გადაწყვეტილება №24423/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24423/2/2024
27 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 9.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24423/2/2024).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №CB1511622 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.03.2024 წლის №21888/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.11.2023 წლის №27149 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 14.03.2024 წლის №21888/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.06.2024 წლის №13569 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 11.12.2024 წლის №-----21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ გამოცემულ შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანებას არ გაცნობია აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში, ვერც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით მოხდა მისი ჩაბარება.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანება მომჩივანს პირველად გაეგზავნა 23.07.2024 წელს საჩივარში მითითებულ მისამართზე: ---------ი. გზავილი დაუბრუნდა გამგზავნს (საფუძვლით - მისამართზე არავინ იყო, მეზობლის თქმით ადრესატი ცხოვრობს------ში ოჯახით ჩამოდიან იშვიათად), მეორედ გაეგზავნა 6.08.2024 წელს იგივე მისამართზე - ------ი, მიეთითა ტელ: ------. გზავნილი კვლავ დაუბრუნდა გამგზავნს (საფუძვლით - მისამართზე არავინ იყო, მეზობლის თქმით ადრესატი ცხოვრობს ------ში ოჯახით ჩამოდიან იშვიათად).
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მომჩივანს საბჭოში წარმოდგენილ საჩივარზეც მითითებული აქვს იგივე მისამართი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 13.09.2024 წელს განხორციელდა ბრძანების საჯაროდ გავრცელება. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანება ადრესატისთვის ჩაბარებულად ჩაითვალა 3.10.2024 წელს. ამასთან, მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 21.11.2024 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13569 ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია და ვერც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით მოხდა მისი ჩაბარება, საბჭოს მიაჩნია, რომ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).
ამგვარად, ვინაიდან ერთი და იგივე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (3.10.2024 წელი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 23.10.2024 წელი. საჩივარი საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარებულია 6.12.2024 წელს, (საბჭოში რეგისტრირებულია 9.12.2024 წელს) გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამრიგად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №27149 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №21888/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №27149 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს №21888/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და №13569 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(4.9.10.11); 299(10); 301( „ე“); 305(1);