გადაწყვეტილება №20022/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 20022/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20022/2/2023

19 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20022/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №CB1455558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2023 წლის №12202 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს 27.03.2023 წლის №------- წერილის საფუძველზე გადამოწმდა ------- (პ/ნ -------) მართვის ქვეშ მყოფი „MAN”-ის მარკის სატრანსპორტო საშუალების, (სახ. №-------) გადამოწმებისას გაირკვა, რომ №------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 17,94მ3 დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №------- დასკვნის შესაბამისად დახერხილი ხე-მასალის საერთო მოცულობამ შეადგინა 23,78მ3 . შესაბამისად ხეტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა 5,84მ3 (მათ შორის ფიცარი 3,77მ3 და ძელაკი 2,07მ3 ) საბაზრო ღირებულებით 4 964 ლარი.

აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №CB1455558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.06.2023 წლის №12202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 30.03.2023 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ------- ------- მიმართულებით ახდენდა 17,94მ3 ხე-მასალის ტრანსპორტირებას. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტვირთის გადამოწმების მიზნით მოხდა მათი გაჩერება. შემოწმების შემდეგ უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო შეადგინეს დათვალიერების ოქმიც. ამის შემდეგ სხვა ადგილზე გააჩერეს ისევ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ავტომანქანა გადაყვანილი იქნა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ------- განყოფილების ეზოში და იქ მოხდა გადამოწმება. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაზე დატვირთული მასალა არ შეესაბამებოდა ზედნადებში არსებულ რაოდენობას. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა ზედმეტი მასალის ჩამორთმევა და დაჯარიმება 5000 ლარის ოდენობით. მომჩივნის განმარტებით, სამართალდარღვევის მიზეზი არის მანქანის მასალის დატვირთვის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომა, რადგან თავად არ იმყოფებოდა ადგილზე. მტვირთავებს გაეპარათ შეცდომა რაოდენობაში, ვინაიდან მასალა იყო სხვადასხვა სიგრძის და სისქის. გადამხდელს აღნიშნულ მასალაზე გააჩნდა წარმოშობის დოკუმენტი და მორი შეძენილი იყო აუქციონზე კანონის ფარგლებში, ითხოვს სანქციის გაუქმებას ან უკიდურეს შემთხვევაში ჯარიმის პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხზე წარმოპდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №------- წერილი საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც გაწერილი ჰქონდა N------- ხეტყის სასაქონლო ზედნადები 17,94 მ3 დახერხილ ხის მასალაზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N------- დასკვნის შესაბამისად დახერხილი ხემასალის საერთო მოცულობამ შეადგინა 23.78 მ3 . შესაბამისად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა 5,84მ3 (მათ შორის ფიცარი 3,77მ3 და ძელაკი 2,07მ3) საბაზრო ღირებულებით 4 964 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 3.04.2023 წელს შედგენილ იქნა №CB1455558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით შეეფარდა სანქცია 5 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

მომჩივნის განცხადებით სამართალდარღვევის მიზეზი არის მანქანის მასალის დატვირთვის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომა, რადგან თავად არ იმყოფებოდა ადგილზე. მტვირთავებს გაეპარათ შეცდომა რაოდენობაში, ვინაიდან მასალა იყო სხვადასხვა სიგრძის და სისქის. გადამხდელს აღნიშნულ მასალაზე გააჩნდა წარმოშობის დოკუმენტი და მორი შეძენილი იყო აუქციონზე კანონის ფარგლებში.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნაწილზე გადამოწმების დროს არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც გაწერილი ჰქონდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაზე დატვირთული მასალა არ შეესაბამებოდა ზედნადებში არსებულ რაოდენობას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით შეეფარდა სანქცია 5 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 1.06.2023 წლის №12202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნაწილზე გადამოწმების დროს არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(12)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72