გადაწყვეტილება №20819/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20819/2/2023
24 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20819/2/2023).
დავის საგანი:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დღგ-ით დაბეგრილი მიღებული ბონუსის თანხა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (აფასებული ღირებულებით დაბეგრილი ქონება);
4. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-124 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21013 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 170 030,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 43 012
დღგ - 17 801
მიწა - არასასოფლო 336
მოგების გადასახადი - 2 881
საშემოსავლო გადასახადი - 1 085
ქონების გადასახადი - 20 909
ჯარიმა - 106 121
საურავი - 20 897,67
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33682 ბრძანება და №094-124 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21013 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა საბუღალტრო პროგრამა ორისის, შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტერიაში გატარებულია ისეთი შეძენები ღირებულებით - 16 330 ლარი, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. აღნიშნული შეძენები, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ საერთოდ ვერ იქნა გააზრებული ის რასაც ითხოვდა კომპანია დავების ეტაპზე, არ იქნა მოსმენილი არგუმენტაცია და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ნაცვლად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომხდარიყო თითოეულ საკითხთან მიმართებით მათი არგუმენტაციის გააზრება და უარის შემთხვევაში შესაბამისი კონტრარგუმენტების წარმოდგენა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მხოლოდ და მხოლოდ დაკოპირებული იქნა საგადასახადო კოდექსისა თუ კანონქვემდებარე აქტების შესაბამისი ნორმები და ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნის გარეშე სარეზოლუციო ნაწილში წერია რომ მათი მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული.
საჩივარში წერია კონკრეტული მიზეზები რა არასწორი არითმეტიკული გაანგარიშების გამოც მოხდა აღნიშნული ჯარიმის არასწორად დაკისრება, რის პასუხადაც შემოსავლების სამსახურმა ისე რომ საერთოდ არ გაიაზრა აღნიშნული არგუმენტაცია უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარდა ამისა შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე საერთოდ ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულებები და კონტრარგუმენტები მისი არგუმენტების საპირწონედ თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა ისე რომ ეს საერთოდ არც კი დაასაბუთა თავის გადაწყვეტილება, მისი მოთხოვნა საერთოდ არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა დარიცხული თანხების შემცირებაზე, რაც აღძრავს ეჭვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის ობიექტურობასთან მიმართებაში.
შემოწმების შედეგად კომპანიას შემოსავლების სამსახურის მიერ დაეკისრა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე მოგების გადასახადი, რაც მომჩივნისთვის სრულიად მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის არ არის წარმოდგენილი იდენტიფიცირებული კონკრეტული ხარჯები, რაზეც შემმოწმებლებმა ვერ შეძლეს დოკუმენტის მოძიება. კომპანიის ყველა ხარჯის გაწევის ოპერაცია ეყრდნობა შესაბამის დოკუმენტს, შესაბამისად კომპანიას არ გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. აღნიშნულ საკითხზე დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ იმ გარემოებით, რომ შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა კომპანიის წარმომადგენლებთან შესაბამისი კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში, შემმოწმებლის მიერ მისთვის ე.წ. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნუსხის წარმოდგენის შემთხვევაში მისი მხრიდან მიწოდებული იქნებოდა შესაბამისი ხარჯის დოკუმენტი და აღნიშნული დარიცხვა მათ მიერ ვერ განხორციელდებოდა, თუმცა როგორც უკვე აღნიშნა ასეთ კომუნიკაციას მათი მხრიდან ადგილი არ ქონია.
ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა, მიეწოდოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ნუსხა და მათი მხრიდან მოძიებულ/მოწოდებული იქნება შესაბამისი დოკუმენტაცია და აქედან გამომდინარე შეუმცირდეს არასწორად დარიცხული მოგების ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება, ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 25.09.2023 წლის ------- წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა კომუნიკაცია შპს ------- ბუღალტერთან და მოხდა თითოეული დოკუმენტალურად დაუდასტურებელი შესყიდვის მასთან უშუალოდ გავლა. ცხრილი გაგზავნილია სამსახურეობრივი ფოსტის მეშვეობით.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დღგ-ით დაბეგრილი მიღებული ბონუსის თანხა
ფაქტების აღწერა
შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“-სგან (ს/ნ -------) ბონუსის სახით მიღებული აქვს 69 657,20 ლარი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შპს „-------“ აღნიშნულ თანხაზე დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს „შპს -------“ ბონუსის სახით მიღებული აქვს თანხა. მხარეებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გამყიდველი (შპს -------) შპს ------- სთავაზობს გარკვეული სახის ბონუსს (ფასდათმობას) თუ მომჩივნის მხრიდან შესყიდული პროდუქციის მაჩვენებელი მიაღწევს გარკვეულ დონეს, აღნიშნული ნიშნულები დარეგულირებულია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შპს ------- მიერ ზემოხსენებული ბონუსის მიღების საფუძველსაც სწორედ აღნიშნული პირობა წარმოადგენდა.
მომჩივნის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ეყრდნობა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდურ მითითების (ბრძანება N207) მე-9 დანართს, რომლის მიხედვითაც თვლის, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაში, შპს ------- არ არის ვალდებული დაბეგროს ბონუსად მიღებული თანხა, ასეთ შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირება უნდა მოახდინოს გამყიდველმა მხარემ. შპს ------- ბონუსის მიღების ოპერაცია არ წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულებას. ამ შემთხვევაშიც, შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა საკითხის სიღრმისეული შესწავლა და შესაბამისად გადასახადის დარიცხვა მოხდა არასწორად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას ბონუსის დაბეგვრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღნიშნულ სადავო საკითხზე მიდგომა სამჯერ არის შეცვლილი და ითხოვა ამ ნაწილში სანქციისგან გათავისუფლება.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის საგნის ამ ნაწილში დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (აფასებული ღირებულებით დაბეგრილი ქონება)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2019-2020 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით ქონების გადასახადის ანგარიშში გამოვლინდა სხვაობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში გადასახადის გადამხდელს ასახული აქვს 2020 წელს ქონება (შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები) აფასებული ღირებულებით, რაც დეკლარაციაში ასახული არ აქვს. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რაიმე სახის ალტერნატიული დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წელს კომპანიაში აფასდა შენობისა და მანქანა-დანადგარის ღირებულება. შემმოწმებლის მიერ კი განხორციელდა ზემოხსენებული ქონების ღირებულების აფასება 2019 წელს და ქონების გადასახადის აფასებული ღირებულებიდან დარიცხვა. ამასთან რის მიხედვით, რა კრიტერიუმებითა და რა ფასებზე დაყრდნობით აფასდა ქონება შემმოწმებლების მხრიდან, მისთვის თვალსაჩინო არ არის და სრულიად გაურკვეველია. ასევე არ იქნა მოწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია 2020 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშების და შესაბამისად, თვლის რომ არასწორად მოხდა დარიცხვა ქონების გადასახადის როგორც 2019 ისე 2020 წელს.
გამომდინარე აქედან, ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა, მისი არგუმენტებისა და გაანგარიშების გათვალისწინება და შედეგად შეუმცირდეს არასწორად დარიცხული ქონების ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 25.09.2023 წლის ------- წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს 2019-2020 წლის ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები, შემოწმებით დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით ქონების გადასახადის ანგარიშში გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ სხვაობები გამოწვეულია იმით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში გადამხდელს ასახული აქვს 2020 წელს ქონება (შენობა-ნაგებობა, მანქანადანადგარები) აფასებული ღირებულებით. რაც დეკლარაციაში ასახული არ აქვს. 2019 წლის სხვაობები კი გამოვლენილია შემდეგი გარემოებით: შემოწმებამ 2018 წლის ქონების, კერძოდ, გადამხდელის ქონების ღირებულება (შენობა-ნაგებობები) განისაზღვრა მსგავსი ან იდენტური ქონების საბაზრო ფასის შესაბამისად. რაც ასახულია 2018 წლის შემოწმების აქტში. გადამხდელმა აღნიშნული საკითხი გაასაჩივრა, შემოსავლების სამსახურმა დაავალა წარმოედგინა ექპერტიზის დასკვნა რეალურ ღირებულებაზე, თუმცა გადამხდელის მიერ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი, რის გამოც უცვლელი დარჩა 2018 წლის შემოწმებით განსაზღვრული ქონების ღირებულება. 2019 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშებისას საწყის საბალანსო ღირებულებად აღებული იქნა შემოწმებით 2018 წლის საბოლოო საბალანსო ღირებულება.
ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი
ფაქტების აღწერა
2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს სასაწყობე ფართში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფების შედარება, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი 876 007 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს საგადასახადო კოდექსის 983 და 160-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ობიექტზე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფების შედარება. კერძოდ, შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის მიერ ჩამოწერილი (წარმოებაში გადატანილი) სმფ-ების თვითღირებულება. საბოლოო ნაშთის ანგარიში დაეყრდნო შემდეგ ინფორმაციას: სმფ-ების საწყის ნაშთად აღებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საწყისი ნაშთის შესახებ, რომელსაც დაემატა მის მიერ განხორციელებული ელექტრონული შეძენების თვითღირებულება (საბაჟო და ადგილობრივი შეძენა) და შემცირდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულებით, რომელიც დაეყრდნო გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვებს. ამ გზით მიღებული სმფების ბუღალტრული ნაშთი შემცირდა გადამხდელის მიერ 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით წარმოებაში გადატანილი სმფ-ების თვითღირებულებით. აღნიშნული ანგარიშის შედეგად, მიღებულ იქნა ბუღალტრული ნაშთის ღირებულება, რომლის მეტობამ სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტიურ ნაშთან შედარებით შეადგინა - 876 007 ლარი, რომელიც შემოწმებით განხილულ იქნა დანაკლისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%- ის ოდენობით.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მომჩივნის სასაწყობე ფართში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც კომპანიას შემმოწმებლებმა გამოუვლინეს დანაკლისი და დააკისრეს გადასახდელი ჯარიმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივნის მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნა მოწოდებული შესაბამისი ინვენტარიზაციის აქტი. მიეწოდა მხოლოდ გაანგარიშების ექსელის ფაილი, რომელიც გაანგარიშებულია რიგი უზუსტობებითა და შეცდომებით და არ იძლევა არანაირი ანალიზის საშუალებას. ექსელის ფაილები შეიცავს როგორც მექანიკურ შეცდომებს ასევე ინფორმაციულ უზუსტობებს. აღნიშნული ინფორმაციის ამგვარი უზუსტობა კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა შესაბამისი ინფორმაციის მისგან გამოთხოვა და მათთან შეჯერება. მისთვის სრულიად გაუგებარი და ბუნდოვანია ის რიცხვითი მაჩვენებელები, რაც შემმოწმებლების მიერ იქნა გამოყენებული დანაკლისის გაანგარიშების მიზნით. ამასთან მის მიერ, გაანგარიშებული დანაკლისის იგივე მაჩვენებელი არის გაცილებით ნაკლები, რაც კიდევ ერთხელ მყარად უდასტურებს იმ მოსაზრებას რომ შემმოწმებლების მიერ დანაკლისის გაანგარიშება არის სრულიად არასწორი და აუცილებელია ამ ინფორმაციის თავიდან და მასთან ერთად შესწავლა და კორექტირება.
საქმე იმაშია რომ ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით მთელ რიგ საქონლის პოზიციებთან მიმართებაში საქონლის ღირებულებაში მითითებული თანხა არის 0. საქონელი რომელსაც არ აქვს მითითებული ღირებულება ძირითადად წარმოადგენს წარმოების პროცესში გამოყენებულ მასალებს რომლის რეალიზაციაც მისი კომპანიის მიერ არ ხდება. მის მიერ დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისთვის იმ საქონელთან მიმართებაში რომელის დასახელებით ასახულია ინვენტარიზაციის ოქმში მაგრამ აღნიშნული საქონელი ოქმში მითითებულია ნულოვანი ღირებულებით. ჰქონდათ კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომელთან, რომელმაც ჩაატარა ინვენტარიზაცია და სთხოვეს ახსნა იმასთან მიმართებაში თუ რატომ არ იქნა მითითებული ღირებულებები მთელი რიგი პოზიციების მასალებთან მიმართებაში რასთან დაკავშირებითაც მიიღეს პასუხი, რომ რადგან არ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია, ამიტომ ამ საქონლის ღირებულება მითითებული იქნა ნულოვანი ღირებულებით რაც არის სრული აბსურდი, ვინაიდან წარმოებაში შესაძლოა გამოიყენებოდეს უამრავი მასალა რომლის რეალიზაციას როგორც ასეთი კომპანია შესაძლოა არ ახდენდეს, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ ამ მასალებს საბაზრო ღირებულება არ გააჩნია და ამიტომაც ისინი ნულოვანი ღირებულებით უნდა იქნეს მითითებული. შედეგად ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით საქონლის ღირებულება ხელოვნურად იქნა შემცირებულია რამაც არასწორად გაზარდა დანაკლისის თანხა, რომელიც არის არარეალური და გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ იმით რომ საქონლის ღირებულება ინვენტარიზაციის აქტში ხელოვნურად არის შემცირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან მიმართებაში მას წარუდგინეს შემოსავლების სამსახურს ასეთი საქონლის პოზიციების და აჩვენეს რამდენიმე მაგალითი რომელი საქონელი იქნა მითითებული არასწორი ღირებულებით თუმცა აღნიშნულის მიუხედავათ შემოსავლების სამსახურმა საერთოდ ვერ დაასაბუთა თავისი პოზიცია და უსაფუძვლოდ გვითხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს რომ წარმოების მასალები რომელთა რეალიზაცია არ ხდება და გამოიყენება წარმოებაში არ უნდა იქნეს მითითებული ინვენტარიზაციის აქტში ნულოვანი ღირებულებით, ვინაიდან ამ საქონელს გააჩნია შესაბამისი საბაზრო ღირებულება და მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კომპანიის მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია არ ხდება აღნიშნული საქონლის ნულოვანი ღირებულებით მითითება აქტში არის მნიშვნელოვანი შეცდომა! აღნიშნული საქონლის რეალური საბაზრო ღირებულებით მითითების შემთხვევაში არანაირი დანაკლისი აღარ ფიქსირდება რაც მიანიშნებს იმაზე რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ჯარიმის დარიცხვა მომხდარია არასწორად!
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
მომჩივანი საჩივარში წარმოადგენს ვრცელ არგუმენტებს დარიცხვის ამ ნაწილთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნავს, რომ მათ მიერ გაანგარიშებული დანაკლისი არის გაცილებით ნაკლები.
მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული/დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-124 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 106 121 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 20 897,67 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას და გარკვეული დარიცხვები გამოწვეულია მხოლოდ მექანიკური შეცდომის საფუძველზე, ითხოვს შეუმცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მე-2 დავის საგანზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და დანარჩენ ნაწილში მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21013 ბრძანება;
3. მე-2 დავის საგნის ნაწილში:
ა) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. მე-4 დავის საგნის ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დღგ-ით დაბეგრილი მიღებული ბონუსის თანხა;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (აფასებული ღირებულებით დაბეგრილი ქონება);
4. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21013 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები პირველი, მესამე და მეხუთე სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მეორე სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან;
მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული/დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მდამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მეოთხე ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-ა); 983; 105(2); 160(1-გ); 202(1); 269(7); 286(6); 275