გადაწყვეტილება №20247/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20247/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20247/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №048-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 121 807 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 690
დღგ - (-80 225)
საშემოსავლო გადასახადი - 106 915
ჯარიმა - 26 691
საურავი - 68 426
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24332 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №40677 ბრძანება და №048-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 176 137 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2.06.2022 წლის №13713 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის თანხის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა, 6.04.2023 წლის №7590 ბრძანება და №048-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 52 641 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 121 807 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანების შესაბამისად განახორციელა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ წინა საჩივარში არგუმენტირებულად განმარტა, რომ არაშესამოწმებელ პერიოდში აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი არ შეიძლება განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფაქტების დამატებით შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მეტიც, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, რათა დამატებით შეესწავლათ ფაქტები და გარემოებები.
საქონლის დანაკლისს ადგილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდამდე. და მაინც, თუ აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური დაჟინებით მოითხოვენ ეს ოპერაცია განხილულ იქნას 2018 წელს განხორციელებულ ოპერაციად, სახეზეა საქონლის დანაკლისი. მომჩივანი მიუთითებს 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-8, 983 , მე-9, 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა საწარმოს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და თუ საერთოდ დაბეგვრა უნდა განხორციელდეს, აღნიშნული უნდა შეეხოს დღგ-ის და მოგების გადასახადებს და არა საშემოსავლო გადასახადს, რადგან არ დასტურდება სმფ-ების გასავლისას კომპენსაციის მიღების ფაქტი. ასევე, მიუთითებს სიტუაციურ სახელმძღვანელო №1728-ზე, სადაც ანალოგიური სიტუაციაა განხილული და შეესაბამება მომჩივნის წინამდებარე მოთხოვნას. დარწმუნებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელოები ემსახურება გადასახადის გადამხდელებისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას და მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა გადამხდელისთვის თანაბრად. მომჩივანი ითხოვს, საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის და სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად და მოხდეს დარიცხული გადასახადების ცვლილება/შემცირება.
ამასთან, დღიდან შემოწმების დანიშვნისა, რეგულარულად თანამშრომლობდნენ აუდიტორთან, აწვდიდნენ მოთხოვნილ ინფორმაციას და განმარტებებს. შემმოწმებელი აქტში მიუთითებს, რომ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა. ამ პროგრამაში ზედმიწევნითაა ასახული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და არავითარი ეჭვის საფუძველი არ გამხდარა პროგრამაში ასახული ინფორმაცია, შემმოწმებელს არ გამოუვლენია არსებითი სხვაობები პროგრამაში ასახულ ინფორმაციასა და შემოწმების შედეგებს შორის, შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა შემცირებული ან არაზუსტი ინფორმაცია, არ გამხდარა სადავო სმფ-ების შეძენისა და რეალიზაციის შემდგომ ჩამოწერის ოპერაციები. ასევე, შემოწმების პერიოდში შემმოწმებელმა ჩაატარა მიმდინარე კონტროლის პროცედურა - საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც არ გამოვლენილა გაცხადებულ/დეკლარირებულ მონაცემებთან/ინფორმაციასთან არსებითი სხვაობა, რომლის შესახებაც შეადგინა შესაბამისი ოქმი №743679. შესაბამისად, საწარმო არის გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი, რადგან დღიდან კომპანიის არსებობისა ცდილობენ არ დაარღვიონ კანონი, ხოლო 2017 წელს დაშვებული შეცდომა გამოწვეულია მხოლოდ გადასახადი გადამხდელის გამოუცდელობითა და არცოდნით. ასევე, კომპანიის ფუნქციონირების პერიოდში არ ფიქსირდება რაიმე სამართალდარღვევა საქმის/სამეურნეო ოპერაციების არაკეთილსინდისიერად წარმოების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
მომჩივანი ითხოვს საწარმოს დოკუმენტებში დაფიქსირებულ სიდიდეებს შორის არსებული სხვაობა განხილულ იქნას როგორც საქონლის დანაკლისი და არა რეალიზაცია და დაიბეგროს შესაბამისად; 2017 წელს მომხდარი ფაქტი არ იქნას განხილული როგორც 2018 წელს დამდგარი რეალობა, გაუქმდეს დარიცხვა და გადაანგარიშდეს აქტით დარიცხული თანხები; როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანებით:
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის თანხის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში ხელახლა გაანალიზდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური შედეგების სისწორე. შედეგად, შემცირდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე კვლავ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია. შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინში 2018 წლის საწყის ნაშთად საწარმოს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ღირებულებად მიჩნეულ იქნა კომპანიის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა - 691 876 ლარი. საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 426 910 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია (შემოსავლების სამსახურში არ არის წარდგენილი შესაბამისი განცხადება და არ არის მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საწარმოს დეკლარირებული მონაცემები, გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული გადასახადები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არაშესამოწმებელ პერიოდში აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი არ შეიძლება განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფაქტების დამატებით შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მეტიც, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, რათა დამატებით შეესწავლათ ფაქტები და გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ფაქტებს ხდის სადავოდ და გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინში 2018 წლის საწყის ნაშთად საწარმოს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ღირებულებად მიჩნეულ იქნა კომპანიის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა - 691 876 ლარი. საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 426 910 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია (შემოსავლების სამსახურში არ არის წარდგენილი შესაბამისი განცხადება და არ არის მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საწარმოს დეკლარირებული მონაცემები, გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული გადასახადები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არაშესამოწმებელ პერიოდში აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი არ შეიძლება განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფაქტების დამატებით შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მეტიც, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, რათა დამატებით შეესწავლათ ფაქტები და გარემოებები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302; 304;