ბრძანება N 12746
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12746
07.06.2023
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(ფაქტ. მის.: „-------“ )
2023 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „ --------“) №81229/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №094-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, დარიცხულ სანქციისთან მიმართებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის N33668 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ „ --------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშეო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 აპრილის №8933 ბრძანება და ამავე თარიღის №094-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 448 907 ლარი, მათ შორის, გადასახადი 235 364 ლარი, ჯარიმა 104 259 ლარი, საურავი 109 284 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითადი საქმიანობაა კირის წარმოება. კერძოდ, საწარმო ნედლეულის (კირქვა) შეძენას ახორციელებს ადგილობრივი მომწოდებლებისგან. ამასთან, გარკვეული საწარმოო მასალა (ქვანახშირი) აქვს იმპორტირებული. რეალიზაცია ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარი შეთანხებით, სადაც განსაზღვრულია სარეალიზაციო ფასი და მისაწოდებელი კირის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი. აღნიშნული კირის წარმოება გულისხმობს ძირითადი ნედლეულის, კირქვის გამოწვას მაღალ ტემპერატურაზე. აღნიშნული წარმოების - კირის (CaO) გამოწვის პროცესში წარმოიშვება ბუნებრივი დანაკარგები, კერძოდ, კირქვის ძირითადი მინერალის - კალციტის (CaCO3) გამოწვისას ხდება ნახშირორჟანგის (CO2) აქროლვა. აღნიშნული წარმოების ბუნებრივი დანაკარგების „ჩაუმქრალი კირის წარმოებისას საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, ჩაუმქრალი კირის წარმოებისას საწარმოო დანაკარგი განსაზღვრულია 28%-ის ოდენობით. თუმცა კომპანიის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც საუბარია კირის გამოწვის ქიმიურ პროცესზე და მისი დანაკარგების ოდენობებზე, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ კირქვაში ძირითადი მინერალის - კალციტის გამოწვის შედეგად აქროლვადია 43.65% (CO2-ის სახით), შესაბამისად, რაც მეტია კირქვაში ძირითადი მინერალის - კალციტის ოდენობა მით მეტია დანაკარგი (აქროლვადი CO2), თუმცა როდესაც კირქვაში დაბალია კალციტის პროცენტული ოდენობა, შესაბამისად ნაკლებია დანაკარგი (ნაკლები CO2 ორთქლდება). ამასთან, კომპანიის წარმოების პროცესის შესწავლისას დგინდება, რომ წარმოების დანაკარგები (ჯამურად მთელი წარმოების პერიოდში) შეადგენს 43%-ს, რაც შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი მაღალი ხარისხის კირქვის გამოწვის შედეგად. თუმცა, გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციების ანალიზით იკვეთება გარემოება, რომ შეუძლებელია ყოველთვის არსებობდეს მაღალი ხარისხის კირქვა და შესაბამისად, მიღებული კირის ხარისხიც ყოველთვის არაა მაღალი (კირის ხარისხი განისაზღვრება „აქტივობის“ მაჩვენებლით, რაც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მერყეობს 80%-დან 95%-მდე). შემოწმების მიერ არაპირადაპირი მეთოდით გაანგარიშებულ იქნა დანაკარგის ოდენობები წარმოებული კირის ხარისხების პროპორციულად, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი დანაკარგის ჯამური მაჩვენებელია 38%. გადამხდელის მიერ აღრიცხული დანაკარგისა და შემოწმების მიერ გამოანგარიშებულს შორის არსებული სხვაობის თანხობრივი მაჩვენებელი შეადგენს 495 515 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დანაკარგს შორის სხვაობა შემოწმების მიერ განხილულ იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული სხვაობით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის.
ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით,საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ დანაკარგს შორის სხვაობა შემოწმების მიერ განხილულ იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული სხვაობით გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
275(2,22),269(7),270.