გადაწყვეტილება №27244/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27244/2/2026
02 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27244/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2026 წლის №8223 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 199 573.36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 113 949.03
დღგ - 56 629.28
საშემოსავლო გადასახადი - 54 563.75
ქონების გადასახადი - 2 756
ჯარიმა - 50 802.90
საურავი - 34 821.43
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა ცეცხლსასროლი, აირის და პნევმატური იარაღების, ასევე იარაღის ნაწილებისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №12655 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 1.01.2022-1.06.2025 წლების საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.06.2025 წლის ჩათვლით.
შემოწმების შედეგები აისახა 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 24.12.2025 წლის №28240 ბრძანება და ამავე თარიღის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.04.2026 წლის №8223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 მაისის №896 განკარგულების საფუძველზე 2026 წლის 8 მაისს გაფორმდა №26/159 საგადასახადო შეთანხმება ------- და შემოსავლების სამსახურს შორის. გადასახადის გადამხდელს, 2026 წლის 10 მარტის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 20 000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.