გადაწყვეტილება №17328/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17328/2/2022
23.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 29.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17328/2/2022).
დავის საგანი:
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1084 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18374 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 936 133 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 490 650
ჯარიმა - 245 325
საურავი - 200 158
პროცედურული გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41932 ბრძანება და №006-1084 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.07.2022 წლის №18374 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ შპს ---------სა და შემოსავლების სამსახურს შორის 13.12.2022 წელს გაფორმებულია №ა692-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 490 650 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.