ბრძანება N 25750
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25750
17 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
( მის.: ---) 2023 წლის 24 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №82545/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №056-31 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
პირი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ დივიდენდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი მოგების დეკლარაცია მცდარია, ვინაიდან მასში ერთიდაიგივე თანხა ორჯერაა მითითებული შეცდომით. მომჩივნის განცხადებით, რეალურად განაწილებული მოგების ოდენობა სწორადაა ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, თუმცა შემოწმებამ იხელმძღვანელა შეცდომით წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციით და საწარმოს დამატებით დაარიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10525 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15778 ბრძანება და ამავე თარიღის №056-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 078 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 486 ლარი, ჯარიმა 2 069 ლარი, საურავი 1 523 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების ეტაპზე ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ პირს მოგების გადასახადის დეკლარაციაში შესამოწმებელ პერიოდში ასახავს 344 329 ლარის განაწილებულ მოგებას, ხოლო მის მიერ დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდია - 194 329 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაცემულ დივიდენდად დაიბეგრა მოგების გადასახადის დეკლარაციაში მითითებული განაწილებული მოგების ის მონაცემები, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 -ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული აქვს განაწილებულ მოგება (344 329 ლარი) რომელიც სრულყოფილად არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაცემული დივიდენდიდან დაიბეგრა სხვაობა, რომელიც არ იყო დაბეგრილი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
პირი არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაცემულ დივიდენდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10525 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15778 ბრძანება და ამავე თარიღის №056-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 11 078 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 486 ლარი, ჯარიმა 2 069 ლარი, საურავი 1 523 ლარი.
გადაწყვეტილება
წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 97; 981; 130; 154; 43.