ბრძანება N 24043
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24043
13 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის: ქ---)
(იურ. ---) 2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №180152/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ მან მედიაციის პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა ამავე დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები, რომლის შესწავლის მიუხედავად, მას გამოუვლინა 366477.9 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა წარდგენილი დოკუმენტების სრულყოფილად და კანონიერად შესწავლა. გადამხდელი ითხოვს მისი მიერ წარდგენილი მტკიცებულებების კანონიერად შესწავლას და აღნიშნულიდან გამომდინარე ოქმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ივნისის №13422 ბრძანების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტს დაევალა ი/მ ---ის (ს/ნ ---) (იურიდიული მის: ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეორადი საბურავების იმპორტი, რეალიზაცია. ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება ი/მ ---ს (ს/ნ ---) ჩაბარდა 2024 წლის 6 ივნისს. გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილია გასავალში. გადამხდელს აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებული არ აქვს და შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი ან/და ზედმეტობა არ გამოვლენილა. გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2024 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 6 ივნისის ჩათვლით) პერიოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა 2024 წლის იანვრის თვეში შეადგინა 156436 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებითა და საბაჟო დოკუმენტაციით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 33036.93 ლარი (2024 იანვრიდან 2024 წლის 6 ივნისის ჩათვლით). 2024 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 6 ივნისის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ, „ინფორმაცია სალაროდან GPRS & SAM“. ამდენად, 2024 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 6 ივნისის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 39870.01 ლარი. ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო მონაცემებში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, პირვანდელი ღირებულებით შეადგენს 35720.01 ლარს (ფასნამატის გარეშე), ხოლო საბაზრო ღირებულებით შეადგენს 155075 ლარს.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (2024 წლის 6 ივნისი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 180289.47 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით შეადგენდა 627778.45 ლარს, ხოლო ფასნამატი კი 267.92 პროცენტს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ იმყოფებოდა საქართველოში 2024 წლის 28 ივნისს ი/მ ---ს (ს/ნ ---) ელექტრონულად გაეგზავნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტი. აღნიშნულ პროექტს გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 8 ივლისს, რაზეც წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (რეგისტრაციის №680122-21-04 2024 წლის 17 ივლისის).
სადაც გადამხდელი არ ეთანხმებოდა ინვენტარიზაციის შედეგებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებას და მიუთითებდა, რომ გააჩნდა ტრანსპორტირების ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.
2. არ ეთანხმებოდა ნაშთს და აღნიშნავდა, რომ მითითებულია დანართში არასწორად თარიღის მიხედვით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის №72403-21-12), სხდომის ოქმი №67-ის შესაბამისად, ი/მ ----ის (ს/ნ ---) პირველი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა პოზიციაში დაფიქსირებული ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ხოლო ი/მ ---ს (ს/ნ ---) მეორე პოზიცია არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 12 აგვისტოს №134826\21-12 განცხადებით წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (საბაჟო დეკლარაციები, საკონტეინერო გადაზიდვის ხარჯები და გეზის მომსახურების საფასური).
მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა, აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება, კერძოდ, ფასნამატმა ნაცვლად 267.92 პროცენტისა შეადგინა 151.39 პროცენტი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 627778.45 ლარისა შეადგინა 366477.90 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 36647.79 ლარით, რაზეც 2024 წლის 20 აგვისტოს შედგენილ იქნა №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი სადავო №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 20 აგვისტოს. ამასთან, საჩივარზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების (შპს „----“) მეშვეობით 2024 წლის 30 ოქტომბერს. გადამხდელმა საჩივარი საფოსტო დაწესებულებაში ჩააბარა 2024 წლის 19 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 36647.79 ლარით, რაზეც 2024 წლის 20 აგვისტოს შედგენილ იქნა №CB1661756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).