გადაწყვეტილება №18359/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 18359/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18359/2/2022

10.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------" 3.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18359/2/2022).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401629 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28454 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401629 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ----------), გადამოწმების დროს (4.10.2022 წ. 11:30 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 167 447,34 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ავტო ნაწილები, აქსესუარები) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.11.2022 წლის №28454 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შემმოწმებელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ არ იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, მან მიუთითა, რომ საქონელზე გამოწერილი იყო №---------- ზედნადები და აქედან ახდენდა რეალიზაციას, რაზეც განუმარტეს, რომ აღნიშნული ზედნადები იყო მოძველებული, რაც სამართალდარღვევად ითვლებოდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა მისი საჩივარი და გამოწერილი ჯარიმა მართლზომიერად ჩათვალა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად არ განუმარტეს რა ვადის გასვლის შემდეგ ითვლება დისტრიბუციის ზედნადები "მოძველებულად".

მხედველობაში მისაღებია შემდეგი ფაქტი: საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მან განახორციელა საქონლის დათვლა და ნებისმიერ ვარიანტში №---------- ზედნადებთან მიმართებაშიც საქონელი მეტი იყო ბორტზე, ვიდრე ზედნადებში, თუმცა მომჩივანმა მძღოლის საწყობში მისვლისას გაარკვია, რომ შემმოწმებელს არ მოუხდენია არანაირი დათვლა ბორტზე არსებული საქონლიდან არცერთი სახეობის. ასეთ შემთხვევაში მისთვის შეუძლებელი იქნებოდა საქონლის ღირებულების ცოდნა და გამოდის, რომ მან გამოიყენა და ოქმში მიუთითა №---------- ზედნადებში არსებული თანხა.

მომჩივნის აზრით არალოგიკური და უსამართლოა, როცა ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის პოზიციაა, რომ ზედნადების არარსებობის გამო ჯარიმა ეკუთვნის, ხოლო მეორეს მხრივ იყენებს "არარსებული ზედნადების" თანხას და ამ მონაცემის გამოყენებით უწერს ოქმს.

ითხოვს, 4.10.2022 წლის №CB1401629 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,− იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ 4.10.2022 წელს გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ----------. გადამოწმებისას დადგინდა, რომ "----------" (პ/ნ ----------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (167 447,34 ლარის ღირებულების ავტო ნაწილები, აქესესუარები), ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა მისი საჩივარი და გამოწერილი ჯარიმა მართლზომიერად ჩათვალა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად არ განუმარტეს, თუ რა პერიოდის განმავლობაში ითვლება დისტრიბუციის ზედნადები ვალიდურად. ხოლო საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აღნიშნა, რომ შესაძლოა უცოდინრობის გამო, თავად დაუშვა ტექნიკური შეცდომა. მომჩივანმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება ან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401629 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქცია სწორად არის შეფარდებული, თუმცა მომჩივანი თავისუფლდება ამ სანქციის - ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №CB1401629 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების, გადამოწმების დროს (4.10.2022 წ. 11:30 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 167 447,34 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ავტო ნაწილები, აქსესუარები) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქცია სწორად არის შეფარდებული, თუმცა მომჩივანი თავისუფლდება ამ სანქციის - ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(2);