გადაწყვეტილება №26040/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 26040/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26040/2/2025

22 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ --ის 17.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26040/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №047-15 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21049 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 302 740,24 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 189 113,75

დღგ - 6 765,48

მოგების გადასახადი - 71 268,48

საშემოსავლო გადასახადი - 110 351,2

ქონების გადასახადი - 736,59

ჯარიმა - 94 890,5

საურავი - 18 735,99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 30.06.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №047-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწარმოს მიერ გადარიცხული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებლად მიჩნევისა და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით მოგების გადასახადით დაბეგრილია ბანკით გადარიცხული თანხები, რაზეც გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში დოკუმენტები არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელს მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც დგინდება, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან (ავტოსატრანსპორტო მომსახურება, სარემონტო სამუშაო, დანადგარის შეკეთების მომსახურება და სხვა). გადაანგარიშების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დაკორექტირდა, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი 10 451 ლარით, ხოლო ჯარიმა 5 225 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2025 წლის №21049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დადგინდა, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია 551 756 ლარი და დარიცხულია მასზე 110 351,2 ლარი საშემოსავლო გადასახადი, რასაც არ ეთანხმება, რადგან არ იცის რომელ ორგანიზაციებზე ან მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული რა თანხებია დაბეგრილი. სარევიზიო პერიოდი არის 2022 წლის 30 ივნისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე. ამ პერიოდში გადარიცხულია ბანკიდან თანხები სხვადასხვა ორგანიზაციებზე და მეწარმე ფიზიკურ პირებზე. აქედან 441 404,8 ლარი არის აგროსილი და დაბეგრილი.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის შემდეგ მათ მიერ მოწოდებულ ორგანიზაციებზე, ყველაზე სრულად წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც მოხდა მოგების გადასახადის შემცირება (10 451 ლარი და ჯარიმა 5 225 ლარი).

აუდიტის დეპარტამენტს სრულად არ მოუცია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რა თანხებიც დაიბეგრა მათ მიერ, რათა მომხდარიყო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან კომპანიის წინა მოთხოვნიდან სრულად არ იყო მოწოდებული თუ რომელი ორგანიზაციის თანხები იყო დაბეგრილი, მოითხოვს სრულად იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს და მასზედ გადარიცხული თანხებს, რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა არ ჩათვალა ორგანიზაციის გაწეულ ხარჯად (441 404,8 ლარი). უნდა შემცირდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 110 351,2 ლარი და მასზედ დარიცხული ჯარიმა-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწარმოს მიერ გადარიცხული თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებლად მიჩნევისა და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიერ წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, საიდანაც დგინდება, რომ თანხები გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეებთან სხვადასხვა მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან. გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი 10 451 ლარით, ხოლო ჯარიმა 5 225 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დავალებული საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია, თუმცა არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხას და ითხოვს მოხდეს იმ თანხების და პირების იდენტიფიცირება, რამაც გაზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მოხდეს იმ თანხების და პირების იდენტიფიცირება, რამაც გაზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომლებზეც საწარმოს არ გააჩნია სსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმებით, სსკ-ის 982 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტურად დაუდასტურებელი გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

კომპანიის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიას 2024 წლის 30 დეკემბერს უფიქსირდება 400 000 ლარის ოდენობის სესხის გაცემა დირექტორზე. აღნიშნული სესხი არ არის დაბეგრილი სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით. შესაბამისად, დირექტორზე გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,982.