ბრძანება N 24508
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24508
06 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის (ოქმი №90) სხდომაზე განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ოქტომბრის №98452/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის №042-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ სსიპ „------“ 2023 წლის 20 მარტიდან მიწოდებული აქვს 102 650 ლარის ღირებულების თივა, იონჯა და სუდანურას ტუკი. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დროს შეუმცირდა დარიცხული თანხები, თუმცა შემოწმებამ გათავისუფლებულ ბრუნვაში არ გაითვალისწინა სუდანურას ტუკის მიწოდება. შესაბამისად, ითხოვს გადაანგარიშებაში მის ჩართვას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული შემოსავლის გათვალისწინებით.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18231 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 13 აგვისტოს №18231 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-----“-ს (ს/ნ -----) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 20 007 ლარით, მათ შორის, გადასახადი 15 658 ლარი და ჯარიმა 4 349 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ოქტომბრის №042-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმებით გადაანგარიშების ფარგლებში განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და დადგინდა, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი, კერძოდ, ადგილობრივად მოყვანილი იონჯა და თივა. გადაანგარიშების ფარგლებში დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნულს შემოწმების დროს განსაზღვრული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილება არ გამოუწვევია (2023 წლის 20 მარტი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლა საკითხი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი, კერძოდ, ადგილობრივად მოყვანილი იონჯა და თივა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების ფარგლებში დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ გადაანგარიშების პროცესში სუდანურას ტუკის რეალიზაციის გათავისუფლებულ ბრუნვაში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა 102 650 ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის 42 000 ლარის ღირებულების „სუდანურა“.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით გადაანგარიშების ფარგლებში განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა და დადგინდა, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი, კერძოდ, ადგილობრივად მოყვანილი იონჯა და თივა. გადაანგარიშების ფარგლებში დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო აღნიშნულს შემოწმების დროს განსაზღვრული დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილება არ გამოუწვევია (2023 წლის 20 მარტი).
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)