გადაწყვეტილება №20517/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20517/2/2023
05 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:„----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 8.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20517/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 50 913 ლარი.
მათ შორის:
ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 24 809
ჯარიმა - 12 405
საურავი - 13 699
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------------ ლიცენზიას ------------ მიმდებარე ტერიტორიაზე. ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი - 1.06.2009 წლიდან 1.06.2019 წლამდე, ჯამური მოპოვება
10 000 კბ.მ. ასევე ფლობს №---------- ლიცენზიას იმავე მუნიციპალიტეტში, იმავე პროდუქციაზე 220 000 კ.მ.-ის მოპოვებაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი - 26.04.2013 წლიდან 26.04.2023 წლამდე. აღნიშნული ლიცენზია გასხვისებულია 10.12.2018 წელს.
გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად წარსადგენი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. შემოწმების შედეგად განხორციელდა ლიცენზიების შესაბამისად კუთვნილი მოსაკრებლის თანხების დარიცხვა (მოსაკრებელის განაკვეთი შეადგენს 1.0 ლარს). აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40167 ბრძანება და ამავე თარიღის №006-961 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 14.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (შესამოწმებელ პერიოდამდე, №-------- ლიცენზიით მოპოვებული და დეკლარირებული კუთვნილი მოსაკრებლის გაუთვალისწინებლობასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან (2018 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეც წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
- მე-3 სადავო საკითხთან (ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა) მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ---------- და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 30.03.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა.
დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება და ამავე თარიღის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველ იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი №---------- ლიცენზიის მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ი/მ -------- და №----------ლიცენზიის ახალი მფლობელის, შპს „---------“- ის მიერ დეკლარირებული მოპოვების მოცულობა ჯამში არ აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ რაოდენობას (220 000 მ 3 ). ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნით ირკვევა, რომ 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ (შესამოწმებელ პერიოდში) დეკლარირებულია ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №------------- ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული 6 თვიანი გაანგარიშება 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, თანხით 1 503 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 1 ლარს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეწარმისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დამატებით დარიცხვა უკავშირდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ----------- მიერ მეწარმეზე გაცემული წიაღისეულის მოპოვების №------------- (ადგილმდებარეობა: ------------; წიაღისეული: ტუფობრექჩიები და ტუფოქვიშაქვები; ჯამური მოპოვება: 10 000 მ 3 ; მოქმედების ვადა: 10 წელი: 10.06.2009-1.06.2019წწ.) და №-------- (ადგილმდებარეობა: ----------- სოფ. --------- მიმდებარე ტერიტორია; წიაღისეული: ტუფობრექჩიები და ტუფოქვიშაქვები; ჯამური მოპოვება: 23 000 მ 3 ; მოქმედების ვადა: 10 წელი: 26.04.2013-26.04.2023წწ.) ლიცენზიებს.
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ ბიუჯეტში გადასახდელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშება განხორციელდა შემდეგი პრინციპით: აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა წიაღისეულის მოპოვების გეგმის მიხედვით ყოველ 6 თვიან პერიოდში მეწარმის მიერ ასათვისებელი წიაღისეული მოცულობები და აღნიშნული მოცულობების ოდენობები გამრავლდა შესაბამის განაკვეთზე (1მ3 -ზე 1 ლარი). შესამოწმებელ პერიოდში აუდიტის დეპარტამენტმა მეწარმეს დამატებით დაარიცხა ჯამში 24 809,10 ლარის ოდენობის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი.
აუდიტის დეპარტამენტმა მოსაკრებლის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომ №---------- ლიცენზიით გათვალისწინებული მოპოვება (10 000მ3 ) და კუთვნილი მოსაკრებლის დეკლარირება/ბიუჯეტში გადახდა მეწარმეს სრულად ქონდა განხორციელებული შესამოწმებელ პერიოდამდე (1.01.2018 წლამდე).
აუდიტის დეპარტამენტმა მოსაკრებლის გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო ასევე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მეორე გარემოებაც, კერძოდ ის ფაქტი, რომ №--------- ლიცენზია მეწარმემ 2018 წლის აგვისტოში გაასხვისა მესამე პირზე. შემძენმა შესაბამის ორგანოში ლიცენზიის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განახორციელა 2018 წლის დეკემბრის თვეში. 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა მეწარმეს.
აუდიტის დეპარტამენტმა მოსაკრებლის გაანგარიშება მოახდინა წიაღისეულის ათვისების გეგმით გათვალისწინებული გეგმიური მოპოვების ოდენობების მიხედვით და მხედველობაში არ მიიღო მეწარმის მიერ წიაღისეულის მოპოვების ფაქტიური ოდენობები.
მეწარმე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისთვის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვა (ორივე ლიცენზიასთან დაკავშირებით) და გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე მისი მოუხსნელობა, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
ტუფობრექშიები და ტუფოქვიშაქვები წარმოადგენენ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ „სხვა საშენ მასალებს“, რომელზეც მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს: 1მ3 -ზე - 0,7ლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საანგარიშო პერიოდების მიხედვით მეწარმისთვის დასარიცხი მოსაკრებლის თანხების გაზრდილი განაკვეთის (1მ3 - ზე - 1ლარის) გამოყენებით გაანგარიშება არამართლზომიერია. აღნიშნული ძალაში დარჩა ასევე სადავო გადაანგარიშების დასკვნით, რომელშიც საგადასახადო ორგანო არც კი ასაბუთებს რატომ გამოიყენა მოსაკრებლის გაანგარიშებისას საგადასახადო ორგანომ გაზრდილი ტარიფი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის აღსრულების ფარგლებში არ მომხდარა საკითხის დამატებითი შესწავლა მეწარმესთან ერთად.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
მოცემულ შემთხვევაში მეწარმემ 2018 წლის აგვისტოში №---------- ლიცენზია გაასხვისა მესამე პირზე. შესაბამისად, №----------- ლიცენზიით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსის მოცულობაზე მეწარმე 2018 წლის აგვისტოდან აღარ წარმოადგენს მოსაკრებლის გადამხდელს. ის გარემოება, რომ №----------- ლიცენზიაზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია მესამე პირმა ადმინისტრაციულ ორგანოში მოახდინა 2018 წლის 10 დეკემბერს მოსაკრებლის გაანგარიშების მიზნებისათვის არარელევანტურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეწარმისთვის 2018 წლის აგვისტოდან - 2018 წლის 10 დეკემბრამდე მოსაკრებლის თანხების დარიცხვა არამართლზომიერია. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა №----------- ლიცენზიის გასხვისების ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება, რომლის შესწავლა და გამოკვლევა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა მეწარმესთან ერთად. აუდიტის დეპარტამენტი გადაანგარიშების დასკვნაში არ ასაბუთებს რატომ არ მიიღო მხედველობაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება - მეწარმის მიერ №------------ ლიცენზიის გასხვისება ბუნებრივი მოსაკრებლის თანხების გაანგარიშებისას.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 ნაწილის „ზ“ პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, №---------- ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა მეწარმის მიერ სრულად იქნა მოპოვებული შესამოწმებელ პერიოდამდე (1.01.2018 წლამდე). მეწარმის მიერ ხსენებულ ლიცენზიაზე მოსაკრებლის გაანგარიშება და ბიუჯეტში გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით განხორციელდა საანგარიშო პერიოდებში (6 თვე) ფაქტობრივად მოპოვებული წიაღისეულის ოდენობების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეწარმისთვის შესამოწმებელ პერიოდში მოსაკრებლის გეგმის შესაბამისად ასათვისებელი მოცულობების დარიცხვა არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ფარგლებში მეწარმემ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ნათლად ასახავს მეწარმის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის 2018 წლამდე გადახდის ფაქტს. აუდიტის დეპარტამენტმა არ შეისწავლა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულება მეწარმესთან ერთად, მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებს, რომელიც სათანადოდ არ იყო შესწავლილი და გამოკვლეული.
შუამდგომლობს დავების განხილვის საბჭოს წინაშე, რომ დავის ზეპირი განხილვა არ მოხდეს მეწარმის მონაწილეობის გარეშე, რადგან ყოველ ჯერზე საგადასახადო ორგანოს მიერ დავების განმხილველი ორგანოსთვის ხდება მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განსხვავდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მეწარმის მიერ მიღებულ ინფორმაციისგან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გაუქმებას და მისთვის საგადასახადო შემოწმებით აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დამატებით წარმოადგენს 23.02.2022 წლის სსიპ ----------- პასუხს, საიდანაც დასტურდება რომ 1.06.2009 წელს სასარგებლო წიაღისეულის, ----------, „---------“ ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №------------ ლიცენზიით გამოყოფილი 20 000 მ 3 -იდან - 19 900 მ 3 -ის ათვისება მოხდა 2012-2013 წლებში და ასევე, ლიცენზიის დანართშიც მოცემულია, რომ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი არის 0.4 ლარი და არა 1 ლარი, როგორც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს და არიცხავს.
ასევე, კითხვით მიმართა სსიპ----------, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვებისას ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელის ოდენობასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანებით:
პირველ სადავო საკითხთან (შესამოწმებელ პერიოდამდე, №---------- ლიცენზიით მოპოვებული და დეკლარირებული კუთვნილი მოსაკრებლის გაუთვალისწინებლობასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან (2018 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში დარიცხული ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეც წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
მე-3 სადავო საკითხთან (ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა) მიმართებაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ---------- და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 13.05.2022 წლის №11988 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნით:
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი ფლობდა ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №--------- ლიცენზიას და ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №---------- ლიცენზიას. 2018 წლის პირველ იანვრამდე (შესამოწმებელ პერიოდამდე ლიცენზიების მოქმედების განმავლობაში) არ არის დეკლარირებული და არც ბიუჯეტში გადახდილი აღნიშნული ლიცენზიების მიხედვით მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. ხოლო 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ (შესამოწმებელ პერიოდში) დეკლარირებულია მხოლოდ ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №---------- ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული 6 თვიანი გაანგარიშება 2018 წლის მაისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, თანხით 1 503 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების მიმდინარეობისას. ამასთან, მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს 1 ლარს ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად მოსაპოვებელ 1მ3 ბუნებრივ რესურსზე. ამდენად, შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი არ გამოიკვეთა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნულზე დაყრდნობით მიიჩნევს რომ მისი 13.05.2022 წლის №11988 ბრძანება აღსრულებულია.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი კვლავ მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული №--------- ლიცენზიით გათვალისწინებული მოპოვება (10 000მ3 ) და კუთვნილი მოსაკრებლის დეკლარირება/ბიუჯეტში გადახდა შესამოწმებელ პერიოდამდე (1.01.2018 წლამდე), ასევე ის ფაქტი, რომ №---------- ლიცენზია მეწარმემ 2018 წლის აგვისტოში გაასხვისა მესამე პირზე. შემძენმა შესაბამის ორგანოში ლიცენზიის საკუთარ სახელზე რეგისტრაცია განახორციელა 2018 წლის დეკემბრის თვეში. ხოლო 2018 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი აუდიტის დეპარტამენტმა დააკისრა მას. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ფარგლებში მეწარმემ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ნათლად ასახავს მეწარმის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის 2018 წლამდე გადახდის ფაქტს. დამატებით წარმოადგენს სსიპ ----------- 23.02.2022 წლის №22/1048 პასუხს, საიდანაც დასტურდება რომ 1.06.2009 წელს სასარგებლო წიაღისეულის,--------, „----------“ ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვების №--------- ლიცენზიით გამოყოფილი 20 000 მ 3 -იდან - 19 900 მ 3 -ის ათვისება მოხდა 2012-2013 წლებში და ასევე ლიცენზიის დანართშიც მოცემულია რომ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი არის 0.4 ლარი და არა 1 ლარი. ასევე, კითხვით მიმართა სსიპ ----------, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ტუფობრექჩიების და ტუფოქვიშაქვების მოპოვებისას ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელის ოდენობასთან დაკავშირებით.
ამდენად, შუამდგომლობს დავების განხილვის საბჭოს წინაშე, რომ დავის ზეპირი განხილვა არ მოხდეს მეწარმის მონაწილეობის გარეშე, რადგან ყოველ ჯერზე საგადასახადო ორგანოს მიერ დავების განმხილველი ორგანოსთვის ხდება მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც განსხვავდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მეწარმის მიერ მიღებულ ინფორმაციისგან.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები (მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია), აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №7688 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2023 წლის №006-128 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17643 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას. გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული ზემოაღნიშნული ლიცენზიების შესაბამისად წარსადგენი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება. შემოწმების შედეგად განხორციელდა ლიცენზიების შესაბამისად კუთვნილი მოსაკრებლის თანხების დარიცხვა. გადამხდელს დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1)
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი