ბრძანება N 12786
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12786
8 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ „------“)
(ფაქტ. მის.: „------“)
2023 წლის 15 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „ -----“-ის (ს/ნ „------“ ) №80986/1/2023 და №80988/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №CB1463839 და №CB1463844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ დანაკლისი გამოვლენილია დანართი №19-ში მითითებული ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შედარებით ფაქტობრივი აღწერის შედეგებთან. თავის მხრივ, დანართი №19 შევსებულია გარკვეული ცდომილებებით - მასში არასწორადაა მითითებული რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რაც თავის მხრივ ზრდის ინვენტარიზაციის დასაწყისისათვის ნაშთის ღირებულებას და გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას. ინვენტარიზაციამდე პერიოდში საქონლის შეძენა და რეალიზაცია მომხდარია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული პერიოდისათვის დანართი №19-ში ზედნადებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაანგარიშებულია 74%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ინვენტარიზაციამდე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენს 31%. გარდა აღნიშნული საკითხისა, გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებები განსაზღვრულია ფასებით, რომლებიც რეალურად არ გამოიყენებოდა საქონლის რეალიზაციისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გადაანგარიშებას (შემცირებას).
ფაქტების აღწერა:
როგორც სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის №392 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
შპს “------“-ის (ს/ნ „------“) დირექტორს "-----"-ს ბრძანება ჩაბარდა 2023 წლის 16 იანვარს. მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში, (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ.
შპს “------“-ის (ს/ნ -------) კუთვნილ ობიექტში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 658297 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. შპს “-------“-ის (ს/ნ ------) მიერ მიერ 2023 წლის 26 იანვრის №---- განცხადებით წარმოდგენილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19), რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული, რის გამოც დამატებით განესაზღვრა ვადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №21-ის („ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი) შესავსებად. 2023 წლის 9 თებერვლის №----- განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ ოქმი (დანართი №21), რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული.
ვინაიდან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის 16 იანვრის №392 ბრძანებით შპს “-------“-ის (ს/ნ -----) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შექმნილი იყო საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა შემადგენლობით, კომისიის მიერ მოხდა დანართი №19- ის (მისი დანართის გარეშე) და დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის 17 აგვისტოდან (რეგისტრაციის დღე) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების თანხების ჯამის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 537998.65 ლარი.
2022 წლის 17 აგვისტო – 2023 წლის 16 იანვრის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა ზედნადებების მონაცემები, რომელმაც შეადგინა 243585.69 ლარი.
ფასნამატის განსაზღვრისას ინვენტარიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი (თვითღირებულებები აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი №19-ის დანართის მიხედვით და საბაზრო ფასები აღებულ იქნა დანართი №16-ის მიხედვით), რომელმაც შეადგინა 74.09%.
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 16 იანვარი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით სულ შეადგინა 395288.18 ლარი.
პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 96718 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 121988.40 ლარი.
2023 წლის 28 მარტს შპს “------“-ს (ს/ნ ------) ელექტრონულად ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც 2023 წლის 4 აპრილს № --- განცხადებით წარმოადგინა წერილობითი პოზიცია.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ პოზიციაში არ დაეთანხმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტს, კერძოდ:
პირველ პოზიციაში აღნიშნა, რომ დანართი №19 შევსებულია ცდომილებებით, კერძოდ არასწორადაა მითითებული შეძენისა და რეალიზაციის პერიოდები, ასევე მიუთითებს რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხით არ არის შემცირებული ინვენტარიზაციის დასაწყისისათვის ნაშთის რაოდენობა.
მეორე პოზიციაში გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ფასნამატს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №17) შპს “-------“-ის (ს/ნ ------) პოზიცია დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ: ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ - გადასახადის გადამხდელთან ერთად შეესწავლათ ავანსის ა/ფაქტურით განხორციელებული ოპერაცია და შედეგების გათვალისწინებით მომხდარიყო ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობების ნაშთის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მეორე პოზიცია არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა (მის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოწოდებულ იქნა შპს “-------“-ის (ს/ნ ------) რეალიზაციის ციფრები), რასაც არ გამოუწვევია ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობების ნაშთის რაოდენობის ცვლილება
საბოლოოდ ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 121988.40 ლარი, ხოლო საშუალო ფასნამატის 74.09% -ის და დღგ-ს 18%-ის გათვალისწინებით დანაკლისის თანხამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 250600.77 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 96718 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
შპს „--------“-ის (ს/ნ -------) მიმართ 2023 წლის 27 აპრილს შედგა №CB1463839 და №CB1463844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გადაანგარიშებას (შემცირებას).
პირველ პოზიციაში აღნიშნა, რომ დანართი №19 შევსებულია ცდომილებებით, კერძოდ არასწორადაა მითითებული შეძენისა და რეალიზაციის პერიოდები, ასევე მიუთითებს რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხით არ არის შემცირებული ინვენტარიზაციის დასაწყისისათვის ნაშთის რაოდენობა.
მეორე პოზიციაში გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ - გადასახადის გადამხდელთან ერთად შეესწავლათ ავანსის ა/ფაქტურით განხორციელებული ოპერაცია და შედეგების გათვალისწინებით მომხდარიყო ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობების ნაშთის რაოდენობის განსაზღვრა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლა ,რასაც არ გამოუწვევია ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობების ნაშთის რაოდენობის ცვლილება.
საბოლოოდ ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 121988.40 ლარი, ხოლო საშუალო ფასნამატის 74.09% -ის და დღგ-ს 18%-ის გათვალისწინებით დანაკლისის თანხამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 250600.77 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 96718 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
286(4,9),269,270