ბრძანება N 22360

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 22360
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 22360

13 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ს” (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 18 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს ,,---ის” (ს/ნ ---) №20605/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა 2 კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე წარუდგინა დამოუკიდებელი შემფასებლის ორი ალტერნატიული ანგარიში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ (თანდართულია ასევე საჩივარზე). განმარტავს, რომ 2019 წელს დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან საწარმოს მიერ შეძენილია ქ. --- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება განისაზღვრა 4 580 000 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ ---ში არა თუ პრესტიჟულ ადგილზე, სადაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს, არამედ ნებისმიერ ადგილზე, 2019 წლის მდგომარეობით, შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთის 31 აშშ დოლარად ყიდვა. აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებისას, კომპანიის მიერ განხორციელდა მიმდებარე მიწის ნაკვეთების გასაყიდი ფასების მოკვლევა, ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა გარიგებაზე მოლაპარაკებისას შესაძლო 20%-იანი ფასდათმობა და შესაბამისად, კვადრატულ მეტრზე მიწის ფასი განისაზღვრა 79 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაცია დამონიტორინგებულია 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის დროს, რადგან საქმე ეხება ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ნასყიდობის პერიოდში განხორციელებული შეფასება. აღნიშნავს, რომ გადამხდელმა შესთავაზა შემოწმებას დასკვნების შემდგენ შემფასებლებთან აუდიტის დეპარტამენტის შემფასებლის შეხვედრის ორგანიზება. აცხადებს, რომ საშემფასებლო კომპანია შპს ,,---ის’’ დასკვნის შესაბამისად, ქონების ფასი განისაზღვრა 3 886 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის დასკვნის შესაბამისად ფასი განისაზღვრა 4 151 000 ლარის ოდენობით. მიუთითებს, რომ როდესაც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაევალათ ალტერნატიული შეფასების წარდგენა, გადამხდელი დაუკავშირდა აუდიტის დეპარტამენტს და სთხოვა მიეთითებინათ ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ სერთიფიცირებული კერძო საშემფასებლო კომპანია, რათა თავიდან აეცილებინათ გაუგებრობა და დასკვნები მისაღები ყოფილიყო. აღნიშნულზე მიიღეს პასუხი, რომ აუდიტის დეპარტამენტი ნებისმიერ კვალიფიციურ დასკვნას განიხილავდა. ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგების ფასი შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან და ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე. ითხოვს საკითხის მათი მონაწილეობით განხილვას და დავაზე შემოსავლების სამსახურის შემფასებლის დასწრებას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 26 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ,,---ს” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშები/დასკვნა. წარმოდგენილი დასკვნით, შპს ,,---ის’’ მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 3 886 000 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის მიერ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4 151 000 ლარით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სათანადო საფუძველი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. რაც შეეხება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---ის” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №094-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302 (6); 304 (21).