გადაწყვეტილება №24241/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24241/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24241/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №085-24 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 422 290 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 302
დღგ - 147 316
საშემოსავლო გადასახადი - 4 533
ქონების გადასახადი - (- 1 547)
ჯარიმა - 132 035
საურავი - 139 953
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების და ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით.
შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.10.2023 წლის №24989 ბრძანება და 10.10.2023 წლის №085- 18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.02.2024 წლის №21768/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.
საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.11.2024 წლის №23383 ბრძანება და №085-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ციტირება დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის №23159/2/2024 გადაწყვეტილებიდან „მომჩივანმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორად ჩათვლილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი გამოიყენა მხოლოდ შემოწმებულ პერიოდზე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც არასწორია, ვინაიდან მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილებას. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება“. შესაბამისად აუდიტის დეპარატმენტს დაევალა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე იმ ანგარიშფაქტურების შესწავლა, რომელიც შემოწმებულ პერიოდში იქნა გამოწერილი, მაგრამ გაინაშთა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, აღნიშნული პირდაპირ არის მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 სექტემბრის №23159/2/2024 გადაწყვეტილებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია შემმოწმებლის მითითება, რომ ის ვერ შეამცირებს ჯარიმას, ვინაიდან სადავო ფაქტურები განაშთულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, რაც დადასტურებულია შემმოწმებლის მიერ, (ციტირება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებიდან) „აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ერიცხებოდა ავანსები, რაზეც წერდა ავანსის ანგარიშფაქტურას, აღნიშნული ავანსები გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია და საბოლოო მომსახურების მიწოდების ანგარიშ-ფაქტურებით გაქვითულია წინასწარ სრულად ჩარიცხვის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში მაგრამ ეს ავანსები უნდა განაშთულიყო ხელშეკრულების შესაბამისად (და არა ჩარიცხვებიდან გამომდინარე), პროპორციულად და ეტაპობრივად. ამასთან მართალია მიღებული ავანსები ნაადრევად გაინაშთა და საწარმომ არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსების ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, მაგრამ შემდეგ პერიოდში ხორციელდებოდა მიწოდებული მომსახურების სრულად დაბეგვრა, ანუ ნაადრევად ჩათვლილი/განაშთული ავანსების ანგარიშფაქტურების გამოყენება ხდებოდა მხოლოდ ერთხელ, არასწორ საანგარიშო პერიოდში.
აღნიშნულის თაობაზე არა ერთხელ მიმართა, როგორც მომსახურების დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს, თხოვნით რათა მიეცათ უფლება არასწორად მიბმული ავანსის ანგარიშფაქტურების ჩაეხსნა შესაბამისი თვის დეკლარაციებიდან, ვინაიდან სხვანაირად ვერ ხდებოდა დეკლარაციების დაზუსტება. ვინაიდან დეკლარაციები მოიცავდა შემოწმების პერიოდს, აუცილებელი იყო აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი წერილი, რათა მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი დეკლარაციებიდან ჩაეხსნა შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად მიბმული ავანსის ფაქტურები. საბოლოოდ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოხდა ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტდა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციები, მოხდა ავანსების ჩათვლა/განაშთვა სწორ საანგარიშო პერიოდზე და შესაბამისად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიც და დღგ-იც. შესაბამისად ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის №23159/2/2024 გადაწყვეტილება აღასრულოს ისე, როგორც მასში არის მითითებული.
ამასთან, მომჩივანმა 2.11.2024 წელს წარმოდგენილი №24242/2/2024 საჩივრით მიუთითა, რომ დამატებით წარმოადგენს აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებებს, რომელსაც დანართის სახით ურთავს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი -2-22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მიხედვით, შემოწმების შედეგად, განისაზღვრა დღგით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივანმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორად ჩათვლილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილი გამოიყენა მხოლოდ შემოწმებულ პერიოდზე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც არასწორია, ვინაიდან მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი აქვს საგადასახადო ვალდებულების პერიოდის ცვლილებას“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.
დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, იქიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი ითხოვს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი საგადასახადო პერიოდის მონაცემების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენებას, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკითხი ეხება სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, საკმაოდ ბევრი პროექტია და ზოგიერთი პროექტი მიმდინარე პერიოდისთვისაც შეიძლება არ იყოს დასრულებული, საბჭოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადასახადის გადამხდელის მხრიდან საჭიროებს დამატებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
საბჭო განმარტავს, რომ მოპასუხე ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოითხოვოს მომჩივნისაგან შესაბამისი ინფორმაცია და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს გადაწყვეტილების აღსრულებისას არ გამოუყენებია ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მხრიდან საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას.
შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით.
შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს გადაწყვეტილების აღსრულებისას არ გამოუყენებია ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მხრიდან საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275