გადაწყვეტილება №27303/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27303/2/2026
29 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 6.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27303/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის №006-221 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18352 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 293 405.73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 125 752
დღგ - 86 804
საშემოსავლო გადასახადი - 38 948
ჯარიმა - 116 163
საურავი - 51 490.73
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.06.2023 წლის №14505 ბრძანება და №006-285 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ)ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ)დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 148 362 ლარით, მათ შორის, გადასახადი 142 199 ლარით და ჯარიმა 6 163 ლარით. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 2.07.2025 წლის №14524 ბრძანება და №006-221 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.08.2025 წლის №18352 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აგვისტოს №18352 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2025 წლის 14 აგვისტოს და გაცნობა ფიქსირდება 2025 წლის 26 ნოემბერს. ამასთან, ვინაიდან, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა საფოსტო გზავნილის მეშვეობით და ჩაბარდა 2025 წლის 3 ოქტომბერს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 23 ოქტომბერი, ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გასაჩივრებული დოკუმენტის მომჩივნისთვის საფოსტო დაწესებულების გზით ჩაბარების თარიღიდან (თუმცა გასაჩივრების ვადა დარღვეულია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობიდანაც - 2025 წლის 26 ნოემბერი), დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 6 მაისს.
მომჩივანმა 4.06.2026 წელს წარმოადგინა განცხადება (რეგისტრაციის ნომერი 92362/01), რომლითაც განმარტავს, რომ 1.08.2025 წლის საჩივარზე პასუხი ჩაბარდა 2026 წლის მაისში, ვინაიდან საქმის განხილვას სჭირდება დიდი დრო, იმედოვნებდა, რომ მის მიერ შეტანილი საჩივარი მიმდინარე იყო, რა დროსაც ჩაბარდა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სატელეფონო საუბრისას საქმის მწარმოებელმა აცნობა, რომ სისტემურ-ელექტრონულად ჩანს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მომჩივანი გაეცნო 26.11.2025 წელს, ასევე, თითქოსდა ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე და ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება უნდა გააცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, რაც არ განხორციელებულა, მიუხედავად მისი მოთხოვნისა.
მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან, სადავო აქტის გადასახადის გადამხდელზე ჩაბარება დასტურდება საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, ასევე, გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია. ასევე, დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საქართველოს მოქალაქეობის არ არსებობისა და სახელმწიფო ენის არ ცოდნის შესახებ, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია. აქედან გამომდინარე, საბჭოს არა აქვს უფლება საქართველოში ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტები ან/და სხვა სახის ურთიერთობები ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე ეჭვქვეშ დააყენოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა არ იცის სახელმწიფო ენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29382 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 148 362 ლარით, მათ შორის, გადასახადი 142 199 ლარით და ჯარიმა 6 163 ლარით. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).