ბრძანება N 25555

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2026
№ დოკუმენტი 25555
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25555

06 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 97) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) N 105145/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 სექტემბრის N 007-262 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის N 15039 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 21 სექტემბერს გამოსცა N 20744 ბრძანება და N 007-262 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 46 945 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 618 ლარი;

დღგ - 1 065 ლარი;

ქონების გადასახადი - 30 553 ლარი;

ჯარიმა - 10 498 ლარი;

საურავი - 4 829 ლარი;.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მარცვალსაცავის გაქირავება. აღნიშნული მარცვალსაცავის აშენების ხელშეწყობა განხორციელდა ა(ა)იპ ----- მიერ 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის: კომპონენტი - შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით. ხელშეკრულების მიხედვით თანადაფინანსების თანხაა 498 000 ლარი, ასევე ა(ა)იპ ----- ხელშეწყობით შედგა მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის, ბიზნეს კრედიტის თანხა შეადგენს 545 000 ლარს. მარცვალსაცავის მშენებლობის მიზნით შპს „-----“-მა (ს/ნ ----- ) ითანამშრომლა შპს ,,-----“-თან (ს/ნ ----- ). წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, შპს „-----“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 246 000 ლარი. შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მარცვალსაცავი ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2024 წლის 3 დეკემბერს. ექსპლუატაციაში მიღების თარიღიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „-----“-ის მიერ აღნიშნული ქონების ფაქტობრივი გამოყენება არ განხორციელებულა, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან მარცვალსაცავი გაცემულია იჯარით და გამოიყენება შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით 2024 წლის საგადასახადო პერიოდისათვის ქონების გადასახადი დარიცხულია მარცვალსაცავის დაუმთავრებელ მშენებლობაზე, ხოლო 2025 წლის საგადასახადო პერიოდისათვის — ექსპლუატაციაში მიღებულ მარცვალსაცავზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში ფიქსირდება სხვა ძირითადი საშუალებები და ტექნიკა. ამასთან, შემოწმების ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ შპს „-----“ არ გააჩნია შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და არც მის მიერ წარმოებული/მოყვანილი სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია, რის გამოც აღნიშნული ქონება უშუალოდ შპს „------" -ის მიერ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენებოდა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ქონების გადასახადსა და შემოწმებით დადგენილს შორის და განისაზღვრა შესაბამისი ქონების გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). შესაბამისად, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია: „სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა.“ საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს არცერთ ნორმას ან დათქმას, რომლის მიხედვითაც სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის დროებითი უმოქმედობა, სეზონური მოცდენა ან საწარმოო/ინფრასტრუქტურული მზადყოფნის პროცესში შეფერხება იწვევს საგადასახადო შეღავათის გაუქმებას. სოფლის მეურნეობის სექტორს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა და ციკლურობა. ტექნიკის დანიშნულება და სტატუსი განისაზღვრება მისი ტექნიკური მახასიათებლებითა და ფუნქციური დანიშნულებით. აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკა გამოყენებული იქნა არასასოფლო - სამეურნეო (მაგალითად, სამშენებლო, სატრანსპორტო ან კომერციული) მიზნით. ტექნიკას არ შეუცვლია პროფილი. საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ტექნიკის დროებითი გაჩერება არ ნიშნავს მის გამოყვანას აგრარული სფეროდან.

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გარიგების ფორმასა და შინაარსს შორის შეუსაბამობისას შეცვალოს გარიგების კვალიფიკაცია მისი ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე. აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა მხარეთა წარმოდგენილი განმარტების დოკუმენტში მექანიკურად დაშვებული ტერმინოლოგიური შეცდომით (სიტყვა „იჯარა“) და არ გამოიკვლია ურთიერთობის რეალური ფაქტობრივი შინაარსი. მარცვალსაცავის კომპლექსი შედგება 2 დამოუკიდებელი სილოსისაგან (ბუნკერისაგან). დამკვეთის (კლიენტის) მიერ დაკავებულ იქნა მხოლოდ ერთი ბუნკერი, ხოლო მთლიან ინფრასტრუქტურასა და ტერიტორიაზე ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი შეინარჩუნა შპს „----- “. დამკვეთ მხარეს არ გააჩნია მარცვალსაცავის სპეციფიკური ტექნოლოგიური აგრეგატების (ვენტილაცია, ტემპერატურული რეჟიმები, ჩატვირთვა - გადმოტვირთვის მექანიზმები) მართვის ცოდნა და პერსონალი. სპეციფიკურ ტექნოლოგიურ პროცესს, მარცვლეულის მიღებას, შენახვასა და დამუშავებას სრულად ახორციელებს შპს „-----“-ის პერსონალი. შესაბამისად, სახეზეა არა ქონების იჯარით გადაცემა (პასიური შემოსავლის მიღება), არამედ შპს „-----“-ის მიერ საკუთარი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის შენახვა - გადამუშავების აგრარული მომსახურების გაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის, მე-41 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 (სამი) საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის პირველი აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა 2019 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მდებარე: ----- საკადასტრო რუკაზე ასახული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს დასახლებულ ტერიტორიაზე და თავისი ფაქტობრივი მდებარეობიდან გამომდინარე, არ გამოიყენებოდა სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად. ამასთან, მის საკუთრებაში არსებულ მარცვალსაცავს იჯარით გასცემდა ფიზიკურ პირ ----- (პ/ნ ----- ), 2026 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მოიჯარისგან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით დადასტურდა მარცვალსაცავის იჯარით გაცემის ფაქტი. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა დათვალიერება 2026 წლის 31 აგვისტოს და საწარმოს დირექტორის ახსნა - განმარტებითაც დასტურდება მარცვალსაცის იჯარით გაცემა ფიზიკურ პირზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია საწარმომ ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შედეგადაც შედგა შემოწმების აქტი და გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202; 206(ჯ);.