოპერირება და საზღვაო ტრანსპორტით მოძრავი მშრალი ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული საექსპედიტორო მომსახურება.აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №094-625 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №11209 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღოს ტვირთის შენახვის გონივრული ვადები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №11209 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №2297/2/2016 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №11209 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №2297/2/2016 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და შემოსავლების სამსახურის №27801 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის №27801 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით, ვერ დგინდება მომჩივანი წარმოდგენდა თუ არა ლიზინგის მიმღებს/ჩამნაცვლებელს შესამოწმებელ პერიოდში და ეკუთვნოდა თუ არა 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები დაკორექტირებას არ დაექვემდებარა.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №3676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №3676 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ 15 დღის ვადაში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტების (გაანგარიშების ცხრილები) სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული მასალების შესწავლა, თუმცა ხელთარსებული დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, რადგან შემმოწმებელი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №20894 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მიღებული გადაწყვტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები და ბუღალტრული პროგრამა სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ ფარგლებში დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართვის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სათანადო საფუძველი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №10766 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №10766 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(38); 105(1.2); 111(12,13); 309(35);