გადაწყვეტილება №21640/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21640/2/2023
02 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----ი (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21640/2/2023).
დავის საგანი:
1. ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის №136-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28797 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 84 785 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 51 091
ჯარიმა - 25 546
საურავი - 8 148
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სარემონტო სამუშაოები,-----------, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 22.09.2023 წლის №23302 ბრძანება და №136-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28797 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
ფაქტების აღწერა
1. ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 29 ივლისს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან (მეწარმედ არარეგისტრირებული, არ არის დღგ-ის გადამხდელი) ხელშეკრულებით შეძენილი აქვს, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი --------ში, 12 013 კვადრატული მეტრი 1 200 000 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აღნიშნულ პირზე გაცემული აქვს ჯამურად 916 590 ლარი, მიწის ღირებულების თანხა. საგადასახადო შემოწმების პროცესში საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნის მიხედვით მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 191 000 ლარი. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გაცემულ თანხასა და ექსპერტიზის მიერ დადგენილი მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 725 590 ლარი, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მოგების გადასახადით დაბეგრილი აქვს 436 070 ლარი, როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროდან გასულ თანხასა და მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის სხვაობა, გარდა გადამხდელის მიერ დაბეგრილი თანხისა, დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასს (1 კვ.მ. - 15,9 ლარი), კერძოდ, საგადასახადო შემოწმებისას ჩატარებული მიწის ექსპერტიზის შედეგად დადგენილ საბაზრო ფასს და აღნიშნულის შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვას. მიიჩნევს, რომ იგი ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნებს. აცხადებს, რომ 2022 წლის ნოემბერში განხორციელდა წარდგენილი მოგების გადასახადების დეკლარაციების მონიტორინგი. შედეგად, გადამხდელმა მიიღო გადაწყვეტილება, ზემოთ აღნიშნული ნორმის ფარგლებში, გარიგების საბაზრო ფასად ეღიარებინა კვადრატულ მეტრზე 40 ლარი და შესაბამისად განახორციელა დეკლარაციის დაზუსტება, რომლის საფუძველზეც მოგების გადასახადით დაიბეგრა 436 070 ლარი. დამატებით დეკლარირებული გადასახადი საურავთან ერთად გადაიხადა ეტაპობრივად საბანკო კრედიტის მხარდაჭერით. უთითებს, რომ მათი ინფორმაციით, მომიჯნავე ტერიტორიაზე იგივე პერიოდში გაყიდული მსგავსი მიწების საშუალო ფასმა 1 კვადრატული მეტრზე შეადგინა 75 ლარი (საკადასტრო კოდები: ------, ------), დეკლარირება განახორციელა ზემოაღნიშნული ფასის გათვალისწინებით. კატეგორიულად არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებისას ექსპერტის მიერ დადგენილ საბაზრო ფასს (1 კვ.მ.-ის ფასი 15,9 ლარი), ვინაიდან ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.
დავის საგანია მიწის საბაზრო ფასის განსაზღვრის სიზუსტე. შემოსავლების სამსახურმა არ წარუდგინა ექსპერტის დასკვნა (თუნდაც გაცნობის მიზნით, რომლითაც მოხდა საბაზრო ფასის განსაზღვრა და ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება უტყუარია და ალტერნატივა არ გააჩნია. მის მიერ მოძიებული და დასახელებული საკადასტრო კოდებზე დაყრდნობით ეჭქვეშ აყენებს ექსპერტის გადაწყვეტილებას. მოითხოვს მიწის საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდეს მის მიერ წარმოდგენილი ანალოგების გათვალისწინებით და გადასახადის გაანგარიშება მოხდეს ობიექტური საბაზრო ფასის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს: გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან (მეწარმედ არარეგისტრირებული, არ არის დღგ-ის გადამხდელი) ხელშეკრულებით შეძენილი აქვს, სასოფლოსამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი -----ში, 12 013 კვადრატული მეტრი 1 200 000 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აღნიშნულ პირზე გაცემული აქვს ჯამურად 916 590 ლარი, მიწის ღირებულების თანხა. საგადასახადო შემოწმების პროცესში საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ექსპერტიზა. ექსპერტის დასკვნის მიხედვით მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 191 000 ლარი. ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გაცემულ თანხასა და ექსპერტიზის მიერ დადგენილი მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 725 590 ლარი, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მოგების გადასახადით დაბეგრილი აქვს 436 070 ლარი, როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა. სალაროდან გასულ თანხასა და მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის სხვაობა, გარდა გადამხდელის მიერ დაბეგრილი თანხისა, დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს (ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა სათანადო დოკუმენტი), რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების (ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასის) შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გაცემულ თანხასა და ექსპერტიზის მიერ დადგენილი მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის დადგინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული სხვაობის თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 25 546 ლარი და საურავი - 8 148 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ წარმოადგენს არგუმენტს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი; სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №23302 ბრძანება და №136-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №28797 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გაცემულ თანხასა და ექსპერტიზის მიერ დადგენილი მიწის საბაზრო ღირებულების თანხას შორის დადგინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული სხვაობის თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2); 97(1 „ა“ ); 981 (1); 269(7);